ფულის გათეთრებაში ბრალდებულ ყოფილ პრემიერს, ღარიბაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

„ქართული ოცნების“ პროკურატურამ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია ედებოდა და 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. შედეგად მას 5 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ღარიბაშვილი სასამართლის სხდომათა დარბაზშივე დააკავეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაცია დღეს, 12 იანვარს, პროკურატურამ გაავრცელა:

„საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.

ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და „ქართული ოცნების“ ყოფილ თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს მილიონების გათეთრებას ედავებოდა. უწყების ინფორმაციით, დაუსაბუთებელი თანხის ძირითადი ნაწილი, 6 500 000 აშშ დოლარი, მის ბინაში 17 ოქტომბერს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად აღმოაჩინეს და ამოიღეს.

საქმის მასალების მიხედვით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად, აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნესსაქმიანობას და იღებდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, არალეგალური წარმომავლობის შემოსავლებს. უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის მიზნით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში ირაკლი ღარიბაშვილი უთითებდა ყალბ მონაცემებს, რომ თითქოს ოჯახის წევრისგან ყოველწლიურად საჩუქრად იღებდა დიდი ოდენობით თანხებს. პროკურატურის განცხადებით, ამ გზით, ლეგალურ ბრუნვაში მოექცა „კერძო ბიზნესში არალეგალურად მონაწილეობის შედეგად მიღებული“ თანხიდან 830 000 ლარი.

გარდა ამისა, საქმის მასალების მიხედვით, დაუსაბუთებელი ქონებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ირაკლი ღარიბაშვილმა 2023-2024 წლებში შეიძინა და მასთან დაკავშირებული პირის სახელზე დაარეგისტრირა 463 630 ლარად ღირებული ორი ავტომანქანა, ასევე, ოჯახის წევრის მეშვეობით 210 000 ლარად შეიძინა ერთ-ერთი კომპანიის 100% წილი, რომელშიც ჯამში 3 670 172 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. დანაშაული 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

24 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1 მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა და ქვეყნის დატოვება აუკრძალა. საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 16 დეკემბერს იყო ჩანიშნული, თუმცა პროცესი გადაიდო, რადგან, ბრალდებულის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის თქმით, პროკურატურამ საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად ვადის 12 თებერვლამდე გახანგრძლივება მოითხოვა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.