რუსეთი სომხური ხილის იმპორტს კრძალავს - დანაკლისის შევსებას საქართველოდანაც განიხილავენ

რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა („როსსელხოზნადზორი“) სომხეთიდან რუსეთში კურკოვანი კულტურების - ალუბლის, ბლის, გარგარის, ქლიავის, ატმის, ნექტარინისა და ყურძნის იმპორტი აკრძალა. შეზღუდვა ასევე ეხება აღნიშნული პროდუქციის ტრანზიტს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (ЕАЭС) წევრ სხვა სახელმწიფოებში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„როსსელხოზნადზორი“ გადაწყვეტილების მიზეზად სომხურ პროდუქციაში საშიში მავნებლების (საკარანტინო ობიექტების) გამოვლენის გახშირებულ ფაქტებს ასახელებს. რუსული უწყება პრობლემას სომხეთის სამთავრობო სტრუქტურულ ცვლილებებს უკავშირებს: „იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში სომხეთიდან მოწოდებული პროდუქცია არ შეესაბამება ЕАЭС-ისა და რუსეთის ფიტოსანიტარიულ მოთხოვნებს, არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ სომხეთის ეკონომიკის სამინისტრო სტრუქტურულ პრობლემებს განიცდის და ვერ უმკლავდება იმ უფლებამოსილებებს, რომლებიც მას სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაუქმების შემდეგ მიენიჭა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის სურსათის მწარმოებელთა და მიმწოდებელთა ასოციაციის („რუსპროდსოიუზი“) ხელმძღვანელის, დმიტრი ლეონოვის განმარტებით, რუსეთი აკრძალული პროდუქციის ჩანაცვლებას სხვა ქვეყნების ხარჯზე გეგმავს: გარგარი - თურქეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი. ბალი - უზბეკეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, მოლდოვა. ატამი - თურქეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და საქართველო. ყურძენი და ნექტარინი - თურქეთი, უზბეკეთი, ეგვიპტე, ინდოეთი, ჩინეთი. ალუბალი - სერბეთი, მოლდოვა.

ლეონოვის თქმით, სომხური ხილი რუსეთის ბაზარზე ვიწრო ნიშას იკავებს, ამიტომ მის აკრძალვას მიწოდების საერთო მოცულობაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ რუსეთი ფიტოსანიტარიულ შეზღუდვებს ხშირად იყენებს როგორც ეკონომიკური და პოლიტიკური შანტაჟის ინსტრუმენტს. მაისის ბოლოდან „როსსელხოზნადზორმა“ სომხური პროდუქციის წინააღმდეგ მთელი კასკადი აამოქმედა - ხილამდე აიკრძალა ყვავილების, მინერალური წყლის, ბოსტნეულის, მწვანილის, მარწყვისა და თევზპროდუქტების იმპორტიც.

ეს ეკონომიკური ემბარგო ემთხვევა სომხეთში 7 ივნისს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და პირდაპირ უკავშირდება ერევანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას, რაც სომხეთის დასავლეთისკენ საგარეო-პოლიტიკური კურსის ცვლილებამ განაპირობა. დაძაბულობის ფონზე, მოსკოვი ერევნისგან ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დარჩენის საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებასაც კი ითხოვდა, თუმცა პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.