ყოფილი სახალხო დამცველი სუს-მა ეუთოს ექსპერტთან კომუნიკაციის გამო გამოჰკითხა

არასამთავრობო ორგანიზაციადემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ (DRI) ხელმძღვანელი და საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი, უჩა ნანუაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ნანუაშვილმა განმარტა, რომ მას გაუთქმელობის ვალდებულებაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც სუს-ის მიერ დასმული შეკითხვების შინაარსზე საუბარი ეკრძალება.

უფლებადამცველის განცხადებით, მისი დაბარება პირდაპირ უკავშირდება „მოსკოვის მექანიზმის“ მომხსენებელთან კომუნიკაციას, რაც, მისივე შეფასებით, წარმოადგენს ზეწოლას და ეუთოს (OSCE) ფუნდამენტური მოთხოვნების სერიოზულ დარღვევას.

ნანუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომმოსკოვის მექანიზმისდოკუმენტის მე-6 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს, დაიცვან ყველა ის პირი თუ ორგანიზაცია, რომელიც ექსპერტთან თანამშრომლობს და არ შეუქმნან მათ პრობლემები. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ქმედებები ამ საერთაშორისო გარანტიას უხეშად არღვევს.

ყოფილმა სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ნაცვლად რეალურ საფრთხეებთან ბრძოლისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს 21 მოქალაქის გათავისუფლებაზე ზრუნვისა, სუს-ი რესურსებს „თითიდან გამოწოვილ“ საქმეებზე ხარჯავს.

თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აღნიშნულ გამოძიებასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. ნანუაშვილის ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლებმა მასთან საუბრისას ახსენეს „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერის, დავით ქაცარავას სატელევიზიო განცხადებაც. ქაცარავამ, რომელიც 2024 წლის მაისში საპროტესტო აქციაზე ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა, მანამდე დაადასტურა, რომ ნანუაშვილთან ჰქონდა კომუნიკაცია „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში შესაძლო გამოკითხვის თაობაზე.

პატრიცია გრჟებიკის მიერ მომზადებული კრიტიკული ანგარიში დეტალურად აღწერს 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის მომიტინგეებზე, ოპოზიციასა და ჟურნალისტებზე ძალადობას. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულთა მიმართ მოპყრობამ შესაძლოა „წამების ზღვარსაც მიაღწია“, ხოლო სახელმწიფო უწყებების მხრიდან ამ ფაქტების გამოძიება არაეფექტური იყო.

ირაკლი კობახიძემ, ანგარიშს „მანკიერი ვიწრო-პოლიტიკური ინტერესების“ პროდუქტი უწოდა და განაცხადა, რომ ის მოვლენების ობიექტურ ანალიზს არ ასახავს. მან უჩა ნანუაშვილი და სხვა ჩართული პირები პირდაპირ „აგენტურის“ კონტექსტში მოიხსენია:

„რა თქმა უნდა, იქნებოდა სრული კოორდინაცია ადგილობრივ აგენტურასთან, ამაში ეჭვი არავის გვეპარება“, - განაცხადა კობახიძემ.

ეუთოს ანგარიში „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირები და გააუქმოს რეპრესიული კანონები. გარდა ამისა, დოკუმენტში მინიშნებულია, რომ რომის სტატუტის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა განიხილონ საქართველოში არსებული ვითარების გადაცემა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის (ICC), პოლიტიკური დევნისა და წამების მზარდი შემთხვევების გამო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.