რას ცვლის „ქართული ოცნება“ კანონებში საპროტესტო აქციების შესაზღუდად

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციების ფონზე, „ქართული ოცნებააპირებს, დაჩქარებული წესით მიიღოს მორიგი რეპრესიული კანონები. იკრძალება აქციის გამართვა მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას, პარლამენტის წევრის სიტყვიერი შეურაცხყოფა და აქციის დროს დემონსტრანტების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა. სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის შემთხვევაში ჩნდება მუნიციპალიტეტის გაფრთხილების ვალდებულება. 60 დღემდე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში, ასევე, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში შედის.

 

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

ცვლილებებით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობის 60 დღემდე გაზრდა, მაშინ, როცა მოქმედი კანონმდებლობით ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღეა.

სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება სამართალდარღვევის ჩადენა დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით და მის სამსახურებრივან საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

იზრდება ადმინისტრაციული სახდელის დადების ვადებიც. კერძოდ, პირს ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა, ხოლო როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა დენადია − მისი გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 6 თვისა. დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული სახდელის დადების მაქსიმალური ვადა 4 თვეა.

წვრილმანი ხულიგნობა (საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდებადა სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს) გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 3000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით. მოქმედი კანონმდებლობით, ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის მაქსიმალური ვადა 15 დღეს შეადგენს. სახდელდადებული პირის მიერ იგივე სამართალდარღვევის ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარიდან 5000 ლარამდე ან ადმინისტრაციულპატიმრობას 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. მოქმედი კანონით, ჯარიმა 1500 ლარიდან 2000 ლარამდეა, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები - 5 დღიდან 15 დღემდე.

ვანდალიზმისთვის სახდელდადებული პირის მიერ იგივე სამართალდარღვევის ხელახლა ჩადენისთვის ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 60 დღემდე გაიზრდება. დღეს სასამართლოს შეუძლია მაქსიმუმ 5 დღემდე პატიმრობა გამოიყენოს.

პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ან მისი სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 2000-დან 5000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. აღნიშნული ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იგივე სამართალდარღვევის ჩადენისთვის გათვალისწინებული იქნება ჯარიმა 3500-დან 6000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღიდან 60 დღემდე ვადით.

სამართალდარღვევად ცხადდება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა. კერძოდ, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებასთან ან საქმიანობასთან დაკავშირებით (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) - გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 45 დღემდე ვადით. სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2500-დან 6 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღიდან 60 დღემდე ვადით. ამასთან, პირს ჩამოერთმევა იარაღის ტარების უფლება 3 წლამდე ვადით. მასზე არ გავრცელდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა.

იზრდება ჯარიმები შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესების დარღვევის გამოც. კერძოდ, ასეთი ქმედება გამოიწვევს 2000 ლარით დაჯარიმებას, ნაცვლად დღეს არსებული500 ლარისა. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზატორის მიერ, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

ქართული ოცნებასკანონში შემოაქვს სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება. კანონპროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში განცხადება შეტანილი უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, გონივრულ ვადაში, მას შემდეგ, რაც შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზაციისა და ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირისთვის ცნობილი გახდება სპონტანური შეკრების/მანიფესტაციის ორგანიზების/ჩატარების შესახებ ინფორმაცია.

იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას 5000 ლარის ოდენობით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია - 15 000 ლარის ოდენობით.

სასამართლოს შესასვლელის ბლოკირება, შეკრების ან მანიფესტაციის მოსამართლის საცხოვრებელ ადგილას ან საქართველოს საერთო სასამართლოში ჩატარება, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

აქციის მონაწილეების მიერ ლაზერების ქონა ან სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა - გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადნისთვის სამართალდამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება ჯარიმა 2000-დან 5000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობას 20 დღემდე ვადით.

აქციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას. ამ წესის დარღვევა გამოიწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.

 

სისხლის სამართლის კოდექსი

„ქართული ოცნების“ კანონპროექტის თანახმად, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდება თუ ეს ქმნის ძალადობრივი ქმედების განხორციელების აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს, დაისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ანთავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე. მოქმედი კანონმდებლობით, აღნიშნული დანაშაულისთვისპატიმრობა არ არის გათვალისწინებული.

მკაცრდება სასჯელი პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობისთვის. კერძოდ, ასეთიქმედება დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 6 წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად ან არაერთგზის, დაისჯება 5-დან 8 წლამდე პატიმრობით.

პოლიციელზე თავდასხმის დამამძიმებელ გარემოებები იქნება - დანაშაულის ჩადენა ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. სასჯელის სახით განისაზღვრება 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. იგივე დამამძიმებელი გარემოებებია გათვალისწინებული პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფისთვისაც, ხოლო სასჯელი 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.

პოლიტიკური თანამდებობის პირზე ან/და მის ოჯახის წევრებზე ძალადობის მუქარა დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, ხოლო თავდასხმა - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთითვადით 4-დან 7 წლამდე. დამამძიმებელი გარემოებებია ამ ქმედების ჩადენა ჯგუფურად, არაერთგზის, არასრულწლოვნის თანდასწრებით, აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიშისაშუალებით. ამ შემთხვევაში, დანაშაული დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 12 წლამდე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.