პუტინი სომხეთის არჩევნებში პრორუსი პოლიტიკოსების მონაწილეობას ითხოვს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისას, ცალსახად გამოთქვა სურვილი, რომ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცეთ იმ პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობების განვითარებას ემხრობიან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ჩვენ სომხეთში ძალიან ბევრი მეგობარი გვყავს, ძალიან ბევრი. ჩვენ ეს ვიცით. რუსეთის ფედერაციაში ბევრი სომეხი ცხოვრობს. არსებობს სხვადასხვა შეფასებები, მაგრამ ჩვენი ვერსიით, ეს ორ მილიონზე მეტი ადამიანია და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა ამას რეალურად ადასტურებს. ასევე, [სომხეთში] ბევრი პოლიტიკური ძალაა, რომელიც პრორუსულია. რა თქმა უნდა, სრულიად გულახდილად გეტყვით, ისეთი დიალოგი გვაქვს, რომ ყოველთვის გულწრფელად და პირდაპირ ვსაუბრობთ. ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ყველა ამ პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკოსს შეეძლოს მონაწილეობა მიიღოს ამ შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში არჩევნების დროს“, - განაცხადა პუტინმა კრემლში, სადაც ფაშინიანს 1-ელ აპრილს შეხვდა.

როგორც ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, ბევრი პოლიტიკოსი, რუსული პასპორტის ფლობის მიუხედავად, საპატიმრო დაწესებულებებში იმყოფება: „ეს თქვენი გადაწყვეტილებაა, ჩვენ არ ვერევით. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვსურს, რომ მათ ყველას შეეძლოთ ამ შიდა პოლიტიკურ საქმეში მონაწილეობა. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს სომხეთში არჩევნები, ჩვენი საერთო განწყობა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობების მშენებლობისა და გაძლიერების მიმართულებით გაგრძელდება“, - დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

ნიკოლ ფაშინიანმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ სომხეთი დემოკრატიული ქვეყანაა და ციხეებში „პოლიტიკური პროცესის მონაწილეები“ არ იმყოფებიან. ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ საპარლამენტო არჩევნები პრემიერ-მინისტრის დე ფაქტო არჩევნებია და ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა მხოლოდ სომხეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

„სრული პატივისცემით, სომხეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის თანახმად, რუსული პასპორტის მქონე პირები არ შეიძლება იყვნენ არც პარლამენტის დეპუტატობის და არც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატები. ასე რომ, აქ არანაირი შეზღუდვა არ არსებობს“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთში საპარლამენტო არჩევნები 2026 წლის 7 ივნისს არის დაგეგმილი. მოქმედმა მმართველმა პარტიამ, „სამოქალაქო შეთანხმებამ“, ნიკოლ ფაშინიანი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინა. ოპოზიციური ბლოკის კანდიდატი სომხეთის მეორე პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანია. ამასთან, არჩევნებში მონაწილეობს რუსი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთი“, რომელიც ზოგიერთ გამოკითხვაში რეიტინგით მეორე ადგილზეა. ამჟამად კარაპეტიანი შინაპატიმრობაში იმყოფება, თუმცა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მაინც დასახელდა. როგორც მისი მხარდამჭერები აცხადებენ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტის პირველივე სხდომაზე წარადგენენ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რაც კარაპეტიანს საშუალებას მისცემს, რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავოს.

2026 წლის თებერვალში „რადიო თავისუფლებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთმა ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს რუსული დეზინფორმაციის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალური ჯგუფის გაგზავნის თხოვნით. მარტის ბოლოს სომხეთში ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი იმყოფებოდა, რომელმაც ევროკავშირის განზრახვაზე ისაუბრა - გააფართოვოს მხარდაჭერა ქვეყნის საარჩევნო პროცესების კიბერსაფრთხეებისა და დეზინფორმაციისგან დაცვის მიზნით. ევროკომისარმა პრეცედენტად მოლდოვის ბოლოდროინდელი გამოცდილება მოიყვანა, რითაც პირდაპირ გაუსვა ხაზი არჩევნებში მოსკოვის როლს. მარტა კოსის თქმით, რუსეთმა უზარმაზარი ფინანსური რესურსები ჩადო ამომრჩევლის მოსყიდვასა და სხვა საეჭვო სქემებში, რათა გავლენა მოეხდინა შედეგებზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.