„საერთოდ ვერ ვხვდები, რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ. ჩვენ ვისჯებით რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის? ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით? რუსეთი რომ არ გვინდა, მაგისთვის ვისჯებით? პუტინის დაკრულ ტაშს აქედან ტაშით რომ არ ვპასუხობთ, მაგისთვის ვისჯებით? ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს, მაგისთვის ვისჯებით?“, - განაცხადა პროევროპულ აქციებზე დაკავებულმა რეზო კიკნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
კიკნაძე, რომელსაც პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, მიიჩნევს, რომ უსამართლოდ არის დაკავებული. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მისი და კიდევ 10 დაკავებულის წინასწარ პატიმრობაში დატოვება მოითხოვა.
„მიმალვის საფრთხეო - ამ აქციებზე ყოველდღე დავდიოდი და არცერთ მომენტში ნიღაბი კი არა, პირბადე არ მკეთებია. ანუ, არასდროს სახეს არ ვმალავდი. რას უნდა დავემალო, რატომ უნდა დავემალო?! მაგასაც ვერ ვხვდები. პირიქით, მინდა ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს. შესაძლებლობა რომ მქონდეს, აქედან რომ გავიდოდი, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი, ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი, აი, მე ვარ ეს.
ჯგუფური ძალადობაო - ვერ ვხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს, ან ძალადობა ამ ბრალდებაში. არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა და არც ძალადობაში. ეს კარგი და პატრიოტი ადამიანებიც პირველად სასამართლოზე ვნახე. იქამდე შეხებაც არ მქონია არცერთთან და 50 დაჭერილიდან არცერთთან მიმოწერაც არ მაქვს, ზარიც არ მაქვს განხორციელებული, არცერთ სოციალურ ქსელში, არცერთ პლატფორმაზე სურათიც კი არ მაქვს რომელიმესთან და ერთწამიანი ვიდეოც კი არ არსებობს, რომელიც ერთად გვექნება გადაღებული.
ალბათ, მათი [პროკურორების] ერთადერთი არგუმენტი არის შემდეგი - „შენი ჩაკვრეხა რომ მნებავს, მიზეზად ისიც კმარაო“.
შეზრუდვებს რაც შეეხება, საერთოდ არ მივიჩნევ რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ. უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, რატომ უნდა ვიხადო? მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს მაქსიმუმ გადავიხდიდი. ასევე, სხვადასხვა ადგილზე მისვლა - არ მისვლასთან დაკავშირებით - ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას. დანარჩენი ნებისმიერ ადგილზე მისვლა ან, მაგალითად, ქალაქ თბილისის დატოვება შეგიძლიათ ამიკრძალოთ. არ გავალ, არ წავალ არსად“, - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.
რევაზ კიკნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი ცირკს შეადარა. მისი თქმით, პროკურატურის არგუმენტები, რის საფუძველზეც, შესაძლოა, ბრალდებულებს მრავალწლიანი პატიმრობა შეეფარდოთ, სასაცილოა.
„6 წლის მერე ცირკში არ ვყოფილვარ და არ მეგონა, 27 წლის ასაკში თუ მომიწევდა აქ ყოფნა.
ბოლოს იმას ვიტყვი, რომ დღეს მამაჩემის დაბადების დღეა, რომელიც აქ არის. მამი, გილოცავ და ბოდიში, რომ ამ უსამშობლო და არაპატრიოტი, სამშობლოს გამყიდველი ადამიანების გამო დღეს აქ მოგიწია ყოფნა“, - თქვა კიკნაძემ.
რეზო კიკნაძე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით დააკავეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება. როგორც იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში წერდა, რომ პოლიციელები სთხოვდნენ, ეთქვა, თითქოს აქციაზე ოპოზიციის ლიდერების დაფინანსებით მოქმედებდა.
კიკნაძის და კიდევ 10 დაკავებულის საქმე ერთ წარმოებად არის გაერთიანებული. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს განიხილავს.