„ბევრჯერ მიფიქრია, უზენაესი სასამართლოს გარე ფასადზე, სახურავზე ავალ და მანტიით ჩამოვიკიდებ თავს, ასე, საჯაროდ, რათა ადამიანებმა, მოქალაქეებმა დაინახონ, რომ მოსამართლემ თავი მოიკლა და მიხვდება ამით ყველა, რომ სასამართლოში ასეთი სიტუაციაა. ბევრჯერ მიფიქრია, ისეთი ზეწოლისა და სტრესის ქვეშ ვიყავი“, - უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ბესარიონ ალავიძე ვიდეოჩანაწერში, რომელიც სამი წლის წინ არის გაკეთებული, ე.წ. მოსამართლეთა კლანის მხრიდან ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
„სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს ადამიანები, ვისაც კლანს ეძახით, ყველაფერზე წამსვლელები არიან, თვითონ ისეთ სიღრმეში და დანაშაულებში არიან ჩაფლული არაერთგზის,“ - ამბობს ბესარიონ ალავიძე.
ჩანაწერი 2 ოქტომბერს იურისტმა კახა წიქარიშვილმა გაასაჯაროვა მას შემდეგ, რაც ყოფილმა მოსამართლემ საქართველო დატოვა და „მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“.
ბესარიონ ალავიძის თქმით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმე აღმოჩნდა „პირველი, სადაც ხელისუფლების ძალიან დიდი ინტერესი იყო“. ყოფილი მოსამართლის მონათხრობის მიხედვით, მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეა, სთხოვდა ძალაში დაეტოვებინა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება. დავა პატარკაციშვილების ოჯახსა და ბიზნესმენ ჯოზეფ ქეის შორის მიმდინარეობდა.
ალავიძის თქმით, როინიშვილს მოთხოვნის შესრულებაზე უარი უთხრა.
„როინიშვილმა დარეკა ვალერი ცერცვაძესთან [თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე]. ვალერი ცერცვაძესთან ვმეგობრობდი, კარგი ურთიერთობა მქონდა, იუსტიციის საბჭოდან ვიცნობდი. დამიბარა ვალერი ცერცვაძემ, ჩემთან უნდა მოხვიდეო. მივედი აპელაციაში. მითხრა, ამ საქმეში ვასიკო როინიშვილთან გქონია რაღაც პრობლემები, გაუგებრობა და რაშია საქმეო. მე ვუთხარი: სწორი გადაწყვეტილება რაც არის, მე მინდა იმის მიღება და ის სხვა აზრზეა მეთქი“, - ამბობს ალავიძე.
მისი თქმით, შემდეგ დაიბარეს მიხეილ ჩინჩალაძესთან, რომელიც უზენაეს სასამართლოში „ადმინისტრაციული პალატის თავმჯდომარე იყო და სამოქალაქო საქმესთან შეხება არ უნდა ჰქონოდა“. ბესარიონ ალავიძის თქმით, ჩინჩალაძის კაბინეტში ლევან მურუსიძე და ვალერი ცერცვაძე დახვდნენ.
„შეურაცხყოფა მომაყენეს, მითხრეს, რომ არასწორად ვიქცეოდი“, - ბესარიონ ალავიძის თქმით, ეს შეხვედრა დატოვა. ე.წ. კლანის წევრებმა მოგვიანებით ერთ-ერთ კაფეში მიიყვანეს.
„კაფეში იყვნენ ჩინჩალაძე, მურუსიძე, ცერცვაძე და როინიშვილი. ეს იყო სუფთა ქუჩური, ქურდული გარჩევა. იქ მითხრეს, პირდაპირ ასე გააჟღერეს, რომ რიგი არის ახლა ჩვენი, პროკურატურაში პრობლემები გვაქვს, განცხადებები და საჩივრებია დაწერილი და შეიძლება ყველა დაგვიჭირონო. ამიტომ ამ საქმეს თუ არ გავაკეთებთ, პრობლემები შეგვექმნებაო. ვუთხარი, მე არაფერს არ გავაკეთებდი. რაც სწორია, იმ გადაწყვეტილებას მივიღებ მეთქი. საუბრისას ჩინჩალაძემ მკითხა - რა გინდა თქვა, ვინმე ახდენს შენზე ზეწოლასო? ვუთხარი, კი, შენ ახდენ ჩემზე ზეწოლას და უკანონოდ ერევი, რა გადაწყვეტილება უნდა მივიღო მეთქი“, - ამბობს ყოფილი მოსამართლე.
