სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე მისი ქვეყნისთვის დღეს ყველაზე დიდ პრობლემას ევროკავშირსა და საქართველოს შორის „გაყინული პოლიტიკური დიალოგი“ წარმოადგენს. ფაშინიანის თქმით, საქართველო სომხეთისთვის ევროკავშირისკენ მიმავალი ერთადერთი ფიზიკური და პოლიტიკური გზაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
ფაშინიანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთმა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველომ წევრობის კანდიდატის სტატუსი მოიპოვა. მისი თქმით, ამ მოვლენამ სომხეთისთვის ევროპული პერსპექტივა ხელშესახები გახადა.
„ჩვენ ველით და ვითხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს ისევე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ, სომხეთი ევროკავშირის მეგობრად და მოკავშირედ დაახასიათა. მან მადლობა გადაუხადა ფაშინიანს ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროპელი მოქალაქეების ევაკუაციაში დახმარებისთვის და აღნიშნა, რომ სომხეთი „კრიტიკულად მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ კორიდორად“ იქცა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ ახალ სტრატეგიულ დღის წესრიგზე, რომელიც დემოკრატიულ რეფორმებსა და ეკონომიკურ მდგრადობას ისახავს მიზნად.
ფაშინიანის ეს განცხადება საქართველოში მისი ოფიციალური ვიზიტიდან მალევე გაკეთდა. ფაშინიანი საქართველოს 3-4 მარტს სტუმრობდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-15 სხდომა გაიმართა. „ქართული ოცნებიდან“ მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „პროდუქტიული დისკუსიების“ დროს იმსჯელეს „ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოებაზე და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის ახალი შესაძლებლობების ათვისებაზე“.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ფაშინიანს დასავლეთთან ურთიერთობების დალაგებაში შუამავლობას სთხოვდა, რაც, მისი თქმით, ისტორიული პარადოქსია.
საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ბოლო სამი წლის განმავლობაში მკვეთრად გაუარესდა. დემოკრატიული უკუსვლის, რეპრესიული კანონების მიღებისა და პროტესტის ჩახშობის ფონზე, 2024 წლის ნოემბერში, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. იმავე პერიოდში, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. ევროკავშირის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მხოლოდ ფორმალურად ინარჩუნებს.
