რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე ეს ინსტიტუტი არ ივლის, ამას უნდა შეეგუოთ 4 წელი - იოსელიანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ლევან იოსელიანმა მის ოფისთან გამართულ აქციას Facebook-ზე ფოტოს გამოქვეყნებით უპასუხა და დაწერა, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი „რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე არ ივლის“. აქციის მონაწილეები იოსელიანს მოუწოდებდნენ, სახალხო დამცველი იყოს და არა „რეჟიმის დამცველი“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

როგორც შეკრებილები ამბობდნენ, მათი პროტესტი გამოიწვია ლევან იოსელიანის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომელთა მიხედვითაც მას არჩევნების გაყალბების დამდასტურებელი მტკიცებულება არ უნახავს და ვერც აქციის მონაწილეთა მიმართ სისტემური წამება დაინახა.

იოსელიანის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება საყვედურები, რომ ის თვალს ხუჭავს პოლიციის მხრიდან პროტესტის მონაწილეთა მიმართ „სავარაუდო წამების, არასათანადო, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე“.

რაც შეეხება არჩევნებს, ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ გაყალბების საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან სადამკვირვებლო ორგანიზაციას არ წარმოადგენს.

„ის, რომ ვენდობი ეუთო/ოდირის დასკვნებს და არა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებებს, ჩემი უფლებაა.

არ მჯერა, რომ 100 000 ადამიანს პირადობის მოწმობა ჩამოართვეს. ეს რომ სიმართლე იყოს, მათი ნახევარი მაინც აქციაზე იქნებოდა. ამ გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულება არ მინახავს. აქციის ორგანიზატორებისგან მოვისმინე, რომ ამის თქმის უფლება არ მაქვს, რაც უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. გირჩევთ, აქციები იმ ორგანიზაციებთან გამართოთ, ვინც ეს ტყუილები დაგაჯერათ.

რაც შეეხება საარჩევნო უფლების დარღვევის ფატებს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და შემდგომ პერიოდშიც ვაფიქსირებდი და შესაბამის რეაგირებას ვახდენდი ყველა ფაქტზე. იდენტიფიცირებული გვაქვს 110 სავარაუდო დანაშაულის შემთხვევა. თითოეულ მათგანთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ზომები იქნა მიღებული“, - განაცხადა იოსელიანმა.

ლევან იოსელიანმა უპასუხა იმ უკმაყოფილებასაც, რაც პროპაგანდისტული ტელეკომპანია „პოს ტვ-ის“ ეთერში, შალვა რამიშვილის გადაცემაში მის ჩართვას მოჰყვა. ერთი წლის წინ სწორედ სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა შალვა რამიშვილის მიერ ანანია გაჩეჩილაძის სექსუალური შევიწროების ფაქტი.

„რომელი ტელევიზიის ეთერში გამოვჩნდები, ნამდვილად არ შეგეკითხებით (შეიძლება ადრე ასე იყო). მივალ იქ, სადაც დამიძახებენ და ჩემი აზრის მოსმენა დააინტერესებთ“, - აღნიშნა მან.

ლევან იოსელიანის თქმით, სანამ ის არის სახალხო დამცველი, „სიმართლე არ დაიმალება“.

„რამდენიმე აქტივისტის ჭკუაზე, რომლებმაც ძირითადად ბილწსიტყვაობით და სიძულვილის ენის გამოყენებით გამაცნეს თავი, ეს ინსტიტუტი არ ივლის. ამას უნდა შეეგუოთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში“, - წერს იოსელიანი Facebook-ზე და დასძენს: „შეეშვით აპარატის თანამშრომლების თაგვას, დანამუსებას და ზეწოლას, არ ხართ აქ ყველაზე პოპულარული ხალხი“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.