ბესარიონ ალავიძის თქმით, ამის შემდეგ მას მეორედ დაურეკა ვალერიან ცერცვაძემ, რომელმაც იგივე კაფეში შეხვედრა შესთავაზა.
„მარტო შემხვდა და მარტო მიხსნიდა, რომ საერთოდ ყველაფრიდან ჩამხსნიდნენ, იუსტიციის სკოლაში მომხსნიდნენ ლექციებიდან, გარიყული ვიქნებოდი სასამართლო კოლექტივში, არავინ მომესალმებოდა, დაცული არ ვიქნებოდი, რომ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულიყო ჩემს მიმართ რაღაც საქმეებზე... უარი ვუთხარი. მე არ გავაკეთებ ამას და დავასრულებ სიცოცხლეს-მეთქი. მართლა ვემზადებოდი სუიციდისთვის და სახლში არ წავედი იმ საღამოს. მურუსიძე დილის 4-5 საათზე მოვიდა სამსახურში... ვალერი ცერცვაძე შემხვდა იმ დღეს და დავუბარე, რომ მე ამ საქმეს არ გავაკეთებ არაფრის ფასად, მაგრამ სიცოცხლეს დავასრულებ-მეთქი. მე ვფიქრობ, მან სერიოზულად აღიქვა ეს, იფიქრა, ალბათ, რამე არ დაწეროს, რამაც ჩვენ შეიძლება პრობლემა შეგვიქმნასო. მურუსიძე მოვიდა ჩემთან და მითხრა, დაწერე განცხადება მაშინ და მაგ საქმეს სხვას მივცემო“, - ალავიძის თქმით, მეორე დღეს დაწერა განცხადება და „საქმეთა სიმრავლის გამო“, ეს საქმე სხვა მოსამართლეს გადაეცა.
„პირველი შეხვედრა როცა იყო კაფეში, პირველი შეხვედრის შემდეგ, ცერცვაძემ მითხრა ასეთი რაღაც - თვითდაზიანება გაიკეთე ან ჩვენ დაგაზიანებთო. ამ საქმის პროცესის ჩანიშვნა მინდოდა და არ მაძლევდნენ საშუალებას, რომ ჩამენიშნა. პირდაპირ ასე მითხრა - ან ხელი მოიტეხე, ან ფეხი მოიტეხე, ან რაღაც ოპერაცია გაიკეთე, რომ გააჩერო ეს საქმეო“, - ამბობს ბესარიონ ალავიძე.
საბოლოო ჯამში საქმეზე გადაწყვეტილება ვასილ როინიშვილმა, პაატა სილაგაძემ და ლევან მურუსიძემ მიიღეს. ბესარიონ ალავიძის თქმით, გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს საქმეებში არ იძებნება.
მეორე საქმე, რომლითაც მოსამართლეები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასთან ურთიერთობას ალაგებდნენ, ბესარიონ ალავიძის თქმით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმე გახდა. ამის შესახებ მას კაფეში შეხვედრის დროს უთხრეს:
„მაშინ, იმ შეხვედრაზე მითხრეს, რომ ასეთი ტიპის სხვა საქმეებიც გვაქვსო. „რუსთავი 2“-ის საქმე სასამართლოში ჯერ დაწყებულიც არ იყო და მითხრეს, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა რომ გადაეცემა პატარკაციშვილებს, ასეთია გეგმა, რომ „იმედი“ გახდება სახელისუფლებო არხი და „რუსთავი 2“-იც იგივე სახელისუფლებო არხი იქნებაო. ეს საქმეც უნდა გავაკეთოთ ხელისუფლებისთვის და მერე ყველაფერი დალაგდება, კარგად იქნებაო. რაც მითხრეს მაშინ, ზუსტად ისე დალაგდა მერე ყველაფერი“.
„რუსთავი 2“-ის საქმე ბესარიონ ალავიძეს, ეკატერინე გასიტაშვილსა და პაატა ქათამაძეს დაეწერა. ალავიძის თქმით, მათზე გავლენის მოხდენას უზენაესი სასამართლოს მაშინდელი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ცდილობდა, რომელიც საქმის დაუშვებლად ცნობას ითხოვდა.
„ეკამ გვითხრა მე და პაატას, თქვენზე თქვა გვენეტაძემ, მაგათ მიხედავენ და ტვინს გაასხმევინებენო“, - ბესარიონ ალავიძე ფიქრობს, რომ მაშინ „რუსთავი 2“-ის საქმე სპეციალურად გადაფარეს ე.წ. ციანიდის საქმეზე მამა გიორგი მამალაძის დაჭერით.
