პოლიციის აკადემიის სტუდენტს სახელმწიფო საიდუმლოებაზე დაშვება ექნება

„ქართული ოცნების“ პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომაზე განიხილეს კანონპროექტი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისთვის „საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების“ სტატუსის მინიჭებას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცვლილებები შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ წარადგინა. პოლიციის აკადემია, რომელიც დღეს პროფესიული სასწავლებელია, მომავალში სამწლიან საბაკალავრო პროგრამას - „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ - განახორციელებს.

„აღნიშნული ცვლილების მიზანი არის ის, რომ პოლიციელებს ჰქონდეთ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია იმისთვის, რომ საკუთარი ფუნქციები განახორციელონ“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

„ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის თქმით, აბიტურიენტი, რომელიც „საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საპოლიციო საქმის“ საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხება:

  • მიიღებს პოლიციის რიგითის წოდებას
  • დაშვება ექნება სახელმწიფო საიდუმლოებაზე
  • სწავლის პერიოდი ჩაეთვლება კალენდარულ წელთა ნამსახურობაში
  • ისწავლის უფასოდ
  • სახელმწიფო უზრუნველყოფს საცხოვრებლით, კვებითა და ფორმით
  • პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ დასაქმდება სამინისტროს სისტემაში
  • სწავლის დასრულების შემდეგ მიენიჭება ლეიტენანტის წოდება და დაუწესდება ვალდებულება, კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, იმსახუროს სამინისტროს სისტემაში

ალექსანდრე დარახველიძემ განმარტა, რა შემთხვევაში ექნება სტუდენტს სახელმწიფო საიდუმლოებაზე წვდომა: „ვინაიდან დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და გამოვლენის ერთ-ერთი მნიშვნელოლოვანი სამუშაოა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა მკაცრად გასაიდუმლოებულია ჩვენი კანონმდებლობით, მანამ, სანამ ამ საგანს გაივლის სტუდენტი, მას უნდა ჰქონდეს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე“.

სასწავლებელში ჩარიცხულებთან გაფორმდება ხელშეკრულება, სადაც სტუდენტის მატერიალური პასუხისმგებლობის საკითხიც იქნება გაწერილი.

„ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ 5-წლიანი ვალდებულება იყოს ჩადებული, ვინაიდან სამი წელი უნდა ისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, რომელსაც საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემია დაერქმევა, 3 წლის შემდეგ უკვე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ დაასაქმოს შსს-ს სისტემაში. მაქსიმალურად უნდა დავაზღვიოთ რისკები. როდესაც სახელმწიფომ ამხელა რესურსი ჩადო კონკრეტული ადამიანის აღზრდასა და მისი უნარების გამომუშავებაში, ეს რესურსი რომ არ დაიკარგოს, ბუნებრივია, გარკვეული ვალდებულებები უნდა ჩაიდოს. თუკი, ვთქვათ ის დატოვებს სისტემას, ამ შემთხვევაში, უნდა აანაზღაუროს ის ხარჯები, რაც სახელმწიფომ გასწია. ძალიან ლოგიკურია.

თუ შემოწმების შემდგომაც კიდევ გარკვეული ხარვეზები გამოიკვეთა და არ სწავლობს [სტუდენტი], აქაც გარკვეული პასუხისმგებლობა იქნება ხელშეკრულებაში გათვალისწინებული, რადგან არ უნდა გავაჩინოთ სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც, ვთქვათ, თავის დაძვრენის საშუალებას მისცემს ადამიანს ისეთ დროს, როდესაც მას შეუძლია ბოლო გამოცდა არ ჩააბაროს, პირობითად, და ამდენი ნაშრომი წყალში ჩაიყაროს ან მობილობით გადავიდეს. აქაც გარკვეული ვალდებულებები ჩაიწერება“, – განაცხადა დარახველიძემ.

საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში პირველი ნაკადის, 50-მდე სტუდენტის მიღება 2026 წლიდან იგეგმება. კანონპროექტის პირვანდელ რედაქციაში, აკადემიაში ჩარიცხვის წინაპირობად ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება წერია, თუმცა, როგორც ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, ეს შეიძლება გადაიხედოს.

განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ პოლიციის აკადემიაში შეიქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დაკომპლექტდება 10 საშტატო ერთეულით. მისი სახელფასო ფონდი წელიწადში 430 862 ლარი იქნება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.