პოლიციამ ჭიათურელ მაღაროელებს პროკურატურის წინ აქცია არ ჩაატარებინა

მარიამ ნიკურაძის ფოტო

დღეს, თბილისში, საქართველოს გენერალური პროკურატურის შენობასთან, ჭიათურელ მაღაროელებსა და დაკავებულთა ოჯახის წევრებს აქცია არ ჩაატარებინეს. პოლიციამ მათ შენობის წინ შეკრების შესაძლებლობა არ მისცა და ალტერნატიულ ადგილად გზის მეორე მხარე შესთავაზა, რაზეც პროტესტის მონაწილეებმა უარი თქვეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე განმარტავს, რომ აქციის ჩასატარებლად მათ ყველა კანონიერი პროცედურა დაიცვეს და შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადებითაც მიმართეს, თუმცა პოლიციისგან არასასიამოვნო სიურპრიზი დახვდათ.

„არ გვაძლევენ უფლებას, რომ პროკურატურის წინ მითითებულ ადგილზე ჩავატაროთ საპროტესტო აქცია და გვთავაზობენ დაახლოებით 100 მეტრის მოშორებით, სადაც არის სააფთიაქო ქსელი, ბინათმშენებლობა და უზარმაზარი ხმაურია. ფაქტობრივად, აზრიც კი ეკარგება იქ საპროტესტო აქციის ჩატარებას“, - განაცხადა მიქაცაძემ.

მისივე თქმით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის გამკაცრება მიზნად ისახავს პროტესტის შინაარსის დაკარგვას, რის გამოც მაღაროელებმა გადაწყვიტეს ჭიათურაში დაბრუნებულიყვნენ.

აქციის მონაწილეები პროკურატურისგან რამდენიმე საკითხზე ითხოვენ რეაგირებას: უსამართლოდ დაპატიმრებული მაღაროელებისა და პროტესტის მონაწილეების გათავისუფლებას; სახელმწიფო აუდიტის მიერ ჭიათურაში გამოვლენილი დარღვევების, კორუფციული სქემებისა და ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვის შესწავლას; სუს-ის მიერ ჭიათურის მერიისა და „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობის მოკვლევას; ირაკლი კობახიძესა და მარიამ ქვრივიშვილთან არგუმენტირებული დებატების გამართვას ტელეეთერში.

აფხაზეთიდან დევნილი აზა ჩილაჩავა მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებს / მარიამ ნიკურაძის ფოტო

აქტივისტებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მაზანაშვილს, რომელმაც მათ თანამებრძოლებს განაჩენი 20 იანვარს გამოუტანა, დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარეებისთვის დღემდე არ ჩაუბარებია.

საქმე ეხება ოთხ ჭიათურელს, რომლებიც შუქრუთის მცხოვრებლების და მაღაროელების უფლებების დაცვისთვის იბრძოდნენ. სასამართლომ მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს 6 წლით და 3 თვით, ხოლო თენგიზ გველესიანსა და არჩილ ჭუმბურიძეს - 4 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალად „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი მაღაროს დირექტორზე ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა ედებათ.

ჭიათურაში პროტესტი განსაკუთრებით 2025 წლის თებერვალში გამწვავდა, როდესაც კომპანიამ მაღაროები გააჩერა და ათასობით ადამიანი უმუშევრად დატოვა. პარალელურად, წლები გრძელდებოდა შუქრუთელების პროტესტი, რომლებიც მანგანუმის მოპოვების შედეგად დანგრეული სახლების გამო ადეკვატურ კომპენსაციას ითხოვენ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.