პროსახელისუფლებო მედიის კამპანიის შემდეგ, კომიკოს ონისე ოქრიაშვილს თავს დაესხნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი დააკავეს პოლიციაში გამოცხადების შემდეგ. თავდასხმამდე რამდენიმე დღის განმავლობაში პროსახელისუფლებო მედია - „იმედი“, POSTV და „რუსთავი 2“ იუმორისტის წინააღმდეგ ძალადობის წამახალისებელ კოორდინირებულ კამპანიას აწარმოებდნენ, მის მიერ კომედიურ პოდკასტში მწერალ ნოდარ დუმბაძის შესახებ ხუმრობის გამო. კამპანიის მთავარი გზავნილი იყო ის, თითქოს კომიკოსმა გარდაცვლილ მწერალს შეურაცხყოფა მიაყენა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროევროპული აქციების აქტიურ მონაწილეს, ონისე ოქრიაშვილს თავს 22 ივლისს, გვიან საღამოს, თბილისში, ნაქირავებ ბინასთან დაესხნენ.

თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს, როგორ უსწორდება რამდენიმე პირი ოქრიაშვილს. თავდამსხმელები მას უყვიროდნენ: „ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები შე ყ***!“.

„თავდამსხმელები სამნი ან ოთხნი იყვნენ და ისინი ცემის პროცესს ტელეფონებითაც იღებდნენ. ნოდარ დუმბაძე, ალბათ, ძალიან იამაყებდა ამ საქციელით, რომ ოთხმა ადამიანმა ჩამქოლა ჩასაფრებით...

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო სხვა კომიკოსებს, ვისაც იგივე ჩასაფრება მოუწყეს „ქართული ოცნების“ დაქირავებულმა „ტიტუშკებმა“, - თქვა კომიკოსმა კლინიკის დატოვების შემდეგ, სადაც მან გამოკვლევები ჩაიტარა.

ონისე ოქრიაშვილის მეუღლის, მარიამ სამუშიას შეფასებით, მომხდარი „ხელოვნურად აგორებული ზიზღის“ შედეგია. მისი განმარტებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მას შემდეგ რაც იუმორისტის წინააღმდეგ პროპაგანდისტული კამპანია დაიწყო, ის მუდმივად იღებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ოქრიაშვილი ჯგუფურ თავდასხმაზე საუბრობს, ამ დროისთვის მხოლოდ ერთი პირია დაკავებული.

ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა. საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ოქრიაშვილი მწერალ ნოდარ დუმბაძეს ახსენებს და უცენზურო სიტყვას იყენებს. 19 ივლისს მან განმარტა, რომ მისი სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი - „შოუში საუბარი იყო ჰიპოთეტურ და აბსურდულ პერსონაჟზე, რომელსაც შეიძლება ვინმე სძულდეს და ამ აბსურდულობის საილუსტრაციოდ მან ყველასათვის საყვარელი მწერალი დაასახელა“.

ონისე ოქრიაშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პარლამენტის დეპუტატი, დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა:

„არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა. ამდენი შეგნება თუ არ გაქვს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, არ აგინო, არ ლანძღო, შემდეგ ვერ დაგიცავს პოლიცია, იმიტომ, რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება.

ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი ცემა-ტყეპა, მაგრამ ყველას უნდა ავუხსნათ, რომ არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო. ...ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის „გაუტარებს“ ქართული საზოგადოება. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს - მანაც, მისმა საძმაკაცომ თუ სადაქალომაც და დანარჩენებმაც,“ - განაცხადა ზარქუამ.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ შეფასებით, იკვეთება მმართველი გუნდისა და მის მიერ კონტროლირებული მედიაორგანიზაციების პოლიტიკური პასუხისმგებლობაც, რომლებმაც იუმორისტი დისკრედიტაციის, დეჰუმანიზებისა და დევნის კოორდინირებული კამპანიის სამიზნე გახადეს.

SJC აღნიშნავს, რომ პროპაგანდისტული არხები მიზანმიმართულად იღებენ სამიზნეში ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილ პირებს და მათი განცხადებების კონტექსტიდან ამოგლეჯით საზოგადოებაში უარყოფითი დამოკიდებულების კულტივირებას ცდილობენ, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფიზიკურ თავდასხმამდე მიდის.

ორგანიზაციის აზრით, ძალადობის ეს ინციდენტი მხოლოდ იუმორისტულ გამოსვლას არ უკავშირდება. ონისე ოქრიაშვილი თითქმის ორი წელია აქტიურად არის ჩართული რუსთაველისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაცვის პროტესტში, ჰქონდა მნიშვნელოვანი აქტივისტური პერფორმანსები, შესაბამისად, ხელისუფლების მიზანი მისი დაშინება და გაჩუმება იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.