ყოფილი საჯარო მოხელე „ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიმართავს, სასწრაფოდ გარიცხონ პარტიიდან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ წევრი მალხაზ მოლაშვილი პარტიიდან გარიცხვას ითხოვს მას შემდეგ, რაც პროევროპულ აქციებში შვილების მონაწილეობის გამო, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მალხაზ მოლაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატია და 2012 წლიდან სიღნაღის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. სამსახურიდან გაუშვეს მისი ცოლი, მანანა ჯავაშვილიც, რომელიც ბოლო 12 წლის განმავლობაში წნორის ტერიტორიულ ორგანოში სპეციალისტად მუშაობდა.

პარტიიდან გარიცხვის შესახებ განცხადება მალხაზ მოლაშვილმა Facebook-ზე გამოაქვეყნა:

„პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ყრილობის დელეგატს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში პარტიის საინიციატივო ჯგუფის შემქმნელს, რაიონული ორგანიზაციის პირველ კონფერენციამდე თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, რომლის რეკომენდაციითაც ასეულობით ადამიანია პარტიაში გაწევრიანებული, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს აქტივის კოორდინატორს, წლების განმავლობაში სამჯერ შემავსებინეს განაცხადი პარტიაში გაწევრიანების შესახებ.

2012 წლის 12 დეკემბრიდან ვიყავი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის, აპარატის ხელმძღვანელი. 2012 წლიდან დღემდე ყველა დონის არჩევნებში ჩემი წვლილი მაქვს შეტანილი ქართული ოცნებისა და მისი კანდიდატების გამარჯვებაში, დღემდე ვერავინ მეტყვის, რომ რაიმე ნაბიჯი მაქვს გადადგმული „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ.

2025 წლის 13 იანვარს გამიფორმეს ერთთვიანი ხელშეკრულება და მისი ვადის გასვლიდან გამომდინარე, 3 თებერვალს საკრებულოს თავმჯდომარემ ტელეფონით მაცნობა, რომ ხელშეკრულება აღარ გამიგრძელდებოდა ჩემი შვილების ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებებისა და თბილისში მიმდინარე აქციებზე დგომის გამო.

7 თებერვალს საკრებულოში შევიტანე განცხადება ჩემი პირადი საქმისა და შეფასების ოქმების ასლების გამოთხოვის შესახებ, პასუხი ტელეფონზე: ვადები აქვთ და პასუხს მივიღებ.

აქედან გამომდინარე, მოგმართავთ პარტიის პოლიტსაბჭოს, სასწრაფოდ გამრიცხოთ პარტიიდან და არ გამიკვირდება ახლად მიღებული კანონის თანახმად გამომაცხადოთ სამშობლოს „მოღალატედ“.

პატივისცემით: მ. მოლაშვილი“.

მშობლების გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქეთი მოლაშვილმა, წნორში „ცოდნის კაფეს“ თანადამფუძნებელმა და პროევროპული აქციების აქტიურმა მონაწილემ, გაავრცელა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერდა, მისი დედ-მამა „ერთ დღეს სრულიად შემოსავლის გარეშე დატოვეს“.

ქვეყანაში უწყვეტი საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვიან ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. ამ გადაწყვეტილებას საჯარო სამსახურებში დასაქმებულებიც გაემიჯნენ. ბოლო ორი თვის განმავლობაში ათობით ადამიანმა განაცხადა, რომ სწორედ განსხვავებული პოლიტიკური შეხედულება და პროდასავლურ აქციებში მონაწილეობა გახდა სამსახურიდან მათი გაშვების მიზეზი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.