თბილისში, პროევროპული აქციების მსვლელობისას, „ადგილზე სიტუაციის გაცნობად“ რუსეთის სამართალდამცველთა პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი, ალექსეი ლობარევი იმყოფებოდა. ის ქართველ პოლიციელებთან ერთად გადაღებულ ფოტოს Facebook-ში აქვეყნებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 5 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„საქართველოდან კოლეგების მიწვევით, როგორც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების პროფკავშირების ასოციაციის ხელმძღვანელი და საერთაშორისო თანამშრომლობის კომისარი, მივლინებაში გავემგზავრე, რათა ადგილზე გავცნობოდი თბილისში, უკანონო ანტისამთავრობო პროტესტებით გამოწვეულ ვითარებას.
დასაწყისშივე მინდა აღვნიშნო, რომ ქართველების უმრავლესობას ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება აქვს პროტესტის მონაწილეების მიმართ“, - წერდა ლობარევი სოციალურ ქსელ Facebook-ში 10 დეკემბერს.
მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა „ამ ექსტრემალურ სიტუაციაში თავი ღირსეულად გამოავლინეს“. ალექსეი ლობარევი ხაზს უსვამს, რომ „არეულობის მონაწილეების ქმედებების შედეგად“, 150-ზე მეტი პოლიციელი დაშავდა.
„მათ დამწვრობები, მოტეხილობები, თავისა და სახის ტრავმები აქვთ. ბოევიკების ორგანიზებულმა ჯგუფებმა გამოიყენეს პიროტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები, ხელკეტები, კასტეტები და სპეციალური შურდულებიც კი პოლიციის ტექნიკისა და თანამშომლების წინააღმდეგ.
ხაზი მინდა გავუსვა ორ რაღაცას, რაც საქართველოს დედაქალაქს ახასიათებს:
1. საღამოსა და ღამის პროტესტის მიუხედავად თბილისში დღისით ცხოვრება ჩვეულ კალაპოტში მიედინება.
2. საქართველოში რუსეთისადმი დამოკიდებულება ბოლო თვეებში საგრძნობლად გაუმჯობესდა. ქუჩებში, ბაზრობებზე, მაღაზიებსა და კაფეებში რუსულად თავისუფლად ვლაპარაკობდი, ყველას ჩემი ესმოდა და რუსულადვე მპასუხობდა“, - წერს ლობარევი.
როგორც ის აღნიშნავს, პროფკავშირები პოლიტიკის მიღმა არიან, ხოლო მათი „მთავარი მიზანი სამართალდამცავების უფლებებისა და ინტერესების დაცვაა, პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად“.
თბილისში მრავალათასიანი საპროტესტო მანიფესტაციები მიმდინარეობს 28 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის შეჩერების შესახებ განაცხადა. საპროტესტო აქციების მრავალჯერ დარბევის, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლის, მასში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლების, ცრემლსადენი გაზის მასობრივად გამოყენების, ასობით დემონსტრანტის უკანონოდ დაკავების, დაჯარიმებისა და დაპატიმრების, დაკავებულთა წამების მიუხედავად, პროტესტი 18 დღეა უწყვეტად გრძელდება. მოქალაქეები პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
