„რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ

ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ეხმაურება „წულუკიანის კომისიის“ დასკვნას და წერს, რომ აგვისტოს ომიდან „17 წლის შემდეგ, თბილისში გაისმა აღიარება, რომელსაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წლის განმავლობაში ელოდნენ."

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დროინდელი დანაშაულების გამომძიებელი კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა წარადგინა 460-გვერდიანი ანგარიში, რომელიც ეჭვს არ ტოვებს: სამხრეთ ოსეთის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიული ომი საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით, გააჩაღა“, - წერს „რესი“ და ხაზს უსვამს კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის პროფესიულ გამოცდილებას.

როგორც გამოცემა წერს, ანგარიშიდან ირკვევა, „სააკაშვილის რეჟიმის“ ორმა მთავარმა მინისტრმა - თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რომლებსაც სამხედრო გამოცდილება არ ჰქონდათ, „გარე ძალების დახმარების იმედით და ქართველი სამხედროების აზრის იგნორირებით, მიიღეს საბედისწერო გადაწყვეტილება ცხინვალზე თავდასხმის შესახებ“.

„სამხრეთ ოსეთის დედაქალაქი შეტევის მთავარ მიმართულებად განსაზღვრეს. ეს ფაქტი, რომელიც დადასტურებულია მაღალი რანგის ქართველი სამხედრო ოფიცრების, მათ შორის გენერლების - გოგავას, ყურაშვილის და ბალახაძის ჩვენებებით, საბოლოოდ აბათილებს დასავლეთში წლების განმავლობაში დამკვიდრებულ მითს „რუსული აგრესიის“ შესახებ. ომი საქართველომ დაიწყო და ეს გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკოსებმა, რომლებიც შორს იყვნენ სამხედრო საქმეებისა და მათი ქმედებების შედეგების გააზრებისგან“, - ვკითხულობთ „რესის“ ანალიტიკური განყოფილების სტატიაში.

სტატიის მიხედვით, კომისიის დასკვნაში „განსაკუთრებული ყურადღება“ აქვს დათმობილი „8 აგვისტოს ღამეს ცხინვალის დაბომბვას, რამაც მასშტაბური საბრძოლო მოქმედებების ოპერაციების დაწყებას დაუდო სათავე“.

„ამაზე პასუხისმგებლობის აღიარება იყო მაშინდელი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის №1633 რეზოლუციის მხარდაჭერა, რითაც მათ ირიბად აღიარეს ქალაქის დაბომბვის ფაქტი და სცადეს შესაძლო ომის დანაშაულებზე ბრალეულობა საკუთარ ჯარზე გადაეტანათ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ანგარიში წარმოადგენს ოფიციალურ და საბოლოო დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის პოზიციის სისწორეს. იგი ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს მშვიდობისკენ იძულების ოპერაცია იყო ერთადერთი შესაძლო პასუხი საქართველოს რეჟიმის მზაკვრულ აგრესიაზე, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და მისი მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივ განადგურებას.

ამ მხრივ, შეუძლებელია უგულებელვყოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს საპარლამენტო კომისია უფრო პატიოსანი აღმოჩნდა, ვიდრე დასავლელი პოლიტიკოსები, რომლებიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იმეორებდნენ მანტრას 2008 წლის ომში რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის სავარაუდო ბრალეულობის შესახებ. ამაზე რას იტყვით, ბატონებო?“ - წერია სტატიაში.

 

ამ თემაზე:

წულუკიანი 2008 წლის ომზე: გარე ძალების დახმარების იმედით ქალაქ ცხინვალზე შეტევა განახორციელეს

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.