21 მარტს თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაკრძალვის წინა დღეს, დედაქალაქში ტრანსპორტის გადაადგილებაზე მასშტაბური შეზღუდვები ამოქმედდება. შეზღუდვა შეეხება როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე მუნიციპალურ ტრანსპორტსაც.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სად იკეტება მოძრაობა

21 მარტს, 15:00 საათიდან 00:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:

  • თავისუფლების მოედანი და შალვა დადიანის ქუჩა (იცვლება მოძრაობის მიმართულება);
  • რუსთაველის გამზირი - თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე;
  • რუსთაველის გამზირის დამაკავშირებელი ყველა ქუჩა;
  • მეტეხის ხიდი და ევროპის მოედანი;
  • ბარათაშვილის ხიდი და ბარათაშვილის აღმართი;
  • ქეთევან დედოფლის გამზირი - სასტუმრო „მეტეხიდან“ მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით;
  • ავლიპ ზურაბაშვილისა და თელავის ქუჩები;
  • წურწუმიას ქუჩა და ახვლედიანის მოედანი.

ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე უკვე არსებული შეზღუდვები.

ალტერნატიული მარშრუტები

შეზღუდვების პერიოდში მძღოლებს გადაადგილება შემდეგი სქემით შეეძლებათ:

სოლოლაკიდან: ნაკადი ასათიანის ქუჩის გავლით გორგასლის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებს.

ზემო ვერა: ნაკადი გადაადგილებას შეძლებს ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე ბარნოვის ქუჩიდან მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ყველა მიმდებარე ქუჩის გავლით.

კოტე აფხაზის ქუჩიდან: ავტომობილები გადაინაცვლებენ შალვა დადიანის ქუჩაზე, შემდეგ ლერმონტოვისა და მაჩაბლის ქუჩების გავლით მოხვდებიან ლეონიძის ქუჩაზე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ სოლოლაკის მიმართულებით.

ქეთევან დედოფლის გამზირი: ავტომობილები იმოძრავებენ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასამდე“, საიდანაც ბოჭორმის ქუჩის გავლით გავლენ „სოკარის“ ცენტრალური ოფისის მიმართულებით.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 2026 წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქი 47 წლის განმავლობაში ედგა სათავეში საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. მისი გარდაცვალების გამო ქვეყანაში გამოცხადებულია გლოვა.

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, ილია II-ს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სწორედ სამზადისისა და უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, თავი შეიკავონ ავტომანქანებით გადაადგილებისგან.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.