პოეტ ზვიად რატიანს პატიმრობის რეჟიმი გაუმკაცრეს

პატიმრობაში მყოფი პოეტი, ზვიად რატიანი გლდანის დახურული ტიპის ციხეში გადაიყვანეს. ამის შესახებ ის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს. რატიანის თქმით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 6 აპრილს შეატყობინა, რომ როგორც „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულს“, ნახევრად ღია რეჟიმი დახურულით შეუცვალეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც პოეტი განმარტავს, მისთვის გაცილებით მტკივნეული ისაა, რომ ახალი რეჟიმის პირობებში მინიმუმამდე მცირდება ოჯახის წევრებთან შეხვედრების - როგორც ყოველთვიური ხანმოკლე, ისე წლიური ხანგრძლივი პაემნების რაოდენობა.

„მე ისედაც, დაპატიმრების პირველივე დღიდან ფაქტობრივად, დახურული წესით ვიხდი სასჯელს. მეტიც, ექვსი თეა სრულდება, რაც საერთოდაც სამარტოო საკანში ვიმყოფები. აქვე დავაზუსტებ, რომ ეს ჩემივე სურვილი იყო. არც არასდროს გამომითქვამს ღია სივრცეში გადასვლის და სხვა პატიმრებში გარევის სურვილი.

ღია კარის მტვრევა გამიგია, მაგრამ დახურულის დახურვა რა ფენომენია, აღარ ვიცი. როგორც ჩანს, დეპარტამენტის მიზანი ჩემი ისედაც შეზღუდული პაემნების კიდევ უფრო შეზღუდვა იყო და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ჩემდამი მათი მტრული დამოკიდებულება, გამოგიტყდებით, არ არის ცალმხრივი.

მაგრამ „საშიშროების მომეტებული რისკი რაღა იყო“, ეგაა საკითხავი. თანასაკნელები ისედაც არ მყავს, ციხის იმ თანამშრომლებთან, ვისთანაც მიწევდა და მიწევს ურთიერთობა, არათუ კონფლიქტი, მცირედი გაუგებრობაც არასდროს მქონია. არც მოუციათ საბაბი.

თავიდან ისიც კი დავუშვი, მექანიკური სამოხელეო შეცდომის წყალობით აღმოვჩენილიყავი „საშიშროების მომეტებული რისკის“ მსჯავრდებულთა ნუსხაში და ამ დაშვებას ლოგიკური ახსნაც თავადვე გამოვუძებნე. ვიფიქრე, ციხე პირთამდე გადაიტვირთა, ისღა დარჩენიათ, პატიმრების ნაწილს აღკვეთის რეჟიმი დაუმძიმონ და ასე შეამცირონ პაემნების საერთო რაოდენობა მეთქი.

გულუბრყვილობა იყო, ვაღიარებ, ასეთი დაშვება, რომელ მექანიკურ შეცდომაზეა ლაპარაკი, როცა დეპარტამენტის უწყებას ასეთი მინაწერი აგვირგვინებს: „საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომის ოქმი“…

რა უნდა ვთქვა? ვგიჟდები გუნდურ მუშაობაზე საიდუმლო ვითარებაში!

ყოველთვის ვერიდებოდი ჩემი პატიმრული პრობლემების საჯაროდ გამომზეურებას და ამჯერადაც ვეცადე, მიზეზი ციხეშივე მომეკითხა. სოცმუშაკის პირით შევუთვალე ადმინისტრაციას, იქნებ აეხსნათ, რა ნიშნით არ აკმაყოფილებდა ჩემი ყოფაქცევა მათ მაღალ სტანდარტებს. იმავე სოცმუშაკის პირით შემომითვალეს, ასეთი უადგილო შეკითხვით პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისთვის მიმემართა, ანუ კედლისთვის ცერცვი შემეყარა.

