ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონში, რუსეთის განათლების სამინისტროს დავალებით, რუსული ენის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნა, სადაც რუსულს და მისი ეფექტურად სწავლების მექანიზმებს სკოლის მასწავლებლებს, ასევე მოსწავლეებსა და სტუდენტებს შეასწავლიან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 ონლაინმედიის ჟურნალისტებს პარლამენტში გაურკვეველი ვადით არ შეუშვებენ
„გალი არ არის მარტივი რაიონი. ადგილობრივი მცხოვრებლები იზოლირებულები არიან აფხაზეთის ნაწილისგან და ეს სწორედ იმით არის განპირობებული, რომ რუსულ ენასთან დაკავშირებული პრობლემებია. ჩვენი მიზანია, რომ ეს პრობლემები შემცირდეს მაინც, თუ არ აღმოიფხვრა“, - განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, იგორ ბასოვმა.
ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში ბასოვმა თქვა, რომ მომავალში იგეგმება მოსწავლეების მხარდაჭერა, რათა მათ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარება შეძლონ:
„ცენტრის საქმიანობის გაფართოების პირობებში ვგეგმავთ ადგილობრივი ახალგაზრდობის საგრანტო მხარდაჭერას, პროექტების განხორციელებას... ეს ერთ-ერთი ხერხია, რომ ისინი აფხაზეთში დარჩნენ, ან თუ აფხაზეთში არა, რუსეთში.
სამწუხაროდ, აფხაზეთის უმაღლესი განათლების სისტემა არ ფარავს ყველა სპეციალობას, მაგალითად, მედიცინას და ნებისმიერ შემთხვევაში ახალგაზრდები დგებიან არჩევანის წინაშე, რუსეთში ჩააბარონ თუ საქართველოში. ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ რუსეთის უმაღლეს სასწავლებელს აირჩევენ“.
ცენტრი მუშაობას 15 სექტემბრიდან დაიწყებს და ამ ეტაპზე, მისი ამოცანა სამი თვის განმავლობაში დაახლოებით 300 ადამიანისთვის რუსული ენის სწავლება იქნება. სწავლებას გაუძღვებიან სპეციალისტები კრასნოდარის მხარის არმავირის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტიდან. რუსეთის განათლების სამინისტროს დავალებით, სწორედ ეს უნივერსიტეტი ახორციელებს პროექტს, რომლის მიზანი ცენტრის მხარდაჭერა და განვითარებაა.
რუს სპეციალისტებს რუსული ენის სწავლების პროცესში გალელები დაეხმარებიან.
„მასწავლებელმა უნდა იცოდეს იმ ადამიანების ენა, რომელთანაც ურთიერთობს, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგები არ ფლობენ მეგრულ ენას. ამიტომ უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შუამავლის, თარჯიმნის როლს შეასრულებს. დღეს ამ საკითხზე ვმუშაობთ“, - განაცხადა ბასოვმა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ცენტრი განახორციელებს პროგრამებს, რომლებიც მოიცავს რუსულ ენაზე გაკვეთილების მომზადების დროს თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებას, მეტყველების კულტურას, ენის ტრადიციებსა და მახასიათებლებს, რუსი ხალხის ყოფით ურთიერთობებს, გამართულად კითხვას, რუსული ენის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში, ასევე, ტურიზმის სფეროში.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ენა, აფხაზურთან ერთად, სახელმწიფო ენად არის აღიარებული.
დე ფაქტო ხელისუფლებამ გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების სრულად აკრძალვის გადაწყვეტილება 2021 წელს მიიღო, რაც თბილისმა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებად შეაფასა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებით, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მიზანი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურება და მოსახლეობის სრული ასიმილაციაა.