„ვნახეთ აქციებზე ნაცემი ადამიანები, ესეც ხომ არ არის საკამათო?! იქ სადაც ჩანს, ვინ სცემს, ერთი შემთხვევა მაინც შეგიძლიათ მითხრათ, რომელიმე პოლიციელი პასუხისგებაში თუ არის მიცემული? ასეთი შემთხვევა არ არის!“ - მიმართა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრებს, რომლებმაც უკმაყოფილება გამოთქვეს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 2 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 3 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 4 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
- 5 ნენსკრას, ხუდონის, ნამახვანის ჰესების მიმართულებით მუშაობა დაწყებულია - კობახიძე
- 6 „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის შემდეგ აქციის მონაწილე უჩა ქემაშვილი დააკავეს
„მე მათ [ნაცემ დემონსტრანტებს] პირადად შევხვდი. ისინი მიუთითებდნენ დაკავების დროს არასათანადო მოპყრობაზეც, ცემაზე, მანქანებში ცემაზე. რაც მართალია, მართალია - ცემას წინასწარი დაკავების იზოლატორებში ადგილი არ ჰქონია, მაგრამ მანამდე ძალადობას ჰქონდა ადგილი და ბევრი მათგანი საავადმყოფოში იყო. ამოცანაა ის, ვინც დაარღვევს კანონს, კანონის შესაბამისად დაისაჯოს, მაგრამ ვინც პროტესტს მშვიდობიანად გამოხატავს, მის მიმართ არანაირი ძალა არ იყოს გამოყენებული. სამართალი ცალმხრივი ვერ იქნება. თუ ვიღაცამ დააშავა, ამისთვის არსებობს კანონი და თუ პოლიციელმა დააშავა, კანონი ამისთვისაც არსებობს და მიდგომა თანაბარი უნდა იყოს. დღეს მე ვერ ვხედავ, რომ ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხზე საუბარი მაინც იყოს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სახალხო დამცველმა და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა.
სახალხო დამცველის განცხადებით, 2024 წელს პრობლემური იყო მედიის წარმომადგენლების მიმართ ქვეყანაში არსებული საფრთხის შემცველი გარემო, რაც განსაკუთრებული სიმწვავით საპროტესტო შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლინდა.
„აქციების დროს სამართალდამცველების განსაკუთრებული აგრესიის მსხვერპლები, აქციის მონაწილეებთან ერთად, გახდნენ ჟურნალისტები. ჟურნალისტების მიმართ ადგილი ჰქონდა როგორც არასათანადო მოპყრობას, ისე მათ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას.
დაუსჯელები არიან ზამთრის აქციებისას ე.წ. შავნიღბიანი ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც სასტიკად დაესხნენ თავს, მათ შორის, ჟურნალისტებს“, - თქვა ლევან იოსელიანმა.
„მომესმა, თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა?! ნამდვილად მეუცნაურა!
პოლიციელები კვირების განმავლობაში ამ ქვეყანას, ამ ქვეყნის სტაბილურობას, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს იცავდნენ - იცავდნენ იმას, რომ რევოლუცია და გადატრიალება არ მომხდარიყო. აღარ ვსაუბრობ პიროტექნიკის, ცივი იარაღის თუ სხვადასხვა საშუალების შესახებ, რაც გამოიყენებოდა და როგორც ხდებოდა პოლიციელებზე თავდასხმა. ამის მიღმა პოლიციელები უდიდესი ფსიქოლოგიური და ემოციური სტრესის ქვეშ იყვნენ თითოეული დემონსტრანტის და მათ შორის იმ ჟურნალისტების მხრიდან, ვისზეც თქვენ საუბრობთ, თუმცა არცერთი ფაქტი არ მინახავს, რომ პოლიციელების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ რაიმე არაკორექტული იყო და თუ ერთეულ შემთხვევაზეა საუბარი, ამის განზოგადება არ შეიძლება“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა ნინო წილოსანმა.
ამავე პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი დაინტერესდა, მუშაობენ თუ არა ისევ სახალხო დამცველის აპარატში ის თანამშრომლები, რომლებიც ნინო ლომჯარიას ომბუდსმენობის პერიოდში საპარლამენტო ანგარიშების მომზადებაში მონაწილეობდნენ.
