იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში ამჟამად სამი ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს - H3N2 (ე.წ. „ჰონგ კონგის“ ვირუსი), H1N1 (ე.წ. ღორის გრიპი) და B ტიპის ვირუსი. მათგან დომინანტურია H3N2 – გრიპის ვირუსის შედარებით ახალი ფორმა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 პაპუაშვილი: ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული - უკრაინა და ევროკავშირი
- 5 საქსტატის თანახმად, საქართველოში საშუალო ხელფასი 2271 ლარია
- 6 სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავი ბიჭიკო პაიკიძე ესპანეთში დააკავეს
„ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 70% გრიპის ვირუსია. ამ 70%-ში წამყვანი, დომინანტური რჩება H3N2 ტიპის ვირუსი და შედარებით ნაკლებია H1N1 ტიპის ვირუსის რაოდენობა“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ექიმის განმარტებით, H3N2-სთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, რომელიც 2-3 დღის განმავლობაში გრძელდება და ძნელად ემორჩილება სიცხის დამწევს. თანმდევი სიმპტომებია ყელის, თავის, სახსრებისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე და ხველა.
„არ ახასიათებს ცემინება და ცხვირიდან გამონადენის არსებობა. ეს უფრო სხვა ტიპის ვირუსებისთვისაა დამახასიათებელი. ბავშვებში აღინიშნება ძილის დარღვევა, მადის მკვეთრი დაქვეითება, შესაძლებელია, ნაწლავთა მოქმედების გახშირებაც ახლდეს თან. ამიტომ მიმდინარეობა საკმაოდ მძიმეა“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
H3N2-ის გართულებების ალბათობა მაღალია რისკის ჯგუფებში - 5 წლამდე ბავშვების, 60 წელს გადაცილებული, ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისა და ორსულების ინფიცირების შემთხვევაში.
გართულებებში, პირველ რიგში, ფილტვების ანთება იგულისხმება. ივანე ჩხაიძის თქმით, იაშვილის კლინიკაში გრიპის დიაგნოზით მოთავსებული ბავშვების 40%-ს ფილტვების ანთება აქვს:
„რისკის ჯგუფებისთვის, გრიპის ვირუსის სავარაუდო სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია, ვინაიდან ექიმმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა პაციენტს ანტივირუსული საშუალების დანიშვნა.
ანტივირუსული საშუალება ყველაზე მაღალი ეფექტურობით პირველი 48 საათის განმავლობაში ხასიათდება. ამიტომ ლოდინი - 3 დღე დაველოდოთ ტემპერატურა როგორ იქნება და მერე შევეხმიანოთ ექმის, ნამდვილად არასწორი იქნება. პრეპარატის დანიშვნის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ ექიმმა უნდა მიიღოს, ვინაიდან მას თავისი გვერდითი მოვლენები აქვს და არ არის სიცხის დამწევი საშუალება, რომელიც შეიძლება ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაინიშნოს“.
ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, რომ სამივე ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები შედიოდა ოთხკომპონენტიან ვაქცინაში, რომელიც საქართველოში 200 000-მდე ადამიანმა უკვე გაიკეთა.
„ერთი განსხვავება არის ის, რომ H3N2 ტიპის ვირუსი ცოტა განსხვავებულია მისი ორიგინალი ფორმისგან იმ მუტაციის გამო, რომელიც ივნისის თვეში განიცადა. ამიტომ გახდა უფრო გადამდები და უფრო მეტად გავრცელდა გრიპის ვირუსი, თუმცა ვაქცინა მასზეც მოქმედებს“, – განაცხადა ჩხაიძემ.
პროფესორი ვარაუდობს, რომ გრიპით ინფიცირების შემთხვევები პიკს იანვრის ბოლოს მიაღწევს.
