პროკურატურამ საქართველოს უნივერსიტეტის საქმეზე გამოძიება დაიწყო

პროკურატურამ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, დავით გურგენიძის განცხადების საფუძველზე „საქართველოს უნივერსიტეტის“ საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და გაფლანგვის კვალიფიკაციით მიმდინარეობს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურის განცხადებით, დავით გურგენიძე განცხადებაში მიუთითებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სარგებლობასა და მფლობელობაში არსებული, თბილისში კოსტავას ქუჩა N77-ში მდებარე უძრავი ქონების - მიწის ნაკვეთების, მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობებისა და სპორტული მოედნების - შპს „საქართველოს უნივერსიტეტზე“ უკანონო პრივატიზების ფაქტებზე.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით 24 ოქტომბერს დაიწყო“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ პროკურატურას 17 ოქტომბერს მიმართა და „საქართველოს უნივერსიტეტის“ ქონების დაყადაღება მოითხოვა. გურგენიძის თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 22 000 კვ.მ შენობები მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის მიერ „მიტაცებულია“.

იმავე დღეს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის კონკრეტული ინფრასტრუქტურა სააკაშვილის ოჯახის წევრს 1 ლარად გადაეცა.

„საქართველოს უნივერსიტეტის რექტორის, კონსტანტინე თოფურიას თქმით, საქმეს სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია.

„აქ არასოდეს „გეპეი“ არ ახორციელებდა სასწავლო საქმიანობას, არც კვლევით საქმიანობას. ეს იყო ეკონომიკის სამინისტროს დაუმთავრებელი მშენებლობები, რომლებიც ეკონომიკის სამინისტრომ აუქციონზე გაყიდა და „საქართველოს უნივერსიტეტმა“ რამდენიმე მილიონად შეიძინა. სამართლებრივად არანაირი პერსპექტივა ამ საქმეს არ გააჩნია. „საქართველოს უნივერსიტეტის“ პოზიციები სამართლებრივად არის ძალიან მყარი. ეს ქონებები თავის დროზე აშშ-ის დახმარებით იქნა გარემონტებული და რეაბილიტირებული, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი საქართველოში, წარმოიდგინეთ, ეს იყო ცარიელი კარკასები, აქ არაფერი იყო და დღეს არის შექმნილი საუკეთესო უნივერსიტეტი. ტექნიკურ უნივერსიტეტს თავისი ბევრი ქონება აქვს, რომელიც ასევე მოუვლელია“, - განაცხადა თოფურიამ.

კერძო უნივერსიტეტის წინააღმდეგ გამოძიება უმაღლესი განათლების რეფორმის დაანონსების პარალელურად დაიწყო.

 

ამ თემაზე:

მიქანაძე: რიგ უნივერსიტეტებში შენობები გამოთავისუფლდება და მათი პრივატიზება მოხდება

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.