15 ივნისის ღამეს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც მძიმედ დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული ძეგლები, მათ შორის, კიევ-პეჩერის ლავრა, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. კიევსა და ხარკოვში დაიღუპა სულ მცირე 9 ადამიანი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
დარტყმების მთავარი სამიზნე დედაქალაქი და ქვეყნის სხვა რეგიონები იყო. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა 611 უპილოტო საფრენი აპარატი და 70 რაკეტა, მათ შორის 6 ხომალდსაწინააღმდეგო და 34 ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა.
დარტყმის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე მდებარე XI საუკუნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის სახურავს. მაშველებმა ხანძრის ლიკვიდაცია მალევე შეძლეს.
ლავრის მმართველის, ეპისკოპოს აბრაამის განცხადებით, სასულიერო პირებისა და მაშველების კოორდინირებული მოქმედებების წყალობით, უძველესი ხატებისა და სხვა სიწმინდეების სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა, რითაც თავიდან აიცილეს ფასეული ნივთების განადგურება.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ იერიშს უწოდა „მორიგი რუსული დანაშაული კაცობრიობის, ისტორიისა და ქრისტიანობის წინააღმდეგ“ და დასძინა: „კიდევ რა უნდა გააკეთოს კრემლის ანტიქრისტემ, რომ მსოფლიომ საბოლოოდ გააცნობიეროს გადამწყვეტი ქმედებების აუცილებლობა უკრაინის წინააღმდეგ რუსული ტერორის შესაჩერებლად...?“.
„რუსული დარტყმის გამო კიევ-პეჩერის ლავრაში იწვოდა უსპენსკის ტაძარი - ეკლესია, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ XI საუკუნეში დაიწყო. და ეს დღეს არის ერთ-ერთი უდიდესი რუსული დანაშაული ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ. ასე უჩვენებს რუსეთი მსოფლიოს თავის განზრახვას, გააგრძელოს ომი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მან გადამწყვეტი პასუხი მოითხოვა „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნებისგან, რომლებიც დღეს საფრანგეთში სამიტზე იკრიბებიან. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის კუთხით დახმარების გაზრდის კრიტიკულ აუცილებლობას და განსაკუთრებული აქცენტი ანტიბალისტიკური სისტემების მიწოდებაზე გააკეთა.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრიი სიბიგამ აღნიშნა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით, „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“. „ჩვენ დაუყოვნებლივ, სასწრაფო წესით დავიწყებთ ყველა შესაბამის პროცედურას იუნესკოსა და სხვა საერთაშორისო მექანიზმების ფარგლებში, რათა მოვითხოვოთ დაუყოვნებელი და ადეკვატური საპასუხო ზომები ამ სახელმწიფოებრივი ბარბაროსობის საპასუხოდ“, - თქვა სიბიგამ.
ლავრის გარდა, მძიმედ დაზიანდა სხვა კულტურული და სამოქალაქო ობიექტებიც. კიევში ცეცხლი გაუჩნდა დოვჟენკოს სახელობის ეროვნულ კინოსტუდიას. კულტურის მინისტრის განცხადებით, კინოსტუდიაში მთლიანად განადგურდა უკრაინის ყველაზე დიდი და ძველი კოლექცია, რომელიც დაახლოებით 100 000 კოსტიუმსა და 3 მილიონამდე ტანსაცმელს ითვლიდა.
იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 30 დაშავდა (მათ შორის ორსული ქალი და ბავშვი), ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში 140 000-მდე მცხოვრები კი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
მძიმე ვითარებაა სხვა ქალაქებშიც - ხარკოვში ხანძრის ჩაქრობისას, განმეორებითი დარტყმის შედეგად, 5 მაშველი დაიღუპა და კიდევ 5 დაშავდა. დნიპროში დაზიანდა ორღანისა და კამერული მუსიკის სახლი.
იერიშები ასევე განხორციელდა დონეცკის, ზაპორიჟიეს, სუმისა და მიკოლაივის ოლქებში.
რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის პოზიციას, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 ივნისის დილას გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ „მასიური დარტყმა მიაყენეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს კიევში, ხარკოვსა და დნიპროში, რაც კიევის რეჟიმის ტერორისტულ აქტებზე პასუხს წარმოადგენდა“.
