რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახური მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსოფლიო პატრიარქს კათოლიკოს-პატრიარქის „გამოთავისუფლებულ თანამდებობაზე“ იმ კანდიდატების დაწინაურება სურს, „ვისზეც შეძლებდა დაყრდნობას“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 5 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
- 6 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
„მიღებული ინფორმაციის თანახმად, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი აგრძელებს მსოფლიო მართლმადიდებლობის გახლეჩვის მზაკვრული პოლიტიკის დაჟინებით გატარებას, სადაც ხელმძღვანელობს პრინციპით „გათიშე და იბატონე“. ამჯერად, მას სურს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალებით ისარგებლოს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის განცხადებაში.
რუსული მხარე ამტკიცებს, თითქოს კონსტანტინოპოლის პატრიარქი საქართველოს ეკლესიის მეთაურობის კანდიდატებად დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამსა (გარმელია) და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილი) განიხილავს: „ის მათ თავის ახლო წრეს წარუდგენს, როგორც მისი ნების ყველაზე შესაფერის აღმსრულებლებს“.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ საგარეო დაზვერვის მიერ დასახელებული პირები, შესაძლოა, ვერ აკმაყოფილებდნენ საეკლესიო კანონმდებლობით დადგენილ კრიტერიუმებს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქობის კანდიდატი 40-დან 70 წლამდე უნდა იყოს. მიტროპოლიტი აბრაამი ამჟამად 77 წლისაა, ხოლო მიტროპოლიტი გრიგოლი მიმდინარე წლის ივლისში ხდება 70 წლის.
რუსეთის დაზვერვის განცხადება მსოფლიო პატრიარქის მისამართით მკვეთრი და შეურაცხმყოფელი რიტორიკით გამოირჩევა: „საეკლესიო წრეებში აღნიშნავენ, რომ ძალაუფლებისადმი ლტოლვა კონსტანტინოპოლის სექტანტის მუდმივი თანამგზავრი გახდა. თავისი ქმედებებით ბართლომეოსი „პატივის უპირატესობას“ კვლავ ცვლის „ძალაუფლების უპირატესობით“, ერევა მორიგი, - აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი უძველესი - საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საქმეებში. აშკარაა, რომ როგორც უკრაინის, სერბეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში, მას დაავიწყდა მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მეორე წესი: „რეგიონულმა ეპისკოპოსებმა არ უნდა გაავრცელონ თავიანთი უფლებამოსილება მათი რეგიონის გარეთ მდებარე ეკლესიებზე...“.
რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მსოფლიო საპატრიარქოსთან ევქარისტიული კავშირი 2018 წლის შემდეგ აქვს გაწყვეტილი, რაც უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებას უკავშირდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 2026 წლის 17 მარტს გარდაიცვალა. მის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსიც დაესწრო, რომელმაც ქართველ მღვდელმთავრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა წესის აგებაში.

საქართველოს ეკლესიის ახალი მეთაური წმინდა სინოდმა 40-დღიანი გლოვის დასრულების შემდეგ, მაქსიმუმ ორ თვეში უნდა აირჩიოს. ერთ-ერთ კანდიდატად მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მიიჩნევა, რომელიც ილია მეორემ 2017 წელს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ დაასახელა.
