ქართული წარმოშობის ცნობილი რუსი მწერალი, ბორის აკუნინი (გრიგორი ჩხარტიშვილი), რომელიც რუსეთის ხელისუფლებას „უცხოეთის აგენტად“ ჰყავს გამოცხადებული, გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ მორიგ მცდელობას, რუსული კანონი მიიღოს. მწერალი ამბობს, რომ საქართველოში, ხელისუფლების ინიციატივით, პუტინიზმი ცდილობს დამკვიდრებას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 2 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 3 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 4 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
„რამდენიმე ქართულმა ტელეარხმა და მედიასაშუალებამ თხოვნით მომმართა კომენტარი გამეკეთებინა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე.
ზოგადად, მე აზრს არ გამოვთქვამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების შესახებ. პირველ რიგში, მე მაქვს კომპლექსი, რომ არ ვარ „ნამდვილი ქართველი“ - ენაც კი არ ვიცი. მეორეც, მე რუსი მწერალიც ვარ და სხვის საქმეებში ყველანაირი ჩარევა, ჩვენი ძმის მხრიდან, დღევანდელ ვითარებაში „იმპერიალიზმის გამოვლინებად“ აღიქმება.
მაგრამ საქართველო ჩემთვის უცხო არ არის. მე საქართველოში დავიბადე, მე ვარ „შვილი“ და „შალვას ძე“, მე იქ ბევრი ნათესავი და მეგობარი მყავ. და ჩემთვის საგანგაშოა იმის ყურება, როგორ ეშვება დემოკრატიული ქვეყანა იმავე ფერდობზე, რომლიდანაც რუსეთი უფსკრულში ჩავარდა.
უნდა ვუფრთხოდეთ არა პოლიტიკურ ოპოზიციას და კრიტიკულ პრესას, არამედ პუტინიზმს. გეშინოდეთ არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან შემოჭრის. და ეს არის ზუსტად ის, რაც ახლა ხდება. პუტინიზმი ცდილობს თქვენს სახლში დამკვიდრებას, თქვენივე ხელისუფლების ინიციატივით. თქვენ შემდეგ თავს ვერ დააღწევთ ამ ინფილტრატორს. ის შეჭამს საქართველოს, როგორც სიმსივნე. ვიცით, გავიარეთ. თავდაპირველად „უცხოური აგენტები“, შემდეგ „მეხუთე კოლონა“, შემდეგ „ტერორისტები და ექსტრემისტები“ და შემდეგ არანაირი მეგობრები, გარდა პუტინის რუსეთისა.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება უკან, ორთავიანი არწივის ფრთებქვეშ. ქართველებო, უფლება არ მისცეთ თქვენ ეს დაგმართონ. გაუფრთხილდით თავისუფლებას“, - წერს ბორის აკუნინი სოციალურ ქსელში.
67 წლის მწერალი, რომელიც ამჟამად ლონდონში ცხოვრობს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დიდი ხნის კრიტიკოსია, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტთა სიაში“ 2024 წელს შეიყვანა. სამინისტროს განცხადებით, ამის მიზეზი გახდა ის, რომ აკუნინი უკრაინის არმიის მხარდასაჭერად „ფინანსების შეგროვებაში მონაწილეობდა“.
„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთში 2012 წელს გაჩნდა და იუსტიციის სამინისტროს მიანიჭა უფლება, „უცხოეთის აგენტებად“ აღიაროს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებენ და პოლიტიკურ საქმიანობას ეწევიან. წლების განმავლობაში შესაძლებელი გახდა „აგენტებად“ მედია ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების დარეგისტრირებაც.
რუსეთში „ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაც“ აქვთ, სადაც ბორის აკუნინი ომის კრიტიკის გამო მოხვდა და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა.
