სასამართლომ პოეტისა და მთარგმნელის, ზვიად რატიანის 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 2 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 3 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
- 4 „8 შვილის მამა ტვინის შერყევით გინდათ, რომ გამიშვათ ციხეში“- ბურჭულაძეს პატიმრობა შეეფარდა
- 5 დაზიანებად არ შეიძლება შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში გაკეთებული წარწერა – ქურდოვანიძე
- 6 ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა დააკავეს
განაჩენი მოსამართლე გიორგი გელაშვილმა დღეს, 9 ოქტომბერს გამოაცხადა. მანამდე პოეტმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა და თქვა:
„ერთმა კაცმა და მისმა მომსახურე პერსონალმა თავდაყირა დააყენა ყველაფერი. სილა იყო სიმბოლური და უნდა იყოს დასჯადი. პასუხისმგებლობას ველოდი.
თვითდასაქმებული ვარ-მეთქი, მითქვამს აქ და თვითდაპატიმრებული ხომ ვარ, ყველამ იცის.
ეს რომ ყოფილიყო გულის მოფხანა, შემეძლო სხვა ადგილი მომეძებნა, სადაც მეგონებოდა, რომ კამერები არ იყო. არც ახლა მეფხანება ენა და არც მაშინ მეფხანებოდა გული. რაც შეეხება სიძულვილს, სიძულვილი ადამიანური რაღაცაა. ვიცი პოლიციელები ჩემი თავგადასავლებიდან, რომლებიც მცემდნენ, მაყენებდნენ შეურაცხყოფას, ამ ადამიანებს ვხედავ ხოლმე და მათ შევარჩევდი, თუ სიძულვილი მამოძრავებდა. არ მაწყობდა რიგითი პოლიციელი. ასე დაფორმატდა ჩემი ემოციები. ალბათ, „ხარებას“ ვამჯობინებდი, მაგრამ იმ დროისთვის ჩრდილში ჰყავდათ გადაბმული.
2 თვით, ან თვე-ნახევრით ადრე ჩემს ნიშნულამდე, მთხოვეს „ბათუმელებმა“ მზიაზე დაწერა. ვიგრძენი, ძალიან დიდი სირცხვილი, რომ აი, დავწერე და ახლა რუსთაველზე გავალ და დიდი ალბათობით, კიდევ ერთ ჯარიმას ავირტყამ.
მზია ამაღლობელი, ერთ-ერთი ყველაზე დამსახურებული და ღირსებული ადამიანი, რომელიც ბევრმა არ იცოდა აქამდე, დაამცირეს, შეურაცხყვეს, და როცა სილა გააწნა, იმ დღიდან ვუყურებთ მის რიტუალურ მკვლელობას თქვენი სამსახურების მიერ.
შემდეგ ნინო დათაშვილი, ჩემი კოლეგა, ამ შენობაში ამ ბიჭების კოლეგებმა ათრიეს და როცა მან სილა გააწნა, დააპატიმრეს და შემდეგ რაც მოხდა, ისიც ვიცით.
ყოველ საღამოს ვნახულობდი პატიმრების მშობლებს, ერთს ვერ ნახავთ, რომ მივსალმებოდი. მრცხვენოდა.
მზია ამაღლობელმა და ნინო დათაშვილმა პოლიტიკური კონტექსტი შესძინეს სილას. რა უნდა მექნა, დამეწერა? რა დამეწერა, ამ ჩემს მეგობრებს არ სჭირდებათ ამის გასაგებად წაკითხვა.
სიძულვილი კი არა, სიყვარული იყო მიზეზი. სინდისი მაწუხებდა, როცა მეძინა სახლში, ვმუშაობდი არაფრის მომცემ ტექსტებზე, ვიყავი საყვარელ ადამიანთან, ვმეგობრობდი შვილებთან.
თქვენმა თანამშრომლებმა მსხვერპლად მიუყვანეს ახალგაზრდა ადამიანები უფროსს. ამას ვუყურებდი და ეს მაწუხებდა. რა მეტყობა მე პირადზე მზრუნველის?!
არ ვამაყობ და არც სინდისი მაწუხებს სილის გამო. ლოყის ალმურზე და ღაწვის სიწითლეზე რომ ამახვილებთ ყურადღებას, დარწმუნებული ვარ, იმ დგებუაძეებს ეს არ სიამოვნებთ. თქვენ დაიწყეთ ეს შაირი და თქვენ ამტეხეთ.
დავუშვათ, ეტკინა. პოლიციელად უფრო მედეგ ადამიანებს ვისურვებდი. მრცხვენია, რომ ქართულმა პოლიციამ, ივანიშვილმა და ამ ხროვამ, ახალი აქილევსის ქუსლი შემოიტანა - პოლიციელის ლოყა“.
ზვიად რატიანი 23 ივნისს, თბილისში, პარლამენტთან, საპროტესტო აქციაზე დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობით ემუქრებოდა. საქმეში დაზარალებულად დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსი თეიმურაზ მეშველაშვილი ცნეს. თავად პოეტი აცხადებდა, რომ პოლიციელისთვის სილის გაწვნა მისი მხრიდან სიმბოლური აქტი იყო.
საბოლოო ჯამში, მოსამართლე გიორგი გელაშვილმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გადააკვალიფიცირა და ზვიად რატიანი პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ცნო დამნაშავედ. იგივე მუხლით არის გასამართლებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც.
