საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ცვლილების საფუძველზე სკოლებში 1 868 ბავშვი ჩაირიცხა. 2022-2023 სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში სწავლას 55 717 პირველკლასელი დაიწყებს. საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. პირველკლასელები და მათი დამრიგებლები პორტაბელურ კომპიუტერებს მიიღებენ.
2022-2023 სასწავლო წლიდან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება.
მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ზაფხულის განმავლობაში, სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით, ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატებითა და ოსტატებით დაკომპლექტებულმა ტრენერთა ჯგუფმა გადაამზადა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო ბუკებში ჩაიტვირთება.
2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.
ფართოვდება საგანმანათლებლო პროექტის „თავდაცვა და უსაფრთხოება“ მასშტაბები. პროექტის პილოტირების პროცესში დამატებით 18 ბენეფიციარი ჩაერთო და გადამზადდა როგორც 12 ყოფილი სამხედრო მომსახურე, ასევე, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 6 ინსტრუქტორი. გადამზადებული პირები სკოლის მოსწავლეებს არჩევითი კურსის - „თავდაცვა და უსაფრთხოება“ ფარგლებში აუმაღლებენ ცოდნას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო უსაფრთხოება, შესაძლო საფრთხეების წყაროები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზა, პირველადი დახმარების მეთოდები, საქართველოს თავდაცვის სისტემა და თავდაცვის ძალების საქმიანობა.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების მასშტაბური პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში გამოცხადდება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.
გათვალისწინებულია სკოლების აღჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. მოეწყობა ლაბორატორიები, გაიმართება სპორტული ინფრასტრუქტურა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიმართულებით. ყველა სკოლა მთლიანად ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში საპილოტე პროგრამა განხორციელდება, რომლის ფარგლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება.
ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს. პროგრამის განხორციელების შედეგად, სკოლებს ექნებათ საშუალება, სასკოლო სპორტულ ფესტივალში „ტაგ რაგბის“ მიმართულებითაც მიიღონ მონაწილეობა.
ახალი სასწავლო წლისთვის X კლასის მოსწავლეები ყველა საგანში მიიღებენ ახალ, გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოებს.
2022-2023 სასწავლო წლიდან პირველად თბილისის, რუსთავის, ქუთაისისა და ბათუმის 50 სკოლის V-VI კლასების 4000-მდე მოსწავლე საპილოტე რეჟიმში მაკმილანის მათემატიკის ბილინგვური სახელმძღვანელოებით ისწავლის, რაც სამინისტროს განმარტებით, ხელს შეუწყობს მოსწავლეების სააზროვნო უნარების განვითარებას და დაეხმარება მათ პრაქტიკაში ინგლისური ენის გამოყენებაში.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საშუალო საფეხურს დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკასა და სამოქალაქო განათლებაში.
2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები.
ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში არსებული რესურსების გათვალისწინებით, მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება STEAM კლუბები, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები სხვადასხვა ტექნოლოგიურ პროექტს შექმნიან და ექნებათ შესაძლებლობა სასკოლო პროექტები STEAM კონფერენციაზე წარადგინონ.
სამინისტროს განცხადებით, 2022 წლის სექტემბრიდან დაიწყება სკოლების მრავალმხრივი მხარდაჭერა ავტორიზაციის პროცესის გასავლელად. ამ ეტაპზე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების 80%-მა უკვე დაასრულა თვითშეფასება, დარჩენილი სკოლები კი პროცესს მიმდინარე წლის ბოლომდე დაასრულებენ. თვითშეფასების შედეგების საფუძველზე სკოლებისთვის შეთავაზებული იქნება მიზნობრივი აქტივობები, მოსამზადებელი ტრენინგები, დამხმარე გზამკვლევები.
41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
ბილინგვური მიდგომა მშობლიური ენის სწავლების გაძლიერებას, ქართული ენისა და საგნის ინეტგრირებულად სწავლებას გულისხმობს. 2022 წელს პირველად, არაქართულენოვანი სკოლების მშობლიური ენის მასწავლებლებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებში კვალიფიკაციის დადასტურების გამოცდა ჩატარდა, რაც მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლაზე აისახება.
2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში „აფხაზეთის დღეები“ ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ.
15 სექტემბრიდან ყველა სკოლისთვის კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ჟურნალი, რაც მასწავლებლებს ხელს შეუწყობს ელექტრონულად აღრიცხონ მოსწავლეების დასწრება და შეფასება.
ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“. უკრაინულენოვანი სექტორის ყველა მოსწავლე უზრუნველყოფილია სწავლისათვის საჭირო სასკოლო რესურსებითა და ბუკებით. უკრაინულენოვანი სექტორი, გასულ სასწავლო წელს, მიხეილ გრუშევსკის სახელობის თბილისის 41-ე და ბათუმის მე-20 საჯარო სკოლებში დაფუძნდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ახალი სასწავლო წლიდან დამატებით კიდევ 73 საჯარო სკოლას ეყოლება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატური. ასევე, იზრდება საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკების რაოდენობა, რომლებიც სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს საჭირო სოციალურ მომსახურებას გაუწევენ. 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს განათლების სისტემის სოციალურ მუშაკთა რაოდენობა 110-მდე გაიზრდება.
2022-2023 სასწავლო წელს, რეგიონის სკოლების მხარდაჭერის ფარგლებში, განათლების მიღების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მოსწავლეებისთვის გაგრძელდება ტრანსპორტირების პროგრამა.