ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის შიდა პასპორტებისა და მართვის მოწმობების გაცემა გაურკვეველი ვადით შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ე.წ. პარლამენტის წევრებმა რუსული დოკუმენტების გამცემი პუნქტების აფხაზეთში განთავსების კანონიერება ეჭვქვეშ დააყენეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“ - ფონიჭალის მეჩეთმა მოჯთაბა ხამენეის მიმართვა გააზიარა
- 6 მოქალაქე თიანეთის პოლიციას სექსუალური ხასიათის მუქარასა და ძალადობაში ადანაშაულებს
რუსეთის ე.წ. საელჩოს მონაცემებით, აფხაზეთის დაახლოებით 190 000 მცხოვრებს რუსეთის მოქალაქეობა აქვს, თუმცა, მათ უმეტესობას შიდა რუსული პასპორტები არ გააჩნიათ, რაც „ზღუდავს მათ წვდომას სამთავრობო სერვისებსა და სოციალურ შეღავათებზე“.
აფხაზეთში რუსული შიდა პასპორტების გაცემის პუნქტები 2026 წლის იანვარში გაიხსნა, ხოლო რუსული მართვის მოწმობების გაცემა 2025 წლიდან მიმდინარეობდა.
როგორც რუსეთის „საელჩოში“ განაცხადეს, „რადგან აფხაზი პოლიტიკური ფიგურები, მათ შორის სახალხო კრების წევრები, ეჭვქვეშ აყენებენ ზემოაღნიშნული პუნქტების კანონიერებას, რუსული მხარე, რომელიც პატივს სცემს დამოუკიდებელი აფხაზეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტს, იძულებულია შეაჩეროს მათი ფუნქციონირება“.
„აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეებისთვის“ ამ დოკუმენტების მიღება მხოლოდ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იქნება შესაძლებელი. რუსული პასპორტის ასაღებად 4000-დან 6000 რუბლამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდაა საჭირო.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის მიერ დანიშნულმა ელჩმა, მიხაილ შურგალინმა ახაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთს „რესპუბლიკაში“ პასპორტების გასაცემად ყველა საფუძველი ჰქონდა, მათ შორის, „აფხაზეთის სახალხო კრების“ მიერ რატიფიცირებული შეთანხმება.
რუსი დიპლომატის თქმით, აფხაზეთში „მოქალაქეებს“ პასპორტის ასაღებად 300 რუბლის ოდენობის სახელმწიფო გადასახადის გადახდა უწევდათ, თუმცა „რუსეთში ეს უფრო ძვირი დაჯდება, რომ აღარაფერი ვთქვათ მგზავრობის ხარჯებსა და რეგისტრაციის ადგილის პოვნაზე, რადგან ამ პასპორტის მისაღებად რუსეთის ტერიტორიაზე მუდმივი რეგისტრაციის ქონაა საჭირო“.
„[აფხაზეთში] პროცედურა ორგანიზებული იყო „ერთი ფანჯრის“ პრინციპით - უფასოდ და რუსი სპეციალისტების მონაწილეობით, რათა შექმნილიყო ყველაზე კომფორტული პირობები რუსეთის მოქალაქეობის მქონე აფხაზეთის მოქალაქეებისთვის.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პერსონალის ყოფნა აფხაზეთში შეესაბამება რესპუბლიკის კანონმდებლობას და საერთაშორისო პრაქტიკას.
თუმცა, 4 თებერვალს თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე რამდენიმე დეპუტატმა, მათ შორის კან კვარჩიამ, რომელმაც მოგვიანებით საჯაროდაც გააკეთა კომენტარი, ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურის სპეციალისტების აფხაზეთში ყოფნის კანონიერება და ეს სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევად შეაფასა.
შედეგად, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, გაეწვია თავისი თანამშრომლები და შეეწყვიტა დოკუმენტების გაცემა რესპუბლიკაში“, - დასძინა რუსეთის „ელჩმა“.
არსებული ინფორმაციით, იანვრის შემდეგ, რუსული პასპორტის მიღება აფხაზეთის დაახლოებით 500-მა მოქალაქემ მოითხოვა, თუმცა, რუსული მხარის გადაწყვეტილების შედეგად, ეს განცხადებები განუხილველი დარჩა.
რაც შეეხება მართვის მოწმობებს, 2025 წლის აპრილიდან 16 146 უკვე ასეთი დოკუმენტია გაცემული.
