რუსეთის საარჩევნო ექსპანსია ოკუპირებულ აფხაზეთში - უბნების რაოდენობა 9-დან 35-მდე გაიზარდა

რუსეთის ფედერაცია ოკუპირებულ აფხაზეთში სახელმწიფო სათათბიროს (დუმის) არჩევნებისთვის საარჩევნო ინფრასტრუქტურას აფართოებს. 20 სექტემბერს დაგეგმილი კენჭისყრისთვის რეგიონში 35 საარჩევნო უბანი გაიხსნება. შედარებისთვის, დუმის წინა არჩევნებზე, რომელიც 2021 წელს ჩატარდა, აფხაზეთის ტერიტორიაზე მხოლოდ 9 საარჩევნო უბანი იყო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ქალაქ სოხუმში უბნების რაოდენობა 8-მდე გაიზარდა, გაიხსნა სოხუმის რაიონის სოფლების (ბესლეთი, ეშერა, გუმისთა) უბნები, ხოლო გულრიფშის რაიონში, სადაც წინა არჩევნებზე უბნები საერთოდ არ ყოფილა, ამჯერად 3 ახალი პუნქტი იმუშავებს (პშაფი, აგუძერა, დრანდა). გარდა ამისა, საარჩევნო ქსელი გავრცელდა გუდაუთის რაიონის სოფლებსა (ოთხარა, ხიფსთა, ლიხნი, პრიმორსკოე) და ახალ ათონში, გაგრის რაიონის დაბებში (განთიადი, ბზიფი), ოჩამჩირის რაიონის 5 სხვადასხვა სოფელში (აჩიგვარა, აკვასკია, ჭლოუ, კუტოლი, აძიუბჟა), ხოლო ტყვარჩელში მოქმედი უბნების რაოდენობა ორამდე გაიზარდა. კვლავ ერთი უბანი იქნება გალში.

რუსეთის ე.წ. საელჩოს განცხადებით, საარჩევნო უბნების რაოდენობის ზრდა ამომრჩეველთა კომფორტს უკავშირდება. დუმის არჩევნებში მონაწილეობა რუსეთის იმ მოქალაქეებს შეეძლებათ, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ან დროებით იმყოფებიან ოკუპირებულ რეგიონში. კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად წინასწარი რეგისტრაციის გავლა საჭირო არ არის და ამომრჩეველმა მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი რუსული დოკუმენტი უნდა წარადგინოს.

აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეობა ამ დროისთვის დაახლოებით 190 ათას ადამიანს აქვს. ე.წ. სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის მონაცემებით, 2025 წელს რეგიონის მთლიანი მოსახლეობა 243 897 ადამიანს შეადგენდა.

„აფხაზეთში უამრავ ადამიანს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და მათთვის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები არ არის რაღაც აბსტრაქტული პოლიტიკა, არამედ სრულიად კონკრეტული საგნებია: სოციალური გარანტიები, რუსულ-აფხაზური პროექტები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის განვითარებისკენ. ყოველივე ეს პირდაპირ კავშირშია იმ კურსთან, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ. როდესაც ადამიანები მოდიან უბნებზე, ხმას აძლევენ, ისინი ამით აჩვენებენ, რომ მათთვის სულერთი არ არის, როგორ განვითარდება როგორც რუსეთი, ისე აფხაზეთი. ჩვენ წელს გავზარდეთ საარჩევნო უბნების რაოდენობა, რათა ადამიანებისთვის კომფორტული ყოფილიყო და შორს წასვლა არ დასჭირვებოდათ. ჩვენი ამოცანაა, რომ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა თითოეული ხმა გაგონილი იყოს“,  - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა აფხაზეთში ვიაჩესლავ გლადკოვმა.

რუსეთის ფარგლებს გარეთ დუმის არჩევნები სულ 152 ქვეყანაში, 319 საარჩევნო უბანზე ჩატარდება. შესაბამისად, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების დაახლოებით 11% ოკუპირებულ აფხაზეთში განთავსდება, რაც ნათლად აჩვენებს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მოსკოვისთვის აფხაზეთში მცხოვრები ამომრჩევლების მობილიზებას.

2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნებზე აფხაზეთში გახსნილ 9 საარჩევნო უბანზე ხმა სულ 14 549-მა ადამიანმა მისცა. ყველა უბანზე გამარჯვება რუსეთის მმართველმა პარტიამ, „ედინაია როსიამ“ (Единая Россия) მოიპოვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არჩევნები შეაფასა როგორც მოსკოვის მორიგი დესტრუქციული ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ. სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ არჩევნები უკანონო იყო და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ რუსეთის სახელმწიფო დუმის მაჟორიტარი დეპუტატების არჩევა ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარისა და იმიერბაიკალეთის ოლქებიდან პირდაპირ მიუთითებდა დე-ფაქტო ანექსიაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.