საქართველოში სამშვიდობო თემაზე მომუშავე ათმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაცია დაიწყო. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თუ საკონსტიტუციო სასამართლო რუსული კანონის მოქმედებას არ შეაჩერებს, იძულებული იქნებიან რეგისტრაციის პროცესი ბოლომდე მიიყვანონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
რეგისტრაციის გადაწყვეტილება მიიღეს „სტუდია რემ“, „ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნულმა კომიტეტმა“, „ლევან მიქელაძის სახელობის ფონდმა“, ასოციაციამ „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია“, კოალიციამ „დევნილთა უფლებებისთვის“, პედაგოგთა კავშირმა „განათლება და სამყარო“, „მეწარმე ქალთა ფონდმა“, კავშირმა „მომავლის ცხინვალი“, ასოციაციამ „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“, ფონდმა „აფხაზინტერკონტი“.
„განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციები საჯაროდ ვაცხადებთ, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება სრულიად დაუმსახურებლად და შეურაცხმყოფელი ფორმით იწვევს ჩვენს სტიგმატიზებას. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კანონი და მის მიღებასთან დაკავშირებული ვითარება აზიანებს ჭეშმარიტ სახელმწიფო ინტერესებს. ასევე, კანონის მიღების შედეგად სახეზეა, ერთი მხრივ, საზოგადოებრივი მღელვარება და პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვის რეალური პერსპექტივა, მეორე მხრივ, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების არნახული გაუარესება, რაც უკვე უარყოფითად ისახება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პერსპექტივაზე, მთელ რიგ თანამშრომლობით და დახმარების პროგრამებზე. გვაშფოთებს ყოველივე ამის შედეგად მოსალოდნელი პრობლემები, რაც ქვეყანას დაუდგება საყოველთაო სოციალური აპათიის, გაზრდილი ემიგრაციისა თუ დაქვეითებული კეთილდღეობის სახით.
მიმდინარე წლის 11 აპრილის განცხადებაში, რომელსაც, ჩვენი ჩათვლით, ხელს აწერდა 32 სუბიექტი, სხვასთან ერთად, აღნიშნული იყო, რომ, კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დადგებოდა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში მიმდინარე აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის საზოგადოებებთან კომუნიკაციის მრავალწლიანი და ფაქიზი პროცესი. ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ გართულდებოდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების აქტიური თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან და სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ადრე თუ გვიან ხელისუფლება გაიზიარებს ჩვენს შეშფოთებას და გააუქმებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს. მანამდე იმედით დაველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კანონის მოქმედების შეჩერებას. თუ ეს დროულად არ მოხდა, იძულებული ვიქნებით, ვიხელმძღვანელოთ კანონით გათვალისწინებული ნორმებით და დავასრულოთ ორგანიზაციების ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ დაწყებული რეგისტრირება შესაბამის რეესტრში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური, პოლიტიკური, ლოგისტიკური თუ სამართლებრივი ბარიერების და რისკების გაცნობიერებით, მივიჩნევთ, რომ სერიოზული ზიანი მიადგება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ნდობის აღდგენისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესს, რაშიც აქტიურად არიან ჩართული ჩვენი ორგანიზაციები“, – ნათქვამია ორგანიზაციების მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა, რომლებსაც შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვთ მიღებული, 2 სექტემბერს ამოიწურა. 3 სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა.
იუსტიციის სამინისტროს ბოლო ინფორმაციით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელად“ ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 1.5%-ია. საზოგადოების უკმაყოფილების შემდეგ ნებაყოფლობით რეგისტრაცია გადაიფიქრა მოძრაობა „სირცხვილიამ“, რომელიც აქტიურად იყო ჩართული რუსული კანონის წინააღმდეგ ბრძოლაში. არაერთმა ორგანიზაციამ კი საქმიანობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
რუსული კანონი საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. მოსარჩელეები, რომელთა შორის პრეზიდენტი, ოპოზიციონერი დეპუტატები, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები არიან, ამტკიცებენ, რომ კანონი კონსტიტუციის არაერთ მუხლს ეწინააღმდეგება და შესაბამისად, უნდა გაუქმდეს. მოსარჩელეები ითხოვენ, საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, სადავო ნორმების მოქმედება შეაჩეროს. უახლოეს დღეებში უნდა გახდეს ცნობილი, ცნობს თუ არა სასამართლო სარჩელებს დასაშვებად (მთლიანად თუ ნაწილობრივ) და მიიღებს თუ არა კანონის მოქმედების შეჩერების გადაწყვეტილებას.