პუტინი გუნბას ენერგეტიკაში მხარდაჭერას და ორმაგი მოქალაქეობის პროგრამის გაგრძელებას დაჰპირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ახლად არჩეული პრეზიდენტი ბადრა გუნბა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 5 მარტს კრემლში მიიღო და „არჩევნებში“ გამარჯვება პირადად მიულოცა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პუტინმა გუნბას რუსეთსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობების „განსაკუთრებული ხასიათი“ შეახსენა.

„თქვენ იცით არსებული პრობლემების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიჭრას, რომელთა გადაჭრასაც ხალხი ელოდება. ვიმუშავებთ“, - განაცხადა პუტინმა.

ბადრა გუნბამ რუსეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და უთხრა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერის წყალობით „აფხაზეთის მოსახლეობას და მთლიანად რესპუბლიკას დღეს განვითარების შესაძლებლობა აქვს“.

„ჩემი მხრივ, რა თქმა უნდა, მესმის სრული პასუხისმგებლობა, რომელიც აფხაზეთის ხალხმა დამაკისრა. ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩემი სახელმწიფოებრივი საქმიანობის ფარგლებში ყოველთვის ყურადღებას ვაქცევდი პრიორიტეტებს. რა თქმა უნდა, ეს არის თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან. ჩვენ გვაქვს ისტორიული, ძმური და ეკონომიკური კავშირები, რომელთა შემდგომ განვითარებასაც ვაპირებთ“, - განაცხადა გუნბამ.

დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინის პირადი მხარდაჭერის დამსახურებაა, რომ რუსეთი აფხაზეთის ენერგოსისტემას ეხმარება.

„გასული წლის ბოლოს, ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, აფხაზეთი იძულებული გახდა შემოეღო დღე-ღამეში 11 საათამდე შეზღუდვა. თქვენი მხარდაჭერის წყალობით შევძელით ენერგოდეფიციტის პრობლემის მოგვარება, მაგრამ, სამწუხაროდ, ახლა მივედით იქამდე, რომ რესპუბლიკაში შემოსული ჰუმანიტარული ელექტროენერგიის მოცულობა პრაქტიკულად ამოიწურა. ვისარგებლებ შემთხვევით, მინდა გთხოვოთ ენერგეტიკული დეფიციტის დასრულებამდე - დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებამდე - მხარი დაუჭიროთ აფხაზეთს დამატებითი მოცულობის ჰუმანიტარული დახმარებით ჩვენი ქვეყნისთვის რთული, მწვავე პრობლემების გადასაჭრელად“, - პუტინმა გუნბას ამ თხოვნას უპასუხა: „კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ“.

ბადრა გუნბამ შეხვედრის დროს ყურადღება ორმაგი მოქალაქეობის საკითხზეც გაამახვილა. მისი თქმით, შესაბამისი შეთანხმება მხარეების მიერ რატიფიცირებულია და რჩება იმ მექანიზმის განსაზღვრა, რომლითაც შესაძლებელი იქნება აფხაზეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების დაწყება.

„იცით, რომ თქვენი მხარდაჭერით ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების 70%-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. არიან ადამიანები, რომლებმაც ვერ მოასწრეს ამ შესაძლებლობის გამოყენება“, - აღნიშნა გუნბამ.

პუტინი გუნბას დაჰპირდა, რომ მსგავსი პროგრამის განხორციელებას გააგრძელებენ.

„პრინციპში ის უკვე მომზადებულია და ჩვენ განვაგრძობთ მის განხორციელებას. ჩემს კოლეგებს შესაბამის ინსტრუქციებს მივცემ და ისინი თქვენთან ერთად იმუშავებენ იმ საკითხებზე, რომლებიც შესაძლოა ჯერ კიდევ საჭიროებს ყურადღებას, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმეს“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

5 მარტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ გუნბასა და პუტინის შეხვედრა დაგმო. ქართულმა მხარემ შეხვედრა ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად შეაფასა.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 1-ელ მარტს გაიმართა და გამარჯვებულად ბადრა გუნბა გამოცხადდა. ის კრემლის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი იყო.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, გუნბამ, რომელიც ნოემბრიდან ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობას ასრულდებდა, ამომრჩეველთა ხმდების 54.73% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა, ე.წ. ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ - 41.54%.

ვადამდელი „არჩევნები“ მას შემდეგ დაინიშნა, რაც დე ფაქტო რესპუბლიკის წინა ლიდერი, ასლან ბჟანია გასული წლის ნოემბერში, პროტესტის ფონზე გადადგა. „არჩევნების“ პირველი ტური 15 თებერვალს ჩატარდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.