როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურა „კანონიერი ქურდის“, მერაბ ჯანგველაძის ძმის, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებაში გიორგი ჯოხაძეს, ძმებ გიორგი და დავით მიქაძეებს ადანაშაულებს. მათგან მხოლოდ გიორგი მიქაძეა დაკავებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„გიორგი ჯოხაძე ბრალს, რა თქმა უნდა, არ აღიარებს და მიგვაჩნია, რომ ეს ბრალი არის აბსურდული. როდესაც საქართველოში დაბრუნდება, მხოლოდ მაშინ გამოცხადდება საგამოძიებო ორგანოში. არ არის ცნობილი, როდის დაბრუნდება საქართველოში“, - უთხრა ჟურნალისტებს ჯოხაძის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ.

ბრალს არც გიორგი და დავით მიქაძეები აღიარებენ. „მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დავით მიქაძე რაიმეს გაურბის და ემალება. ჩემი აზრით, მას წარმოდგენაც არ შეიძლება ჰქონოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდება შეიძლებოდა წარდგენოდა ასეთი მუხლით და ამ საქმესთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე წარდგება გამოძიების წინაშე და სიმართლეს დაამტკიცებს“, - აღნიშნა მიქაძეების ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა.

პროკურატურის განცხადებით, ძმებ მიქაძეებს ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით გარკვეული სახის უთანხმოება და დაპირისპირება გააჩნდათ ლევან ჯანგველაძესთან და ამ უკანასკნელთან დაპირისპირებაში მყოფ სხვა პირთა შეკვეთით, დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზება.

ამ მიზნით, პროკურატურის ვერსიით, დავით და გიორგი მიქაძეები დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც გაანდეს მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა, რაზეც მისგან მიიღეს თანხმობა და სამივე მათგანმა დაიწყო დანაშაულის შემსრულებლის მოძიება. როგორც პროკურატურა აცხადებს, ისინი გიორგი ჯოხაძის ნდობით აღჭურვილ პირს გელა უძილაურს დაუკავშირდნენ, უთხრეს, რომ მიღებული ჰქონდათ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის შეკვეთა და გარკვეული მატერიალური სარგებლის სანაცვლოდ შესთავაზეს ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. გელა უძილაური შინაგან საქმეთა სამინისტროს გიორგი ჯოხაძის პირადი დაცვის თანამშრომლად ჰყავს მოხსენიებული.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ჯოხაძე და ძმები მიქაძეები გელა უძილაურს სისტემატიურად აწვდიდნენ დანაშაულის ჩადენისათვის საჭირო ინფორმაციას. ამასთან, გიორგი ჯოხაძემ და გიორგი მიქაძემ ს. წ.-სგან მართლსაწინაღმდეგოდ ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები, რომელთაგან ერთ-ერთი GLOCK 19 მოდელის პისტოლეტი გიორგი ჯოხაძემ გელა უძილაურს გადასცა.

პროკურატურის ვერსიით, 15 თებერვალს გიორგი ჯოხაძემ საბერძნეთიდან დაბრუნებულ გელა უძილაურს შეხვედრა დაუთქვა სასტუმრო „თბილისი თაუერის“ შენობასთან. დაახლოებით 19:14 საათზე გელა უძილაური მივიდა დათქმულ ადგილას და შეხვდა გიორგი ჯოხაძეს. სასტუმროში მივიდნენ ძმები მიქაძეებიც.

პროკურატურის თანახმად, გიორგი ჯოხაძემ და გელა უძილაურმა განიხილეს დანაშაულის ჩასადენად აუცილებელი დეტალები, მათ შორის გელა უძილაურს მიაწოდა დავით და გიორგი მიქაძეებისგან მიღებული ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის საქართველოში ჩამოსვლის და დაბინავების შესახებ. გიორგი ჯოხაძემ გელა უძილაურს დაავალა ლევან ჯანგველაძის თვალთვალი, მკვლელობისათვის შესაფერისი დროის და ადგილის შერჩევის მიზნით.

ამ შეხვედრიდან მეორე დღეს, 16 თებერვალს, ლევან ჯანგველაძე საქართველოში ჩამოვიდა და სასტუმრო „ამბასადორში“დაბინავდა. პროკურატურის მტკიცებით, გელა უძილაურმა დაიწყო ჯანგველაძის თვალთვალი და თვალთვალის დროს მიღებულ ინფორმაციას კომუნიკაციის სხვადსხვა საშუალებით უშუალოდ გიორგი ჯოხაძეს, გიორგი და დავით მიქაძეებს აწვდიდა, ასევე სხვა პირთა ინფორმირების მიზნით.

