რუსეთის ფედერაციის საბჭოს ვიცე-სპიკერმა კონსტანტინ კოსაჩევმა, თბილისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გამოსვლა, ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევად მოიხსენია. იგივე შინაარსის შეფასებები გააკეთეს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ პირველმა პირებმაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ოთხშაბათს აქტიური მონაწილეობა მიიღეს უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო უკანონო აქციაში. ისინი არიან სახელმწიფო დეპარტამენტის მორიგი ვიქტორია ნულანდები თავისი ორცხობილებით კიევის მაიდანზე. ქვეყნები იცვლება, მეთოდები კი იგივე რჩება - საცდელი ქვეყნების სუვერენიტეტის სრული უგულებელყოფა და მთელი მსოფლიოს თვალწინ, მათ საქმეში უცერემონიო ჩარევა“, - კოსაჩევი ამით არ შემოიფარგლა და ქვეყნის გარედან დაფინანსებულ გადატრიალებაზეც ისაუბრა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკანონმდებლო რეგულირება არის იმპერატივი ნებისმიერი სახელმწიფოსთვის, რომელიც იცავს თავის კონსტიტუციას და ხალხს გარედან დაფინანსებული გადატრიალებისგან. სამი უცხო ქვეყნის (ყველა ნატოდანაა, ევროკავშირი აქ არაფერ შუაშია) საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავისი მოუხერხებელი ქმედებებით - ქუჩიდან მოთხოვნით საქართველოს სუვერენულ საქმეებში საგარეო ჩარევის თავისუფლება შენარჩუნდეს - ამ თემას მხოლოდ მარილი და პილპილი დაუმატეს. ბევრად უფრო გამჭვირვალე. უფრო მეტი გამჭვირვალობა რა გინდათ“.
კოსაჩევის პროპაგანდისტულ განცხადებებთან სრულ თანხვედრაშია, ბიძინა ივანიშვილის მიერ, 29 აპრილს გაჟღერებული ანტიდასავლური გზავნილები და უმაღლესი თანამდებობის პირების ის შეფასებები, რაც მათ ევროპელი მინისტრების აქციაზე გამოსვლის შემდეგ გააკეთეს.
„უცხოელი ოფიციალური პირების მიერ ამ პროტესტში მონაწილეობა, საქართველოს სუვერენიტეტისა და დიპლომატიური პრაქტიკის უგულებელყოფით და „დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების“ სახელით, უკეთეს შემთხვევაში, ფარისევლობაა, ხოლო უარეს შემთხვევაში - ქვეყნის აყირავების მცდელობა.
ეს არის ქართველი ხალხის ღია, უხეში, უპატივცემულობა, როდესაც მისი არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე უცხოელი პოლიტიკოსი გამოდის. როდესაც ჩვენ წინა დღეს საქმე გვქონდა პარლამენტის წევრებთან (გერმანიის, ლიეტუვის, თუ სხვა პარლამენტის წევრებთან, რომლებიც აქციაზე იმყოფებოდნენ), იქ გამართლება ჰქონდათ, რომ პოლიტიკოსები არიან, თავისუფალი მანდატი აქვთ და მასზე სახელმწიფო რაიმე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო მიტინგზე სიტყვით გამოდის, ეს არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
„2014 წელს ფერადი რევოლუცია მოაწყეს უკრაინაში და დღეს იმ მეთოდებით ცდილობენ საქართველოში რევოლუციის მოწყობას. ყველა ვხედავთ რა მდგომარეობაშია უკრაინა. გარედან არის იმის მცდელობა, რომ ქვეყანაში მოხდეს გადატრიალება, რევოლუცია. ამის მაგალითია თუნდაც ის უცხოელები, რომლებიც ჩამოსულები იყვნენ და პირდაპირ აქციაზე გავიდნენ. არ ვიცი, ამაზე დიდი ლუსტრაცია რა შეიძლება იყოს და იმის ჩვენება, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს არ არის მეგობრობა. ეს არის პირდაპირ მტრობა, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა ქვეყანაში. ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი. ჩვენ გაშიფრული გვაქვს, ვინ დგას ამ აქციების უკან, ვინ არიან ის რადიკალური დაჯგუფებები, ვინ არიან დონორები, უცხოეთიდან საიდან ფინანსდება და ა.შ. ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს უკან გაწვეული ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 2024 წლის 3 აპრილს პარლამენტში ხელახლა დააინიცირა და 14 მაისს მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები და ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების მოთხოვნა, კანონი უპირობოდ უკან გაეწვიათ.
15 მაისს საქართველოში ვიზიტით მყოფი ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ და დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს.
„მე მინდა ქართველი ხალხისთვის ის მომავალი, რომელშიც გარანტირებულია ევროპული მომავალი. ჩვენ ეს მოგზაურობა ერთად დავიწყეთ და ჩვენმა ერებმა იციან, რას ნიშნავს მოსკოვის წნეხის ქვეშ ყოფნა. ჩვენ არასდროს მიგატოვებთ, მაგრამ ყველა ჩვენგანმა უნდა გამოვძერწოთ ჩვენი ერების ბედი“, - თქვა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.