სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შუამავლობით, მათ ქვეყნებს შორის მშვიდობიანი უერთიერთობების შესახებ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილე და ნათესავი დააკავეს 1.3 მლნ-ის გაფლანგვის ბრალდებით
- 3 თეა წულუკიანი ნანუკა ჟორჟოლიანს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივის
- 4 ნათესავებმა თბილისში იპოვეს ჩეჩნეთიდან ოჯახში ძალადობას გამოქცეული ქალი და მისი წაყვანა სცადეს
- 5 სტრასბურგის სასამართლომ გამოაქვეყნა კითხვები მზია ამაღლობელის საქმეზე
- 6 ახობაძის ადვოკატი: ექსპერტმა დაადასტურა, რომ ნარკოტიკის შესაფუთ მასალაზე გადატანილი იყო ნერწყვი
დეკლარაციაში საუბარია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის უკვე შეთანხმებული სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისა და რატიფიკაციისკენ სწრაფვის აუცილებლობაზე, ასევე, უმოკლეს დროში, აზერბაიჯანის ტერიტორიასა და მის ანკლავს, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის, სომხეთის ტერიტორიის გავლით სატრანსპორტო დერეფნის შექმნაზე. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება აზერბაიჯანს ნახიჩევანზე სრული წვდომის საშუალებას მისცემს „სომხეთის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით“. ტრამპის თქმით, ამ გზის განვითარების მიზნით, ერევანი ვაშინგტონთან შედის პარტნიორობაში, რომლის ვადაც 99 წლამდე შეიძლება გაგრძელდეს.
„სომხეთის რესპუბლიკა ითანამშრომლებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ურთიერთშეთანხმებულ მესამე მხარეებთან, რათა შეიქმნას კონცეპტუალური ჩარჩო პროექტისთვის „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP), რათა უზრუნველყოს სატრანსპორტო კავშირი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ვალდებულებას, რომ კეთილსინდისიერად ვიმოქმედოთ ამ მიზნის უმოკლეს დროში მისაღწევად“, - ვკითხულობთ 8 აგვისტოს, ვაშინგტონში ხელმოწერილ დოკუმენტში.
დეკლარაციის მიხედვით, მხარეები აღიარებენ, რომ საჭიროა უკეთესი მომავლისკენ მიმართული კურსის განსაზღვრა, რომელიც წარსულის კონფლიქტებისგან თავისუფალი იქნება, გაეროს წესდებისა და 1991 წლის ალმათის დეკლარაციის შესაბამისად.
„შეიქმნა პირობები, რათა ჩვენმა ქვეყნებმა საბოლოოდ დაიწყონ კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება, რომელიც დაფუძნებული იქნება საერთაშორისო საზღვრების ურღვევობასა და ტერიტორიების მოსაპოვებლად ძალის გამოყენების დაუშვებლობაზე ისეთი კონფლიქტის დასრულების შემდეგ, რომელმაც უზარმაზარი ადამიანური ტანჯვა გამოიწვია. ეს რეალობა, რომელიც გადახედვას არ ექვემდებარება და არასდროს უნდა დაექვემდებაროს, გზას უხსნის ჩვენს ორ ხალხს შორის მტრობის თავის დახურვას. ჩვენ მტკიცედ უარვყოფთ და გამოვრიცხავთ შურისძიების ნებისმიერ მცდელობას, როგორც ახლა, ასევე მომავალში“, - ნათქვამია დეკლარაციაში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის „ისტორიული სამშვიდობო შეთანხმების“ გაფორმებას აღნიშნავს. დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პრეზიდენტ ტრამპის შუამავლობით მიიღწა შეთანხმება, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტი დაასრულა.
„ეს ორივე ქვეყნისთვის შესაძლებლობაა, წინ წავიდნენ და ფოკუსირდნენ სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გამოვლენაზე, რაც სავაჭრო გარიგებებსა და კეთილდღეობას მოუტანს ამერიკელ ხალხს, როგორც სომხეთს, ასევე აზერბაიჯანს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ორივე ქვეყანას „მშვიდობის ახალ ერას“ ულოცავს.