მაინც პოეზიასთან წილნაყარი კაცი ვარ და ჩავთვალე, რომ დახურულ რეჟიმს ღია წერილი მოუხდებოდა“, - წერს ზვიად რატიანი წერილში, რომელიც საქართველოს პენცენტრმა გამოაქვეყნა.

პოეტი მიმართავს პაატა სალიას - „ქართული ოცნების“ მთავრობის იუსტიციის მინისტრს და მისგან ითხოვს განმარტებას, თუ რატომ მიიჩნიეს იგი „საშიშროების მომეტებული რისკის მსჯავრდებულად“.

„ამხანაგი სალია იმიტომაც ავირჩიე ირიბ ადრესატად, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისნაირებს ვერჩი, ისეთებს, ვისზეც მსმენია, ოდესღაც ადამიანები იყვნენო. სამაგიეროდ, დღეს არის თევზივით, არასდროს არაფერი იცის. არ იცის, რა ხელი ჰქონდა „რუსთავი 2“-ის მიჭირხვნის საქმესთან. არ იცის, როგორ მოხვდა წულუკიანის მოღალატურ კომისიაში, არ იცის, რის სანაცვლოდ დაარქვეს მინისტრი.

გამოიჭერს ხოლმე რომელიმე რეპორტიორი:

- ბატონო პაატა, მართალია რომ ოდესღაც ადამიანი იყავით?

- არ ვიცი, ასე როგორ გიპასუხოთ, ხომ უნდა მოკითხო…

ამ წერილს, დიდი ალბათობით, დეპარტამენტის პასუხი მოჰყვება, მორიგი ბინძური ცილისწამება, რაშიც უბადლოდ არიან დახელოვნებული. გულწრფელად მაინტერესებს, ამჯერად რით გამაშავებენ, რით დაასაბუთებენ ჩემგან მომდინარე „საშიშროების მომეტებულ რისკებს“. საკნის სათვალთვალო კამერის არქივში ქექვა არაფერს მისცემთ; ეს ის შემთხვევაა, როცა გაცილებით ღრმა შემოქმედებითი გარღვევა მოეთხოვებათ. მე მჯერა მათი.

ერთს კი ვურჩევდი. ყოველთვის, როცა მორიგი ცილისწამების შესათხზავად მოკალათდებიან, ისიც ახსოვდეთ, რომ დაგინება მათივე პრეზიდენტის საყვარელი გატაცებაა, თორემ მე და ჩემნაირებს ასეთები არც გვაქვს ჩვევაში.

თუმცა, მალე მოვა დროს, როცა ყველას ყველაფრისთვის მოეკითხება და აღარც არცოდნა ჩაეთვლებათ სალიებს არცოდვად.

არც მე დავიზარებ, მოვყვე ჩემი წილი სიმართლე ბოროტებაზე, რომელთა შემსწრეც არასრული ერთი წლის მანძილზე გავხდი და ვატყობ, ჯერ სად ვარ!

თუმცა, მანამდე, ამხანაგო მინისტრო, რისკები დაიდოს!“,- ვკითხულობთ ღია წერილში.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, საშიშროების რისკის განსაზღვრისას მხედველობაში მიღებულ იქნა როგორც უშუალოდ ზვიად რატიანის „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, რომელიც შეუძლებელს ხდიდა მის განთავსებას ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში“, ისე თავად რატიანის მოთხოვნა სამარტოო საკანში განთავსების შესახებ, „რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მისი კომუნიკაცია სხვა მსჯავრდებულებთან შესაძლოა, გარკვეულ რისკს შეიცავდეს“. უწყება ხაზს უსვამს, რომ პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით წარიმართა და მსჯავრდებულს უფლება აქვს, გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროს.

ზვიად რატიანი 2025 წლის 23 ივნისს, თბილისში, პარლამენტთან, „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. მიუხედავად იმისა, რომ პოეტი თავის ქმედებას (პოლიციელისთვის სილის გაწვნას) „სიმბოლურ აქტად“ მიიჩნევდა, სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით და მას 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანალოგიური ბრალდებით არის გასამართლებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.