პოლონეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმებისთვის ვიზა სავალდებულო ხდება

2026 წლის 22 აგვისტოდან პოლონეთში მუშაობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის წესები რადიკალურად იცვლება. პოლონეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველო, კოლუმბიასა და ვენესუელასთან ერთად, იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, რომელთა მოქალაქეებსაც ქვეყანაში დასაქმებისთვის სავალდებულო ვიზის აღება მოუწევთ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მოქმედი წესებით, საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში უვიზოდ ჩასვლა და მხოლოდ მუშაობის ნებართვის საფუძველზე დასაქმება შეეძლოთ. ახალი რეგულაციით, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის და ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის ერთობლივი გადაწყვეტილებით გამოიცა, ეს შესაძლებლობა უქმდება.

22 აგვისტოს შემდეგ, შესაბამისი ვიზის ქონა პოლონეთის საზღვრის გადაკვეთის აუცილებელი პირობა ხდება მათთვის, ვისი მთავარი მიზანიც შრომითი საქმიანობაა.

პოლონეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორით ასაბუთებს. პირველ რიგში, მთავრობის მიზანია, შეამციროს ქვეყანაში არალეგალურად მაცხოვრებელთა რიცხვი, აღკვეთოს არალეგალური დასაქმება და ე.წ. „ნაცრისფერი ეკონომიკის“ მასშტაბები. 2

026 წლის პირველ ნახევარში ჩატარებული შემოწმებებისას გამოვლინდა, რომ არალეგალურად დასაქმებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს წარმოადგენდნენ.

მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხოების კონტროლია. პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, 2026 წლის პირველ ნახევარში დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილ უცხოელებს შორის საქართველოს მოქალაქეები (616 პირი) მეორე ადგილზე არიან უკრაინის მოქალაქეების შემდეგ. ეს სტატისტიკა განსაკუთრებით საგულისხმოა იმის გათვალისწინებით, რომ ქართველების საერთო რაოდენობა პოლონეთში გაცილებით ნაკლებია, ვიდრე უკრაინელების. ახალი სავიზო პროცესი სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ბაზების მეშვეობით უფრო დეტალურად შეამოწმოს თითოეული აპლიკანტის ბიოგრაფია, მიგრაციული რისკები და კრიმინალური წარსული.

ახალი რეგულაცია გარკვეულ გარდამავალ პერიოდსაც ითვალისწინებს. საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც მუშაობა 22 აგვისტომდე დაიწყეს და აქვთ მოქმედი სამუშაო ნებართვა, საქმიანობის გაგრძელებას ძველი წესებით შეძლებენ. თუმცა, ეს შეღავათი დროებითია და მხოლოდ პოლონეთში მათი უვიზო ყოფნის ვადის ამოწურვამდე მოქმედებს. ამ ვადის გასვლის შემდეგ, სამუშაოს გასაგრძელებლად მათაც სავალდებულო წესით ვიზის აღება მოუწევთ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეები პოლონეთის შრომის ბაზარზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ. 2026 წლის ივნისის ბოლოს არსებული მონაცემებით, პოლონეთის სოციალური დაზღვევის სისტემაში 22 118 საქართველოს მოქალაქე იყო დარეგისტრირებული, რითაც ისინი უცხოელებს შორის მეხუთე ადგილზე არიან. შედარებისთვის, 2025 წელს საქართველოს, კოლუმბიისა და ვენესუელის მოქალაქეებზე ჯამში 39 092 სამუშაო ნებართვა გაიცა: საიდანაც აბსოლუტური უმრავლესობა (37 337) კოლუმბიელებზე მოდიოდა, ვენესუელელებზე - 1 277, ხოლო ქართველებზე - 478.

მიუხედავად მკაცრი რეგულაციებისა, ექსპერტების ნაწილი შიშობს, რომ ბიუროკრატიული ბარიერების ზრდამ შესაძლოა საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს და ადამიანები კვლავ არალეგალური დასაქმების გზების ძიებისკენ უბიძგოს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.