ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, 28 წლის ნინო კახნიაშვილს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დაუსწრებლად ცნეს დამნაშავედ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული მეომრის მონაწილეობას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 3 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ დაადგინა, რომ კახნიაშვილი უკრაინაში 2022 წლის აპრილში ჩავიდა, ნებაყოფლობით შეუერთდა საქართველოს ეროვნულ ლეგიონს, საბრძოლო მომზადება გაიარა და იმავე წლის სექტემბრამდე მონაწილეობდა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ წარმოებულ სამხედრო ოპერაციებში.
„2023 წლის გაზაფხულზე ის საბრძოლო მოქმედებების ზონაში დაბრუნდა, სადაც 2025 წლის ივნისამდე იბრძოდა. დაქირავებული შრომისთვის მან ფულადი ჯილდო მიიღო - 2 მილიონ რუბლზე მეტი ექვივალენტით“, - განაცხადეს ე.წ. პროკურატურაში.
რუსეთის ხელისუფლებას ნინო კახნიაშვილზე საერთაშორისო ძებნა აქვს გამოცხადებული. კახნიაშვილი ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ ის უკრაინაში ექიმად წავიდა ქალებისა და ბავშვების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის დასახმარებლად.
„ვადასტურებ, რომ ვიმყოფებოდი ე.წ. ცხელ წერტილებში, თუმცა ჩემი საქმიანობა სრულად შემოიფარგლებოდა სამედიცინო მოვალეობის შესრულებით. მე ვუწევდი დახმარებას როგორც სამხედრო პირებს, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა, ასევე სამოქალაქო მოსახლეობას. ეს სრულად შეესაბამება ექიმის პროფესიულ ეთიკას, საერთაშორისო ჰუმანიტარულ ნორმებსა და იმ დაუწერელ პრინციპს, რომლის მიხედვითაც ექიმი ვალდებულია დაეხმაროს ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სამედიცინო დახმარება ესაჭიროება“, - დაწერა ნინო კახნიაშვილმა Facebook-ზე.
ის ასევე აცხადებს, რომ „გაუგებარია“ რუსეთის ფედერაციის მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები და მასზე ძებნის გამოცხადება, ვინაიდან მისი „საქმიანობა არც ერთ ეტაპზე არ გასცდენია ექიმის პროფესიული მოვალეობის, ეთიკური ნორმებისა და საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების ჩარჩოს“.
