რუსეთი ჟენევის დისკუსიების ფორმატის შეცვლას კვლავ მოითხოვს

რუსეთის ფედერაცია ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის შეცვლასა და ჟენევიდან სხვა ლოკაციაზე გადატანას აქტიურად ცდილობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის განცხადებით, მოსკოვისთვის შვეიცარიამ ნეიტრალური შუამავლის სტატუსი დაკარგა, რადგან ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს შეუერთდა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს საკითხი არაერთხელ დავაყენეთ და მომავალშიც აქტიურად და მტკიცედ მოვითხოვთ მის გადაწყვეტას“, - განაცხადა გალუზინმა.

პოლიტიკური მოტივების გარდა, რუსული მხარე ხაზს უსვამს ლოგისტიკურ სირთულეებს. კერძოდ, მოსკოვი აცხადებს, რომ სანქციების ფონზე პირდაპირი ავიამიმოსვლის შეწყვეტა რუსული დელეგაციებისთვის ჟენევაში ჩასვლას ართულებს.

გალუზინის მტკიცებით, ახალი პლატფორმის ძიება თითქოს „პროცესში მონაწილე ყველა მხარის კომფორტს“ ემსახურება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ თავად განცხადებაში მან საქართველო საერთოდ არ მოიხსენია.

ამ ინიციატივას სოხუმისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმები მხარს უჭერენ. მოსკოვი მოელის, რომ დისკუსიების თანათავმჯდომარეები (ევროკავშირი, გაერო და ეუთო) აღნიშნულ მოთხოვნას „სრული სერიოზულობით“ მოეკიდებიან.

რუსი მაღალჩინოსანი ტრადიციულად ცდილობს პასუხისმგებლობის საქართველოსთვის დაკისრებას. გალუზინის თქმით, რეგიონში ინციდენტების უმეტესობა „საზღვრის“ უკანონო კვეთას უკავშირდება. ის ასევე აცხადებს, რომ სოხუმისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება დამრღვევებს სისხლისსამართლებრივი დევნის გარეშე აბრუნებს, რაც მოსკოვის მტკიცებით, მათი „ჰუმანურობის“ გამოვლინებაა.

მოსკოვისთვის ჟენევის დისკუსიების უმთავრესი მიზანი კვლავ „საქართველოს მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ძალის გამოუყენებლობის შესახებ იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების“ მიღწევაა, რითაც რუსეთი ცდილობს თავი აარიდოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს (კერძოდ, რუსული ჯარების გაყვანას).

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს თანათავმჯდომარეობით დაფუძნდა. პროცესში ჩართულნი არიან საქართველოს, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დელეგაციები. ფორმატი ორი სამუშაო ჯგუფისგან შედგება: ერთი მშვიდობისა და უსაფრთხოების, ხოლო მეორე ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.