პრეზიდენტმა პარლამენტის არჩევნები 26 ოქტომბერს ოფიციალურად დანიშნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულება გამოსცა და არჩევნები 26 ოქტომბერს დანიშნა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღე გადაწყვეტილების მოგვიახლოვდა, დღე არჩევანის, დღე გადარჩენის.

დღეს ჩვენ საქმე არ გვაქვს ჩვეულებრივ არჩევნებთან, როცა მოქალაქე ირჩევს, თუ რომელი პოლიტიკური ძალაა მის მსოფლმხედველობასთან ყველაზე ახლოს, არამედ საქმე გვაქვს ქვეყნის მომავლის გადარჩენასთან.

ჩვენი დღევანდელი არჩევანი ეგზისტენციალურია! ეს არჩევანი მრავალი წლით განაპირობებს ქვეყნის ბედს და ამიტომაც, როგორც პრეზიდენტს, ამ არჩევნებზე ჩემი სათქმელი მაქვს. ეს რომ ჩვეულებრივი არჩევნები იყოს, სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონკურენცია - არ მექნებოდა არაფერი სათქმელი.

უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ეს ერთგვარი არჩევანი იქნება ომსა და მშვიდობას შორის!  ეს ტყუილია, რამეთუ  არჩევნებით ომის საფრთხე ვერ აღიკვეთება და არასოდეს არავინ არ ირჩევს ომს. დღეს საქართველოში არავის უნდა ომი და არავინ ამზადებს მას. იზოლაცია, შიდა დაპირისპირება, შენი პრიორიტეტების და მიზნების ბუნდოვანება კი ზრდის მტრის მადას, ანუ ომის საფრთხეს. სამაგიეროდ - მხნეობა, ერთიანობა, სიცხადე მოყვარესთან, თუ მტერთან, ყველაზე კარგი თავდაცვაა ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის კი მართალია, რომ უნდა მოვემზადოთ არჩევანისთვის, რომელიც (მე ამას ვამბობ პირველი დღიდან) რეფერენდუმის - ევროპა თუ რუსეთი, ტოლფასი იქნება.

გადასაწყვეტი გვაქვს მთავარი - ვინ ვართ, რანი ვართ, საით მივდივართ და რა გვინდა: წარსული თუ წინსვლა, თავისუფლება თუ მონობა, დიქტატურა თუ დემოკრატია, ერთპარტიული ძალაუფლება თუ მრავალპარტიული ხელისუფლება, იდენტობის დაცვა და გაძლიერება თუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, ღირსება თუ უპრინციპობა, ქრისტიანული შემწყნარებლობა თუ რუსული ძალადობა, სხვისი აუტანლობა, დამოუკიდებლობა თუ ოკუპაცია - ხილული იქნება ეს თუ უხილავი. იშვიათად თუ ჰქონია საქართველოს ისტორიაში ასეთი საშუალება, რომ საკუთარი ბედი მშვიდად, გარკვეულად, ომის და დაპირისპირების გარეშე, საკუთარი ნების გამოხატვით გადაეწყვიტა.

სწორედ იმიტომ, რომ არც ომი და არც შიდა დაპირისპირება არ გვინდა, აუცილებელია, არჩევნებით ვთქვათ სათქმელი, გამოვხატოთ ხალხის ნება, ისე ღიად და ისე ნათლად, რომ ვერავინ სცადოს ამ ნების წინააღმდეგ წასვლა - ასე შენარჩუნდება სტაბილურობა.

ეს მოითხოვს ჩვენგან სრულ მობილიზაციას, ძალით თავსმოხვეული შიშების გაფანტვას და საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება. პარტიების დიდი ნაწილი არჩევნებში ერთიანი სიით მონაწილეობას აპირებს. ამომრჩევლები ოთხი წლის ვადით საქართველოს პარლამენტის 150 დეპუტატს პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევენ.

დღეიდან წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო და საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში მთელი რიგი რეგულაციები ამოქმედდა.

 

 

 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).