ფაშინიანმა პუტინთან შეხვედრაზე აზერბაიჯანთან და თურქეთთან რკინიგზის აღდგენაზე ისაუბრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ წამოჭრა სომხეთიდან აზერბაიჯანსა და თურქეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის აუცილებლობის საკითხი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

2008 წლის თებერვალში, 30-წლიანი კონცესიის ხელშეკრულების საფუძველზე, სომხეთის რკინიგზის ინფრასტრუქტურის მართვა „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“ გადაეცა. აღნიშნული კომპანია „რუსეთის რკინიგზას“ ეკუთვნის.

სომხეთისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა 22 დეკემბერს, სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. პუტინმა ფაშინიანს მადლობა გდაუხადა ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში, ასევე დსთ-ს ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაში მონაწილეობისთვის. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და რუსეთ-სომხეთს კარგი გეგმები აქვთ, მათ შორის, ლოჯისტიკური თვალსაზრისით.

„ჩვენს ბოლო შეხვედრაზე თქვენ წამოჭერით სხვადასხვა საკითხი, რომლებზეც ერთად შეგვეძლო მუშაობა. მხედველობაში მაქვს ძველი მარშრუტების აღდგენა და ახალი მარშრუტების შექმნა, რომლებიც სომხეთის საზღვრებს გახსნიან“, – განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდება და მადლობა გადაუხადა რუსულ მხარეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, მიღწეული მშვიდობა სომხეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარების ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

„რუსეთიდან სომხეთში მატარებლები უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით მოდიან, რაც, ვფიქრობ, ნამდვილად ისტორიული მოვლენაა.

როგორც უკვე აღნიშნეთ, ახალი შესაძლებლობები იხსნება - ჩვენს ქვეყანაში რკინიგზის სხვა მონაკვეთების აღდგენის დღის წესრიგიც უკვე მომწიფდა. კერძოდ, ვგულისხმობ იჯევანის, იერასხის და ახურიკის სექტორებს - ეს არის რკინიგზა, რომელიც სომხეთს აკავშირებს აზერბაიჯანთან, აზერბაიჯანის მთავარ ნაწილთან, ნახიჩევანთან და თურქეთთან.

ვერ ვიტყვი, რომ უკვე არსებობს პოლიტიკური გადაწყვეტილებები ამ რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ სიტუაცია იმდენად მომწიფდა, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო“, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც მან აღნიშნა, ამჟამად სომხეთი „ძალიან კონსტრუქციულ ორმხრივ მოლაპარაკებებს“ აწარმოებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტის, „ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელების დაწყებასთან დაკავშირებით.

„ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და შინაარსიანი ცვლილებებია ჩვენს რეგიონში. აქ ბევრი ნიუანსია, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს უკავშირდება“, – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.