საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ორჯერ თავად ესაუბრა, ერთხელ კი პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიომ „დააყენა ეს საკითხი“ ირაკლი კობახიძესთან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
- 5 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 6 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
მამა ანდრია ჯაღმაიძემ ამის შესახებ განცხადება საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში გააკეთა. გადაცემა „ერთსულოვნების დილის“ დასასრულს, წამყვანმა მას სთხოვა, ესაუბრა, თუ „რამდენად დიდი როლი შეასრულა სხვადასხვა მოძღვარმა“, რომელიც „თვეების განმავლობაში“ ქაშუეთის ტაძარში „მორგიგეობდა“.
„ჩვენ გვსაყვედურობენ ხოლმე, რომ თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირმა ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ, თითქოს საპატრიარქო დაპირისპირებულია მათთან.
პირველ რიგში, გეტყვით, რომ პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქად დანაშაული ვისაც შეიძლება ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის, მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან, ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა.
ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, ნებისმიერი ჩვენი აქტივობა პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სპეცრაზმის მიერ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევის დროს, როგორც დეკანოზმა თქვა, მოქალაქეებს ქაშუეთის ეზოში ჯაჭვად მდგარი მამები ეხმარებოდნენ და იფარებდნენ.
„რაც შეეხება იმ ღამეებს, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებული იყო ცრემლმდენი გაზით და წყლით და ბევრი კადრია ამის შესახებ - მამები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ჯაჭვად იდგნენ მამები და ამას ითვალისწინებდა სპეცრაზმი და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდა, პროტესტის მონაწილე, ყველა დაცული იყო აბსოლუტურად“, – აღნიშნა ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ციხეებში „ბევრი რამ კეთდება“.
„დაორგანიზებული გვაქვს - 30-მდე სასულიერო პირი დადის ციხეებში. ჩვენ მათ პროექტებსაც ვაწვდით, ხშირად ხდება ხოლმე ციხეში დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქის სახელით ნობათი იგზავნება. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია, მოითხოვოს მოძღვართან შეხვედრა და მორიგე მოძღვრები არიან“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 22 დეკემბერს, კითხვაზე, ხომ არ გეგმავს „ხელისუფლება, სიტუაციის განმუხტვის ან პოლიტიკური პროცესის გადატვირთვის მიზნით“, დაკავებული აქტივისტების შეწყალებას ან ამნისტიას, თქვა, რომ ასეთი რამ არ იგეგმება. „ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ასეთი გეგმა არ გვაქვს. [...] ნებისმიერი ადამიანის ციხეში ყოფნა არის ტრაგედია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება ზრუნვა პრევენციაზე და პრევენციისთვის საუკეთესო საშუალება არის სასჯელის სათანადოდ მოხდა შესაბამისი დამნაშავე პირების მიერ“, – განაცხადა კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.
