„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ 9 ნოემბერს გამართული მსვლელობის მონაწილეებს მიმართა, რომ პროტესტის კულმინაციური მომენტი „არალეგიტიმური პარლამენტის“ შეკრების დღეს იქნება. მისი თქმით, არჩევნების შედეგებთან შეგუება „ქვეყნის წართმეულ მომავალთან“ და მის „გარუსებასთან“ შეგუებას ნიშნავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
„განსაკუთრებით ახალგაზრდებო, მინდა გთხოვოთ, ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ბიძინა ივანიშვილს ხელიდან გამოვგლიჯოთ მიტაცებული ძალაუფლება, მიტაცებული მომავალი - ევროპული მომავალი, რომელიც თქვენ, ჩვენ, ჩვენს შვილებს და მთელ ქვეყანას მოჰპარა. ყველას ახსოვს, რამხელა ძალა გქონდათ რუსული კანონის წინააღმდეგ და დარწმუნებული ვარ, კიდევ ერთხელ აჩვენებთ მსოფლიოს, თუ რამხელა ძალა გაქვთ. რუსული სპეცოპერაციით ხელისუფლების მიტაცების შედეგად მიტაცებული ძალაუფლებისა და რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ყველაზე დიდი ძალა გაქვთ თქვენ. თქვენია ეს ქვეყანა! ეს ქვეყანა არის ახალგაზრდების, რომლებმაც მთელი მსოფლიო აალაპარაკეს, რომ ევროპის გული სწორედ თბილისში ძგერდა, რომ ევროპა თბილისიდან ლისაბონამდეა. დიახ ეს ასეა, მაგრამ ჩვენ ეს კიდევ ერთხელ უნდა ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს დაუღალავი ბრძოლით, დაუღალავი პროტესტით.
კულმინაციური მომენტი ამ პროტესტის იქნება იმ დღეს, როდესაც ივანიშვილი ეცდება შეკრიბოს არალეგიტიმური არჩევნების შედეგად არალეგიტიმურად ფორმირებული პარლამენტი.
სავარაუდოდ, მას არ ეყოფა კეთილგონიერება იმისთვის, რომ ეს არ გააკეთოს. ამიტომ ჩვენზეა, რომ არ მივცეთ უფლება, შეკრიბოს არალეგიტიმური პარლამენტი. ამ კულმინაციური მომენტისთვის დაუღალავი შრომით, მწყობრად, შეუგუებლობითა და თავდადებით აუცილებლად უნდა მოვემზადოთ და ამ დღისთვის, რომ ივანიშვილმა გაიგოს, რომ ეს ქვეყანა თქვენია, ქართველებისაა და ამ ქვეყნის გარუსებას ვერასდროს ვერ მოახერხებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ გმირთა მოედანზე, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მსვლელობის მონაწილეები შეიკრიბნენ.
საპროტესტო მსვლელობა - ლოზუნგით „არა რუსულ არჩევნებს“ - ორი ადგილიდან, მარჯანიშვილის მოედნიდან და მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტიდან“ „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველოს“ და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა. მასში პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრი თეონა აქუბარდიაც მონაწილეობდა.
როგორც „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, საზოგადოებას სჭირდება მტკიცე დოკუმენტი, ოპოზიციის წევრები პარლამენტში შესვლას აპირებენ თუ არა.
„კონკრეტული დღე როდესაც მოვა, მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი გვესაქმება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში“, - თქვა მელიამ.
ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მეათე დღეს იმართება. 21 ნოემბერია ბოლო თარიღი, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამოს და შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნოს. შესაბამისად,მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ყველაზე გვიან 1-ელ დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას პრეზიდენტი იწვევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა 53.93%-მა (1 120 011 ამომრჩეველი) ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცა. ამ შედეგის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- „კოალიცია ცვლილებისთვის“ (11.037%)
- „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ (10.164%)
- „ძლიერი საქართველო“ (8.814%)
- „გახარია საქართველოსთვის“ (7.771%)
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც მიიჩნევს, რომ არჩევნები „ტოტალურად გაყალბდა“.