პოეტ ზვიად რატიანს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წარუდგინეს და დააპატიმრეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა პოეტსა და მთარგმნელს ზვიად რატიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მას საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმას ედავებიან, რაც პროკურატურის განცხადებით, სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზუსტად ამავე მუხლით არიან დაპატიმრებული „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი, მასწავლებელი და სამოქალაქო აქტივისტი ნინო დათაშვილი.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

 პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვიად რატიანი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. პოლიციამ ბრალდებული იმავე დღეს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა.

„ედავებიან, რომ მან ხელი გაარტყა დიდუბე-ჩუღურეთის სახაზო საპატრულო სამმართველოს უფროსს, თეიმურაზ მეშველაშვილს.

ზვიად რატიანი დუმილის უფლებას იყენებს“, - თქვა ადვოკატმა მარიამ პატარიძემ.

„არსად არ დავიმალები იმიტომ, რომ ყოველ საღამოს ვიდგე რუსთაველზე და ბოლომდე მივიყვანო ჩემი საქმე.

რაც შეეხება ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს, იმ საქმეში, რომელსაც მე ვემსახურები ლიტერატურაში, მეტაფორის გამეორებაც არ გვჩვევია, რა თქმა უნდა იმავეს გამეორებას არ ვაპირებ, ეს იმ ჰიპოთეზურ შემთხვევაში, აქედან რამდენიმე კვირით რომ მიშვებდნენ. ახლა არ ვარ საუკეთესო მდგომარეობაში, უკეთესადაც ვყოფილვარ, მაგრამ გააზრებული მაქვს ყველაფერი“, - თქვა ზვიად რატიანმა სასამართლო სხდომაზე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ზვიად რატიანი აქამდეც რამდენჯერმე დააკავეს. 2024 წლის 29 ნოემბრის მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ, რის შედეგადაც ჰქონდა მეხუთე მალის მოტეხილობა, გატეხილი ჰქონდა ცხვირის ძვალი და ძგიდე, ხოლო თავსა და მთელ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. 2 დეკემბერს, ზვიად რატიანს, რომელიც სასამართლოს დარბაზში საავადმყოფოდან მიიყვანეს, 8 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ზვიად რატიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს 2017 წლის 23 დეკემბერსაც და ცემეს. მას სხეულზე თერთმეტი დაზიანება ჰქონდა, თავისა და სახის არეშიც.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.