„ქართული ოცნების“ მიერ სამი თვის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში დანიშნული ელჩი, თამარ ტალიაშვილი სახელმწიფო დეპარტამენტში დაიბარეს. რადიო თავისუფლება წერს, რომ ეს ინფორმაცია მათ საქართველოში აშშ-ის საელჩომ მიაწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 4 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
- 5 მამულაშვილი კინოიანზე: რუსეთის იურისდიქციაში მოხვედრა სიკვდილის ტოლფასია
- 6 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს
გამოცემა წერს, რომ თამარ ტალიაშვილის დაბარება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების ბრალდებებს „ტაილანდიდან რევოლუციის დაფინანსების“ შესახებ.
„ღრმად შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნები უპასუხისმგებლოდ ავრცელებენ მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რამაც გამოიწვია საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების კამპანია, რომელიც მთლიანად ცრუ ინფორმაციაზეა დაფუძნებული“, – ციტირებს რადიო თავისუფლება საქართველოში აშშ-ის საელჩოს სპიკერისგან მიღებულ პასუხს.
საელჩოს სპიკერის თანახმადვე, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიბარა საქართველოს ელჩი თამარ ტალიაშვილი, რათა „სერიოზული წინააღმდეგობა გამოეთქვა საქართველოს მთავრობის ოფიციალური პირების განცხადებებზე, რომლებიც აძლიერებენ მედიაში გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც არასწორად ახასიათებს აშშ-ის მთავრობის რუტინულ ფინანსურ ტრანსფერებს აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი თანამშრომლების მიმართ“.
რადიო თავისუფლებამ საელჩოს ჰკითხა, რა კომენტარს გააკეთებდნენ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, მამუკა მდინარაძის კომენტარსა და პრო-სახელისუფლებო მედიაში გავრცელებულ ცნობებზე თითქოსდა „ტაილანდიდან“ „რადიკალების“ და „რევოლუციური მიზნების“ დაფინანსების შესახებ.
„სახელმწიფო დეპარტამენტის გლობალური ფინანსური მომსახურების ცენტრი ბანგკოკში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აშშ-ის მთავრობის ოპერაციების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში თანხების განაწილებაში. ეს ფინანსური მომსახურების ცენტრი გადახდებს ახორციელებს აშშ-ის თანამშრომლებისთვის, ადგილობრივი თანამშრომლებისთვის, კონტრაქტორებისთვის, მასპინძელი მთავრობებისთვის და სხვა პარტნიორებისთვის. ეს ტრანზაქციები არის რუტინული, გამჭვირვალე და ხორციელდება აშშ-ისა და მასპინძელი ქვეყნის კანონებისა და რეგულაციების სრული დაცვით“, – განაცხადა აშშ-ის საელჩის სპიკერმა.
საქმე ეხება „ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის, მამუკა მდინარაძის მიერ 1-ელ სექტემბერს, ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში აფინანსებს „რადიკალ რევოლუციონერებს“ და ამას აკეთებს ტაილანდიდან.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა:
„ჟურნალისტებისთვის, საზოგადოებისთვისაც უკვე ცნობილი გახდა, გვერდის ავლის საშუალებად უნივერსიტეტები, სასწავლო დაწესებულებები, საიდანაც შემდეგ არამიზნობრივად და მოჩვენებითი მიზნობრიობით იშლება თანხები და საბოლოო ჯამში ჩვენ უმრავლეს და უხშირეს შემთხვევაში ვნახულობთ, რომ ეს თანხები მიემართება რადიკალიზმის დასაფინანსებლად. მიემართება „ფრანკლინის კლუბის“ ახალი ანალოგის დასაფინანსებლად, სადაც ასწავლიან, რომ მაგალითად რიგ შემთხვევაში შეიძლება იყოს ადამიანი ტერორისტი, მაგრამ სხვა ადამიანისათვის, სხვა რიგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თავისუფლებისთვის მებრძოლი.
ყველა შემთხვევაში შეიძლება ჩვენ ვთქვათ, რომ მაგალითად ერთ-ერთი არხის შესახებ, ბევრ ასეთ არხზე მიდის მუშაობა, ბევრი გამოკვლეული გვაქვს, ბევრი გავშიფრეთ, მაგრამ ერთ-ერთის შესახებ, რაც უფრო ცნობილია, შემიძლია დეტალურად გითხრათ.
მაგალითად, ტაილანდიდან ერთ-ერთი ქვეყნის საელჩოს, ის არის ერთ-ერთი მსხვილი, დიდი თავისი შტატით, მოცულობით, შენობითაც კი მთელს მსოფლიოში, ანტი-ჩინური მიზნებისათვის დაფინანსებული ადამიანები ჰყავს საქართველოში და სინამდვილეში, დაახლოებით 95-98% შემთხვევაში ეს თანხა ხმარდება ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ რადიკალებს. რევოლუციურ მიზნებს, სხვადასხვა პერფორმანსებს, დადგმებს. ყველა თავის როლს ინაწილებს. ზოგი ამ რადიკალიზმის დროს, წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, პატარძლის და სიძის ფორმით გვევლინება და ა.შ. აქ არ დავკონკრეტდები და ასეთი მიზნობრიობით იხარჯება ამერიკელი გადამხდელის ფული, რომელმაც თავისი ქვეყნის ხელისუფალი აირჩია იმისათვის, რომ დავუშვათ ებრძოლოს მათი გადმოსახედიდან გასაგებია ყველაფერი „ჩინურ საფრთხეებს“ და ა.შ. მაგრამ ეს თანხა რეალურად სხვა მიზნობრიობით იხარჯება. მას შემდეგ, რაც დეკლარირების ვალდებულება გაუჩნდათ, ეს მიზნობრიობა სხვაგან აშკარად გამოჩნდა, რომ არის აცდენილი დეკლარირებულ მიზნებს.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ასეთი ბევრი საკითხი შევისწავლეთ და ვხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ დაფინანსების გადაკეტილი გზები ჩანაცვლდეს სხვა მეთოდებით და ეს არის დიდი სქემა“.