მარტის თვეში ძმებმა მიქაძეებმა, გიორგი ჯოხაძის საშუალებით, გელა უძილაურს მიაწოდეს ინფორმაცია ლევან ჯანგველაძის 14 მარტს საქართველოში ჩამოსვლის და გადაადგილების შესახებ. „შესაბამისად ამ უკანასკნელმა დაიწყო აქტიური მზადება ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის სისრულეში მოყვანის მიზნით“, - აცხადებს პროკურატურა.

14 მარტს ლევან ჯანგველაძე რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნული ინფორმაცია გიორგი ჯოხაძემ და ძმებმა მიქაძეებმა მიაწოდეს გელა უძილაურს, რომელიც დაახლოებით 18:15 საათზე ტაქსით გამოვიდა ვაზისუბნიდან და დაახლოებით 20:40 საათზე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა ილია ჭავჭავაძის გამზირის N7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და დაელოდა ლევან ჯანგველაძის მისვლას.

„ეს უკანაკნელი მის მეგობართან კ.ძ.-თან ერთად დაახლოებით 22:35 საათზე მივიდა მისი მეგობრის პანაშვიდზე, საიდანაც დაახლოებით 23:30 საათზე გამოვიდა. იმ დროს, როდესაც ლევან ჯანგველაძე მეგობართან ერთად ფეხით გადადგილდებოდა ჭავჭავაძის გამზირზე, გელა უძილაურმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი გასროლა განახორციელა ლევან ჯანგველაძის მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად ლევან ჯანგველაძე ადგილზე გარდაიცვალა. განზრახვის სისრულეში მოყვანის შემდგომ, გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის თანმხლები პირის მიმართულებით მისი მოკვლის მიზნით რამდენიმე გასროლა განახორციელა. სროლის შედეგად დაზარალებულმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო“, - აცხადებს პროკურატურა.

საქმის მასალების მიხედვით, დანაშაულის ჩადენის შემდეგ გელა უძილაური ქარელის მიმართულებით წავიდა და მოიშორა დანაშაულის იარაღი და მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული ჰქონდა პოლონეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი და რომლითაც აქტიურ კომუნიკაციაში იყო გიორგი ჯოხაძესთან. უძილაური თბილისში მეორე დღეს, 15 მარტს დაბრუნდა და მივიდა სასტუმრო „თბილისი თაუერსში“, სადაც სურდა გიორგი ჯოხაძის ნახვა, თუმცა იმის გამო რომ ეს უკანასკნელი ვერ ნახა, სასტუმროს ტელეფონიდან რამდენჯერმე სცადა ჯოხაძის ტელეფონზე და სოციალურ ქსელ whatsapp-ზე დაკავშირება.

პროკურატურის თანახმად, გელა უძილაური გიორგი ჯოხაძის ნახვის მიზნით, 16 მარტს მივიდა გიორგი ჯოხაძის ნათესავის, მამუკა ბაღდავაძის სამსახურში, საიდანაც ტელეფონის საშუალებით რამდენჯერმე დაუკავშირდა მამუკა ბაღდავაძეს და მასთან კომუნიკაციის დამყარების შემდეგ დაახლოებით ერთ საათში დატოვა მითითებული ადგილი. 17 მარტს გიორგი ჯოხაძესთან კონტაქტის დამყარების მიზნით, ის კვლავ მივიდამამუკა ბაღდავაძის სამსახურის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ჯოხაძესთან კვალვ ვერ მოახერხა კომუნიკაციის დამყარება. იმავე დღეს გელა უძილაური სამართალდამცავებმა დააკავეს მამუკა ბაღდავაძის სამსახურთან ახლო მდებარე ტერიტორიაზე.

გიორგი მიქაძე, გ.კ. და მამუკა ბაღდავაძე პოლიციამ 11 აგვისტოს დააკავა. პროკურატურამ ძმებ მიქაძეებსა და გიორგი ჯოხაძეს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 25/109-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წალმდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ. კ.-ს ბრალდება წარედგინა 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინაღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს და 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამუკა ბაღდავაძეს ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც გულისხმობს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვას და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდებას. დანაშაული სასჯელის ზომად 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ჯოხაძე და დავით მიქაძე საზღვარგარეთ იმყოფებიან. პროკურატურის განცხადებით, მათზე გამოცხადდება ძებნა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.