როცა დაინიშნეთ ამ პოზიციაზე, ჩაატარეთ თუ არა რეორგანიზაცია და ვისთან ერთად მუშაობთ? რატომ გამიჩნდა ეს კითხვა - მადლობა ბევრი რამისთვის, მაგრამ ვერ გავიგე ერთი რამ - თქვენ განაცხადეთ, რომ ციხეებში გადატვირთულობა არისო, მაგრამ არ ახსენეთ ის, რომ სწორედ საანგარიშო პერიოდში, გასულ წელს, გაიხსნა ლაითურის სუპერ თანამედროვე ციხე. ასევე, რომ საუბრობთ მანიფესტანტების უფლებები დაირღვაო, დაჭრილი პოლიციელი ერთხელ მაინც ხომ უნდა ახსენოთ? ასევე, ქალები მოგვისაკლისეთ და ქალის უფლებებიო, მადლობა ამისთვის. მე არ მაქვს იმის მოლოდინი, რომ თქვენ მე დამიცავთ, ეს დაცვა არც მჭირდება. ლომჯარია ამბობდა, რომ მე თქვენი დამცველი არ ვარო, თქვენ ხართ ჩვენი დამცველი? თუ ეს ასეა, ქალებზე რომ ისაუბრეთ, ქალ დეპუტატებსა და მათ თავდასხმაზე რატომ არ ისაუბრეთ? ბავშვებზე რომ ისაუბრეთ, მარიამ ლაშხის შვილებზე ერთხელ მაინც რატომ არაფერი თქვით? კარგი, 2024 წლის ანგარიში იყოო, რომ ბრძანეთ, გიორგი კალანდარიშვილის შვილებზე როდისმე მოიკითხეთ როგორ იყვნენ? მამამისს რომ მელანი შეასხა მავნებელმა სახეში და ბავშვები ამას პირდაპირ ეთერში უყურებდნენ, არ იცოდნენ დაბრმავდა თუ არა, სამსახურში მყოფი მათი მამა? ეს დაბალანსებული უნდა იყოს, რომ ჩვენ თქვენ დაგიჯეროთ! რაც არ უნდა გამიჭირდეს, არ გავბედავ რომ შეგაწუხოთ, იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი სხვა საქმე გაქვთ უკეთესი და უფრო მნიშვნელოვანი.
ალბათ, ეს „სტაფის“ ბრალია, რომ შერჩევითად გაწვდიან თემებს. რეორგანიზაცია ჩაატარეთ თუ არა და თუ არა, რატომ? ხომ არ მუშაობთ ისევ ქალბატონი მავნებელი ლომჯარიას კადრებთან ერთად და ხომ არ გვამყოფებთ მათ იმედზე, რომ თურმე ჩვენი უფლებები იქნება დაცული?
და ასკინკილა ბურჯანაძის კადრებთან ხომ არ მუშაობთ ისევ შემთხვევით, რომლებსაც ეჩვენებათ, რომ დეესკალაციის ოთახებში, დღევანდელ ქართულ ციხეებში არაადამიანური მოპყრობაა? ეს არის ძალიან უპასუხისმგებლო განაცხადი.
მაინტერესებს ისევ ამ ადამიანებთან ერთად მუშაობთ? თავხედებისგან იყო ეს აპარატი შემდგარი. მაინტერესებს ისევ ამ ხალხთან ერთად მუშაობთ? ჩაატარეთ რეორგანიზაცია თუ არა? თუ ჩაატარეთ, მაშინ რატომ ვერ ხედავთ მარიამ ლაშხის შვილებს, რატომ ვერ დაინახეთ, რომ ლაითურის ციხე აშენდა? რატომ ვერ გვხედავთ ჩვენ? ან გვითხარით, რომ არ ხართ ჩვენ ომბუდსმენი. ჩვენს უფლებებს როდისმე იცავთ? დაჭრილი პოლიციელი რატომ არ ახსენეთ? რატომ არ ახსენეთ ის, რომ ქვეყანას ჰქონდა სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე?“ - განაცხადა წულუკიანმა.
„მე ვმუშაობ ადამიანებთან ერთად, რომლებიც დამხვდნენ სახალხო დამცველის აპარატში. მათი ნაწილი არის ბატონი სოზარის დროიდან, ნაწილი მომდევნო სახალხო დამცველების. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანები თავიანთ საქმეს აკეთებენ კეთილსინდისიერად, უნდა განვსაჯო თუ ვის დროს არიან ისინი მოსული. რეორგანიზაციის საფუძველი შეიძლება იყოს ბევრი სხვა რამ, მაგრამ არა ეს.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია რომ არ არის ამ დარბაზში, ჩემზე გადაწყვიტეთ ჯავრი იყაროთ, მაგრამ შევეცდები ყველა კითხვას ვუპასუხო. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის, მგონი, უამრავი მაგალითია. ანგარიშს თუ ნახავთ, იქ მითითებულია ჟურნალისტების ცემის, ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტები.
თუ სახელმწიფო დაარღვევს თქვენს უფლებებს, ნამდვილად დავიცავ. თუ სახელმწიფო დაარღვევს იმიტომ, რომ სახალხო დამცველი იცავს ადამიანების უფლებებს სახელმწიფოსგან და არ იცავს სახელმწიფოს. ეს წერია ორგანულ კანონში და ეს არის კონსტიტუციური ჩანაწერის სულისკვეთება. ...ჩემი მოვალეობაა, დავიცვა ადამიანის უფლებები სახელმწიფოსგან, ამ შემთხვევაში პოლიციისგან“, - აღნიშნა იოსელიანმა.
