9 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის (პირველი არხის) დღის გადაცემის პირდაპირ ეთერში, „სიმღერის აკადემიის“ ბავშვთა გუნდის გამოსვლისას, 10 წლის გოგონამ გონება დაკარგა და იატაკზე დაეცა. მომხდარზე მყისიერი რეაგირება არავის მოუხდენია, მათ შორის არც ანსამბლის დამფუძნებლებს, რომლებიც ბავშვებთან ერთად მღეროდნენ. სასიმღერო ნომერი კიდევ 2 წუთზე მეტხანს, მის დასრულებამდე შეუფერხებლად გაგრძელდა. პირველი არხი და „სიმღერის აკადემია“ ამტკიცებენ, რომ ბავშვის წაქცევის ფაქტი ვერ შენიშნეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მომდევნო დღეს, 10 ივნისს, დაზარალებული ბავშვის, ანკას ბებიამ, ნინო კუხალეიშვილმა გაავრცელა:
„გუშინ ჩემი ათი წლის შვილიშვილი, ანკა, გუნდში მღეროდა და მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით, ძლიერი ხმით ეცემა. როგორც უფროსებმა მოგვიანებით აღნიშნეს, დაცემის ხმა გაიგეს. გვერდით მდგომი გოგონა ანკასკენ იხრება, მაგრამ, თითქოს ანიშნეს, რომ გაეგრძელებინათ და სიმღერაც გაგრძელდა.
სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა.
სიმღერა დასრულდა და ბავშვები დაიხარნენ არა წინასწარ განსაზღვრული წერტილისკენ, არამედ ანკას სიმაღლის მთელ პერიმეტრზე. ამას იმიტომ ვაკონკრეტებ, რომ ამ შემთხვევის ოდნავ შემამსუბუქებელი ფაქტიც კი არ არსებობს. მიუხედავად ამისა, მაინც ითქვა: დავინახეთ, რომ ბავშვი წამოჯდა, ვიფიქრეთ, არაფერი იყო და ამიტომ გავაგრძელეთო. ვერ წამოჯდა ბავშვი. ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის. თითები აქვს ნატკენი, დღეს დავასურათებთ და ყველა საჭირო კვლევა აქვს ჩანიშნული, რათა ყველაფერი ცუდი გამოირიცხოს.“
ნინო კუხალეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს ინციდენტი „უფროსების არასწორი რეაგირების შედეგია“ და არანაკლებ დამაზიანებელი იყო იმ ბავშვების ფსიქიკისთვის, რომლებიც ამ ყველაფრის მოწმენი გახდნენ. ბებია საზოგადოებას მოუწოდებს, რომ ბავშვებში ნუ ეძებენ პრობლემას, რადგან ისინი უბრალოდ ემორჩილებიან უფროსების მითითებას – „სახეზე ღიმილით უნდა იმღერონ“.
საზოგადოების მწვავე კრიტიკის საპასუხოდ, 11 ივნისს, „სიმღერის აკადემიამ“ სპეციალური განცხადება გაავრცელა და ბავშვის მიმართ გულგრილი დამოკიდებულება უარყო. აკადემიის მტკიცებით, სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო ხელმძღვანელებმა უშუალოდ წაქცევის მომენტი ვერ დაინახეს, მათ მხოლოდ დაცემის ხმა გაიგეს და „როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი“.
აღსანიშნავია, რომ ბავშვის წამოჯდომა არ დასტურდება არც პირდაპირ ეთერში გასული, არც დარბაზიდან გადაღებული და ბებიის მიერ საჯაროდ გავრცელებული კადრებით. აკადემია ასევე ამტკიცებს, რომ გვერდით მდგომმა ბავშვებმა მყისიერად მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ წაქცეულს, თუმცა არსებულ ვიდეომასალაში არც ეს ქმედება ჩანს.
ინციდენტს ოფიციალური განცხადებით ყველაზე ბოლოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“ გამოეხმაურა. მაუწყებლის განმარტებით, ეთერში გასული ვიდეომასალისა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ პავილიონში მყოფმა თანამშრომლებმა და მშობლებმა მომხდარი ფაქტი ვერ დააფიქსირეს. „პირველი არხი“ ირწმუნება, რომ დანახვის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოახდენდნენ რეაგირებას და, საჭიროების შემთხვევაში, შეწყვეტდნენ პირდაპირ ეთერს.
„ჩვენთვის არცერთი სატელევიზიო/რადიო ეთერი არ არის იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ბავშვის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. შესაბამისად, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევის დაფიქსირებისთანავე მაუწყებელი მოქმედებს შესაბამისი პროტოკოლისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით,“ – ვკითხულობთ განცხადებაში.
