„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, საქართველოში პლასტმასის მცირე ზომის ბოთლებში წყლის, წვენების, გაზირებული სასმლისა და ალკოჰოლის ჩამოსხმა 2027 წლის 1 თებერვლიდან უნდა აიკრძალოს. დადგენილება 12 მარტს მიიღეს, თუმცა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ შუალედური გადაწყვეტილებაა და შესაძლოა, აკრძალვის ვადებმა გადაიწიოს ან პირობები შეიცვალოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
კობახიძის განმარტებით, საკითხს ორი მხარე აქვს - გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობის დაცვა და ეკონომიკური ინტერესები. მისივე თქმით, პლასტიკის მოხმარება მრავალი დაავადების, მათ შორის ონკოლოგიური და ნევროლოგიური პრობლემების რისკს ზრდის, თუმცა ბიზნესის დაზარალება და პროდუქციაზე ფასების ზრდა დაუშვებელია.
„ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სექტორთან და დავპირდი მათ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ვიდრე არ გავივლით საბოლოო კონსულტაციებს. დრო ბევრია, ერთი წლის განმავლობაში შეიძლება გადავავადოთ ან შევცვალოთ ეს გადაწყვეტილება. აბსოლუტურად ღია ვართ“, - აღნიშნა კობახიძემ.
დადგენილების თანახმად, აკრძალვა პირველ ეტაპზე საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეხება, რომელთაც 2026 წლის 1-ელი ივლისიდან მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება ეზღუდებათ. რეგულაცია არ გავრცელდება 3 ლიტრზე მეტი მოცულობის სასმელ წყალსა და 20 ლიტრზე მეტი მოცულობის სხვა სასმელებზე, ასევე ექსპორტისთვის განკუთვნილ პროდუქციასა და თავდაცვისა თუ შინაგან საქმეთა სამინისტროების სპეციფიკურ საჭიროებებზე.
ახალ რეგულაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია. მისი შეფასებით, აღნიშნული აკრძალვა სასმელების ინდუსტრიას 25 წლით უკან, 2001 წელში დააბრუნებს და უამრავ მცირე მეწარმეს გააკოტრებს. ბიზნესმენი აცხადებს, რომ PET-წარმოებიდან მინის ბოთლებზე „გადაწყობა“ ტექნოლოგიურად შეუძლებელია და მილიონობით ევროს ღირებულების საწარმოო ხაზების გაუქმებას ნიშნავს.
„აკრძალვა პრევენცია არ არის. 10 წელია ვითხოვთ რეციკლირების კანონს და მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას. ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ნარჩენების შეგროვებაზე და გადამუშავებაზე, მაგრამ არა 25 წლით უკან დაბრუნებაზე. მთელ მსოფლიოში ასეთი რეგულაცია არ არსებობს, ეს სიგიჟეა“, - აცხადებს ჭყონია. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ბიზნესთან წინასწარი კონსულტაციები არ გამართულა და მინისტრის მოადგილესთან, სოლომონ პავლიაშვილთან, რომელიც მისი თქმით საკითხში ვერ ერკვევა, დიალოგში დაჯდომას არ აპირებს.
ამ ეტაპზე რეგულაციების აღსრულებაზე კონტროლი სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და შემოსავლების სამსახურს აქვთ დავალებული.
