ესტონეთის პარლამენტი, რიგიკოგუ, არ ცნობს საქართველოში ფარული აქტივობებისა და მოქალაქეთა დაშინების ატმოსფეროში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დანიშნული პარლამენტის, მთავრობის ან პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. 22 იანვარს მიღებული განცხადებით, რიგიკოგუ ევროკავშირს მოუწოდებს, სანქციები დაუწესოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 2 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 3 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 4 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 5 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 6 გერმანიამ საქართველოში მომიტინგეებზე ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
განცხადებაში, რომლის მიღებას სხდომაზე დამსწრე 94 დეპუტატიდან 59-მა დაუჭირა მხარი (9 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26-ს ხმა არ მიუცია), ნათქვამია, რომ ესტონეთი პატივს სცემს ყველა სახელმწიფოს ხელშეუვალ უფლებას, დემოკრატიულად აირჩიოს თავისი საზოგადოების ორგანიზების გზა და შევიდეს ალიანსში სხვა ქვეყნებთან.
„ამ პრინციპის გათვალისწინებით, ესტონეთი მხარს ვუჭერთ საქართველოს განვითარებას უფრო მჭიდრო თანამშრომლობით მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და გამოვდივართ რუსეთის ფედერაციის ქმედებების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და ძირს უთხრის მის ტერიტორიულ მთლიანობას.
გასული ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი მზარდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზაციისა და საქართველოს დემოკრატიულ არჩევნებში ჩარევის მიზნით რუსეთის ფედერაციის ქმედებებს.
2024 წლის 26 ოქტომბერს, ძალადობისა და დაშინების ატმოსფეროში ჩატარებული საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგები არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც სარგებლობს რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით, იყენებს არჩევნების გაყალბებულ შედეგებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მისაღწევად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რიგიკოგუ:
- არ ცნობს ფარული აქტივობებისა და მოქალაქეთა დაშინების ატმოსფეროში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად დანიშნული პარლამენტის, მთავრობის ან პრეზიდენტის ლეგიტიმურობას;
- ცნობს სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და აღიარებს მის ძალისხმევას ქვეყანაში კონსტიტუციური კრიზისის დასასრულებლად;
- გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოში არსებული დემოკრატიული ძალების მიმართ, რომლებიც ითხოვენ საქართველოში გარდაუვალი ახალი საპარლამენტო არჩევნების ორგანიზებას საკონსტიტუციო კრიზისის გადაჭრისა და დემოკრატიის აღდგენის მიზნით;
- გმობს მშვიდობიანი დემონსტრაციების სასტიკ ჩახშობას რუსული იმპერიალიზმის წინსვლის მხარდაჭერით და გამოდის მოწოდებით, შეწყდეს ნებისმიერი ძალადობის გამოყენება ან დევნა და გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი;
- მოუწოდებს საქართველოში პოლიტიკურ ძალებს, გაითვალისწინონ საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა, მათ შორის კრიტიკა, რომელიც შედის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საბოლოო ანგარიშში;
- მოუწოდებს სხვა ეროვნულ პარლამენტებს, დაგმონ საქართველოს მმართველი რეჟიმის მიერ გამოყენებული სასტიკი ძალადობა იმ მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ, რომლებიც ითხოვენ საკონსტიტუციო ინსტიტუტებმა შეასრულონ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებება - მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად;
- მოუწოდებს ევროკომისიის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს, დააწესონ სანქციები ქართველ პოლიტიკოსებსა და ოფიციალურ პირებზე, რომლებიც მონაწილეობენ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ძალადობრივ რეპრესიებში და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დევნაში;
- მოუწოდებს ევროკომისიის წევრ სახელმწიფოებს და ევროკავშირს, მკაცრად შეზღუდონ კომუნიკაცია საქართველოს სამთავრობო ინსტიტუტებთან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე;
- მოუწოდებს ევროკომისიის წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მხარი დაუჭირონ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების და ჯერ კიდევ შენარჩუნებული თავისუფალი პრესის წარმომადგენლებს, რომლებიც, დაშინებისა და დევნის მიუხედავად, განაგრძობენ თავისუფალი საზოგადოების სახელით მუშაობას.
მიღებული განცხადებით, ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და საქართველოს მომავალს ევროკავშირში.