„მაშინ ეკასთან განვიხილავდით ამ საქმეს და ჩინჩალაძემ გამოუშვა ვანო ბოლქვაძე, ახლა იუსტიციის სკოლის დირექტორია და ჩვენგან მოითხოვა, აბა, რას აპირებთ, რა გადაწყვეტილების მიღებას აპირებთ, მაინტერესებსო. უკან დავაბრუნეთ ბოლქვაძე.
პროცესის ჩანიშვნა გვინდოდა და არ გვაძლევდნენ საშუალებას. წინასწარ უნდოდათ დაუშვებლობა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ხელმოწერილი იქნებოდა დაუშვებლობის განჩინება, ფორმალურად მერე გაჟღერდებოდა“, - ამბობს ბესარიონ ალავიძე.
სამივე მოსამართლე შეთანხმდა, რომ საქმეში პროცესუალური დარღვევები იყო, არაკანონიერ შემადგენლობას ჰქონდა განხილული და უნდა დაბრუნებულიყო ქვედა ინსტანციაში განსახილველად.
„პარალელურად, განუწყვეტელი ზარები იყო ეკასთან. გვენეტაძე ურეკავდა, მზია [მოსამართლე მზია თოდუა] ურეკავდა, აბა რა ხდება, რას შვრებით. ეკამ უთხრა, რომ გადაწყვეტილება მივიღეთ. შემოვარდა მზია. ცუდად ვარო. თუ გინდათ გადავრჩეთ ყველა, ეს საქმე დიდ პალატას უნდა გადასცეთო. ამაზე მიდიოდა ინტენსიური თხოვნა. იმ დროს ჩაგვკეტეს ოთახში, გარედან ჩაგვიკეტეს კარი დიდ პალატას თუ არ გადასცემთ საქმეს, სახლში ვერ წახვალთო... მე და პაატა ვაპირებდით ფანჯრიდან ჩასვლას, ჟურნალისტებთან მისვლას და თქმას, რომ ასეთი ზეწოლაა, ოთახში ჩაგვკეტეს და ასეთი პრობლემები გვაქვს. მერე გააღეს კარი. სანამ არ გადაწყდა, რომ დიდ პალატას გადასცემოდა საქმე, მანამდე იქ ვიყავით“, - ჰყვება ბესარიონ ალავიძე.
როგორც ყოფილი მოსამართლე ამბობს, მოსამართლეებზე ზეწოლა მას შემდეგაც გაგრძელდა, რაც „რუსთავი 2-ის“ საქმე დიდ პალატას გადაეცა. ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც (სუს) იყო ჩართული.
„ასეთი შემოთავაზება იყო სუს-ის მხრიდან, რომ მე მომცემდნენ ბარათს, რომელზეც იქნებოდა თანხა ჩარიცხული. ეს ბარათი იქნებოდა კონფიდენტზე, ვიღაც საიდუმლო თანამშრომელზე გამოწერილი და როგორც კი გამოცხადდებოდა „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება, იმ დღესვე წამიყვანდნენ აეროპორტში, VIP გასასვლელით გამიყვანდნენ, რამდენიც მინდოდა - წამეყვანა ოჯახის წევრი, მეგობრები, ახლობლები, თანხა რამდენიც მენდომებოდა, იმდენი იქნებოდა ჩარიცხული და საზღვარგარეთ დავისვენებდი. როცა აქ დაწყნარდებოდა სიტუაცია და ეს არეულობა დამშვიდდებოდა, მერე მომცემდნენ უფლებას, რომ დავბრუნებულიყავი საქართველოში. [...] ეს საქმე სტრასბურგშიც დალაგებული და მოგვარებულიაო. აქედან გამომდინარე, შენ რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღო, აი, ნახავ, სტრასბურგი ძალაში დატოვებს, არ გააუქმებსო. განსხვავებული აზრი არ უნდოდათ, რადგან სტრასბურგში რომ განსხვავებული აზრი წავიდეს, საფრთხეა, გააუქმოსო. [სუს] მაძლევდა გარანტიას, რომ ყველა შემთხვევაში სტრასბურგში ამ გადაწყვეტილებას ძალაში დატოვებენო. ასეც მოხდა“, - თქვა ყოფილმა მოსამართლემ.
ბესარიონ ალავიძის თქმით, როგორც სხვა მოსამართლეები ამბობდნენ, „ბიძინაც [ივანიშვილი] კი გაოცებული დარჩა“, როცა „რუსთავი 2“-ის საქმეზე დიდმა პალატამ გადაწყვეტილება უმრავლესობით მიიღო.
