რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო კანონი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან (დე ფაქტო „სამხრეთ ოსეთი“) „სამოკავშირეო ურთიერთობების გაღრმავების“ შესახებ დადებული ხელშეკრულების რატიფიკაციის თაობაზე. პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წარდგენილი კანონპროექტი დუმამ 2026 წლის 13 მაისს დაამტკიცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
- 4 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 5 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 6 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 9 მაისს, მოსკოვში, ვლადიმირ პუტინისა და დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის შეხვედრა, სადაც მათ ხელი მოაწერეს ახალ დოკუმენტს. პუტინმა რატიფიცირების პროცესი დაჩქარებული წესით დაიწყო და დოკუმენტი დუმაში ხელმოწერიდან მეორე დღესვე შეიტანა.
ცხინვალის მარიონეტი ლიდერი, რომელიც მოსკოვში ე.წ. გამარჯვების დღის 81-ე წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე იმყოფებოდა, ხელშეკრულებას ისტორიული მნიშვნელობის მოვლენად აფასებს.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნაბიჯი ოსი ხალხის გაერთიანების პროცესის დასაწყისს აღნიშნავს. სიამაყით ვარ აღსავსე, რომ მქონდა შესაძლებლობა, გადამედგა ნაბიჯი დიდ რუსეთთან ერთიანობისკენ, ჩვენი უხუცესების არჩევანის გზაზე. 2008 წელს რუსეთმა ჩვენი ხალხი საქართველოს სამხედრო აგრესიისგან დაიცვა, რის შემდეგაც დაიწყო რესპუბლიკის მასშტაბური აღდგენა. 2015 წელს გაფორმებულმა ინტეგრაციის ხელშეკრულებამ დიდი ბიძგი მისცა ჩვენს დაახლოებას, დღეს კი ჩვენი ურთიერთობები განვითარების ახალ დონეზე გადადის“, - განაცხადა ალან გაგლოევმა.
ახალი შეთანხმება წარმოადგენს 2015 წელს გაფორმებული ე.წ. დიდი ხელშეკრულების გაგრძელებას და რეგიონის რუსეთთან ფაქტობრივი ასიმილაციის უპრეცედენტო ეტაპია. მისი მთავარი ღერძი სამართლებრივი სინქრონიზაციაა:
- ცხინვალის რეგიონი იღებს ვალდებულებას, თავისი სამოქალაქო, საგადასახადო, შრომითი და სოციალური კანონმდებლობა სრულად შეუსაბამოს რუსულ მოდელს.
- დოკუმენტი უშვებს უპრეცედენტო სამართლებრივ კონსტრუქციას - რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც არ აქვს ოკუპირებული რეგიონის ე.წ. მოქალაქეობა, შეეძლება დაიკავოს დე ფაქტო პრეზიდენტის ან მთავრობის წევრის პოსტი და პირიქით.
- მოსკოვი თავის თავზე იღებს საპენსიო უზრუნველყოფისა და ხელფასების ზრდის ვალდებულებას. დე ფაქტო მინისტრ ოლეგ გაგლოევის განმარტებით, შრომის კანონმდებლობის გათანაბრების შედეგად, ხელფასები თვეში ერთხელ გაცემის ნაცვლად, რუსული მოდელით, თვეში ორჯერ გაიცემა.
- იგეგმება ენერგეტიკული, გაზსატრანსპორტო, სატრანსპორტო და სატელეკომუნიკაციო სისტემების სრული გაერთიანება.

ანალიტიკოსების შეფასებით, თუკი წინა წლების ხელშეკრულებები ფორმალურად მაინც ტოვებდა „სუვერენიტეტის“ დათქმას, ახალი დოკუმენტით ხდება ოკუპირებული რეგიონის სრული ინსტიტუციური შთანთქმა. რუსეთი სოციალური სარგებლისა და დაფინანსების სანაცვლოდ რეგიონის მართვის ბერკეტებს სრულად იბარებს.
აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა პარტია „გახარია საქართველოსთვის“. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესი აქტიურ და უკიდურესად საშიშ ფაზაშია გადასული. გახარიას პარტია „ქართული ოცნების“ მოქმედებებს „დანაშაულებრივ დუმილს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ჟენევის მოლაპარაკებების „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ გადატანას ითხოვს. გახარიას გუნდის შეფასებით, ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები, მათ შორის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებული განცხადებები და 2008 წლის ომში საქართველოს დამნაშავედ წარმოჩენის მცდელობა „საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან“. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო საგუშაგოს განთავსების გამო ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ წარმოებული დევნა რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკას იმეორებს. პარტია მოუწოდებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, მოახდინოს მკაფიო რეაგირება და საერთაშორისო პარტნიორების მობილიზაცია, რათა არ დაუშვან ცხინვალის რეგიონის საბოლოო ანექსია.
საერთაშორისო თანამეგობრობა და ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობა ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. რუსეთის მიერ 2008 წელს აღიარებულ ე.წ. დამოუკიდებლობას მხარს უჭერს მხოლოდ ოთხი სახელმწიფო: ნიკარაგუა, ვენესუელა, ნაურუ და სირია.
აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულება გაფორმებულია განუსაზღვრელი ვადით და ძალაში შედის რატიფიცირებისთანავე.
ნებისმიერი მსგავსი შეთანხმება, რომელიც ოკუპანტ ქვეყანასა და მის მიერ კონტროლირებად რეჟიმს შორის ფორმდება, საერთაშორისო სამართლის მიხედვით იურიდიული ძალის არმქონეა.
