28 წლის გურამ სვანიძე, რომელმაც 20 აგვისტოს, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიიყენა, კლინიკაში გარდაიცვალა. სვანიძეს კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ამ საქმეზე, 22 აგვისტოს, სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენის ბრალდებით დააკავა პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი, 24 წლის ვალერი გოზალიშვილი.
„ჩვენს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 აგვისტოს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის №8 დაწესებულებიდან - ქ. თბილისში, პ. ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გადაყვანილ იქნა ბრალდებული, რომელსაც ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროებოდა. პატიმარი მოთავსებულ იქნა ხსენებული ცენტრის მე-3 სართულზე მდებარე №308 სამედიცინო ოთახში, სადაც მასზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა უწყვეტად მიმდინარეობდა.
2022 წლის 20 აგვისტოს, 09:31 საათზე, „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ მე-3 სართულზე მდებარე დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში განთავსებული იყვნენ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტის ოფიცერი, სამსახურებრივი - საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა. გარდა აღნიშნულისა, ხსენებულმა ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი დატოვა ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე, რომლისთვისაც უნდა მიეთითებინა, რომ შესულიყო მისი განთავსების სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა განთავსების სივრცე.
ოფიცრის აღნიშნული დაუდევარი მოქმედების შედეგად, პატიმარი მიეპარა მას და შარვლის საქამრეში არსებული იარაღის შესანახი სპეციალური ბუდიდან (ე.წ. კაბურიდან) ამოაცალა სამსახურებრივი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის გამოყენებითაც განახორციელა სამი გასროლა, მათ შორის ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია“, - განაცხადა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საგამოძიებო დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა ბაჩო კვარაცხელიამ. საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.
სასამართლომ ბრალდებულ ოფიცერს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში მას 2-დან 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ერთადერთი, რისი თქმაც შემიძლია, გულწრფელად ვნანობ იმას, რაც მოხდა. უბრალოდ, როდესაც ვიცვლებოდით, ვერ წარმოვიდგენდი, რომ გარეთ ყოფილიყო, ვერ შევამჩნიე გურამ სვანიძე. ვერ დავინახე, თორემ არ დავუდგებოდი ზურგით, ახლოსაც არ მივიდოდი იარაღით. საფრთხეში ჩავიგდე საკუთარი თავიც, სამსახურიც და რა თქმა უნდა, პატიმარიც ასეთ მდგომარეობაში ჩავაყენე“, - თქვა ბრალდებულმა პროცესზე.
გურამ სვანიძის ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის ინფორმაციით, პოლიციამ სვანიძე 250 ლარის გადაუხდელობის გამო დააკავა: „ბენზინი ჩაასხა 250 ლარის, გადახდა დაავიწყდა თუ განზრახ გააკეთა, ღმერთმა უწყის. წესით, არც უნდა დაეპატიმრებინა მოსამართლეს. გირაო მოვითხოვეთ“.