გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მოლდოვის დამოუკიდებლობის 34-ე წლისთავზე კიშინიოვში ჩავიდნენ და ევროინტეგრაციის გზაზე მოლდოვას მხარდაჭერა გამოუცხადეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 სააკაშვილი: აპირებენ ხაბეიშვილის დადანაშაულებას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობაში
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 დასკვნითი სხდომის პარალელურად, ბათუმში მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია იმართება
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
„ჩვენი პირველი გზავნილია, რომ
ევროკავშირის კარი ღიაა. მთელი გულით გიწვევთ ევროკავშირში. მოლდოვა არა მხოლოდ გეოგრაფიულად, არამედ ისტორიულადაც ევროპული ოჯახის ნაწილია.
გასულ წელს ჩატარებულ რეფერენდუმში თქვენ აირჩიეთ ევროკავშირში გაწევრიანება და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ, მოლდოვას მთავრობამ მტკიცედ და წარმატებით დაიწყო საჭირო რეფორმები“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
ფრიდრიხ მერცის თქმით, გერმანია, პოლონეთი და საფრანგეთი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი ეტაპები შემოდგომაზე დაიწყოს. როგორც კანცლერმა თქვა გერმანია გააგრძელებს მოლდოვაში ექსპერტების გაგზავნას რეფორმების პოლიტიკის მხარდასაჭერად.
„ჩვენ ვუზრუნველყოფთ ხელშესახებ დახმარებას ევროპული და გერმანული ფონდებიდან - ხელმისაწვდომი ენერგომომარაგების, ასევე მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის კუთხით“, - აღნიშნა მერცმა.
გერმანიის კანცლერის თქმთ, სამი ქვეყნის ლიდერების მეორე გზავნილი მოლდოვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას ეხება:
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ როგორ ზარალდება მოლდოვა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად. ჩვენ ვიცით, როგორი შეშფოთებით ადევნებთ თვალყურს ფრონტის ხაზზე მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის ომს ყოველდღიურად. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა:
ეს ომი უნდა დასრულდეს. თქვენსავით, ჩვენც გვინდა, რომ უკრაინაში იარაღი საბოლოოდ დადუმდეს, იდეალურ შემთხვევაში დღესვე და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად. ჩვენ არ გვინდა უკრაინის კაპიტულაცია. ასეთი კაპიტულაცია რუსეთს მხოლოდ დროს მისცემს, რომელსაც პუტინი შემდეგი ომისთვის მოსამზადებლად გამოიყენებს.
სწორედ ამიტომ გვინდა და გვჭირდება ხანგრძლივი მშვიდობა. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე ჩვენს პარტნიორებთან ერთად შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. ჩვენ ამას ვაკეთებთ უკრაინისთვის და საკუთარი თავისთვის. ჩვენ ამას ვაკეთებთ მოლდოვისთვის“.
ფრიდრიხ მერცმა დასძინა, რომ რუსეთი ყოველდღიურად დაუღალავად მუშაობს, რათა ძირი გამოუთხაროს მოლდოვის თავისუფლებას, კეთილდღეობასა და მშვიდობას.
„პრეზიდენტი პუტინი, როგორც თავად ამბობს, საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს. მას სურს დროის უკან დაბრუნება. მას ასევე სურს მოლდოვას რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნება.
ამ ქვეყანაში მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში, რუსეთიდან მასშტაბური ჰიბრიდული თავდასხმების გარეშე დღე არ გადის. მოლდოვის დემოკრატია, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ, თავდასხმის ქვეშაა. თავისუფალი, ღია, ლიბერალური საზოგადოება თავდასხმის ქვეშაა“, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა.
პრეზიდენტმა სანდუმ ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ მოლდოვას „ევროპის ალტერნატივა არ აქვს“.
„თქვენი აქ ყოფნა არა მხოლოდ მოლდოვისადმი თქვენი მხარდაჭერის დასტურია, არამედ იმის, რომ ევროპული პროექტი ცოცხალია და ჩვენ მისი ნაწილი ვართ“, - თქვა მაია სანდუმ.
უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური განაცხადები 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ წარადგინეს. პირველმა ეს უკრაინამ გააკეთა. იმავე წლის ივნისში, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს შემთხვევაში კი მხოლოდ მისი ევროპული პერსპექტივა აღიარა. ამასთან, ევროკომისიამ სამივე ქვეყანას, გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლისთვის რეკომენდაციები მისცა შესასრულებლად. 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭა იმ დათქმით, რომ ქვეყანა გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამს და მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების გახსნის შესახებ. 2024 წლის ივნისში ევროკავშირმა ოფიციალურად დაიწყო უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები. იმავე წლის ნოემბერში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე მოლაპარაკების გახსნის საკითხს არ დააყენებს.
