რომის პაპმა, ლეონ XIV-მ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა და ქართველ ხალხს სამძიმრის წერილით მიმართა. წერილის ადრესატები საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და წმინდა სინოდის წევრები არიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
რომის პაპი ხაზს უსვამს პატრიარქის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ისტორიის გარდამტეხ ეტაპზე და მის სულიერ სიმტკიცეს: „თქვენი ერისათვის ამ მწუხარე ჟამს, გიერთდებით ლოცვაში და თქვენთან ერთად მადლიერებით ვიხსენებ მწყემსსა და მამას, რომელიც მრავალი წლის მანძილზე წინ მიგიძღოდათ სიკეთით, სიბრძნით და სახარებისეული ძლიერებით“.
პაპი ლეონ XIV წერს, რომ ილია II-ის მსახურება მძიმე ეპოქალურ ცვლილებებს დაემთხვა, თუმცა იგი მუდმივად რჩებოდა ტრადიციების მფარველად და იმედის მომცემად მთელი საზოგადოებისთვის. წერილში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა პატრიარქის მუსიკალურ მემკვიდრეობასაც, როგორც ეკლესიებს შორის დამაახლოებელ ხიდს.
„უამრავი ადამიანისთვის პატრიარქი ილია II იყო ხმა შერიგებისა, დაუღალავი შემოქმედი ერთობისა. მწყემსის სიკვდილმა გულები სასოწარკვეთით კი არა, იმის რწმენით უნდა აგვივსოს, რომ სიცოცხლე არ ჰქრება, არამედ გარდაიქმნება“, - აღნიშნავს რომის პაპი.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე დასასწრებად თბილისში ვატიკანის მაღალი რანგის დელეგაცია ჩამოვა. დელეგაციას სათავეში ჩაუდგება ქრისტიანთა ერთობის ხელშეწყობის დიკასტერიის პრეფექტი, კარდინალი კურტ კოხი.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან: მონსენიორ ლადრაპა იარომირი - დიკასტერიის თანამშრომელი; მთავარეპისკოპოსი ანტე იოზიჩი - სამოციქულო ნუნციუსი საქართველოში; მონსენიორ ალექსანდრ რაჰინია - პაპის დესპანის მრჩეველი; ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო - კავკასიის ლათინ კათოლიკეთა ადმინისტრატორი; მონსენიორ გევორქ ნორადუნგიანი - სომეხ კათოლიკეთა ორდინარიუსი.

ილია II, რომელიც საქართველოს ეკლესიას თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში მართავდა, 93 წლის ასაკში, 17 მარტს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად მასიური შინაგანი სისხლდენა და სასიცოცხლო ორგანოების უკმარისობა დასახელდა. პატრიარქს 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.
ახალი პატრიარქის არჩევამდე ეკლესიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) უხელმძღვანელებს.
