რუსეთის ფედერაციამ პატიმრობაში მყოფი ორი ამერიკელის გათავისუფლების სანაცვლოდ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის გადაცემა მოითხოვა - ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
CNN-ის ცნობით, თვის დასაწყისში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის („ეფესბე“) არაფორმალური არხების მეშვეობით, რუსებს კომუნიკაცია ჰქოდათ აშშ-ის წარმომადგენლებთან, რა დროსაც თქვეს, რომ კრასიკოვის გათავისუფლება სურთ. როგორც CNN-ს წყაროებმა უთხრეს, ამერიკულმა მხარემ ეს მოთხოვნა პრობლემურად მიიჩნია, მათ შორის, იმ მიზეზების გამო, რომ კრასიკოვი პატიმრობაში გერმანიაში იმყოფება და კომუნიკაცია არაფორმალური არხებით შედგა.
რუსეთში ნარკოტიკების კონტრაბანდაში ბრალდებული ამერიკელი კალათბურთელის, ბრიტანი გრაინერის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. კანაფის ზეთის შემცველი ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯების რუსეთში შეტანის მცდელობისთვის, მას 10 წლამდე პარტიმრობა ემუქრება. ამერიკის შეერთებული შტატები გრაინერის და კიდევ ერთი პატიმრის, ჯაშუშობისთვის გასამართლებული პოლ უილანის გადაცემას ითხოვს. 2020 წელს, უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. რუსეთი მათი გადაცემის სანაცვლოდ, აშშ-ში იარაღის კონტრაბანდისთვის გასამართლებული ვიქტორ ბუტის გათავისუფლებას ითხოვდა.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა, რომლის ვინაობა არ სახელდება, CNN-ს უთხრა, რომ შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს მაინც ჰკითხეს, შეეძლოთ თუ არა „ვაჭრობაში“ კრასიკოვის ჩართვა. CNN-ის წყარო იმასაც ეუბნება, რომ ეს საკითხი გერმანიის მთავრობაში უმაღლეს დონეზე არასდროს ყოფილა განხილული.
„მესამე ქვეყანაში დაპატიმრებული რუსი მკვლელის გათავისუფლებისთვის ორი უკანონოდ დაკავებული ამერიკელის მძევლად აყვანა არ არის სერიოზული კონტრშეთავაზება. ეს არის გარიგების ჩაშლის არაკეთილსინდისიერი მცდელობა“, – უთხრა CNN-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა, ედრიენ უოტსონმა მას შემდეგ, რაც სტატია გამოქვეყნდა.
CNN-ის თანახმად, ამერიკელი ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ არასერიოზული შეთავაზებებით რუსეთი გრაინერის სასამართლო პროცესის დასრულებამდე დროის გაყვანას ცდილობს.
2021 წლის დეკემბერში ბერლინის უმაღლესმა სასამართლომ დააკმაყოფილა ფედერალური პროკურატურის მოთხოვნა და საქართველოს მოქალაქის, 40 წლის ზელიმხან (თორნიკე) ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს, ვადიმ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობიდან იყო. ის ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.
ხანგოშვილი საქართველოდან გერმანიაში 2015 წელს, მასზე განხორციელებული მორიგი თავდასხმის შემდეგ გაემგზავრა და თავშესაფარს ითხოვდა. ის ბერლინში, მოაბიტის რაიონში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს. ხანგოშვილი პარასკევის ლოცვაზე მეჩეთში მიდიოდა, რა დროსაც ველოსიპედით გამვლელმა თავში ესროლა. ზელიმხან ხანგოშვილი ადგილზე დაიღუპა. მკვლელი, რუსული პასპორტის მიხედვით ვადიმ სოკოლოვი, იმავე დღეს დააკავეს.
გერმანიის ფედერალური პროკურატურის აცხადებდა, რომ ზელიმხან ხანგოშვილი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოკლეს. გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი ქვეყნიდანაც გააძევა. რუსეთის მთავრობა მკვლელობასთან კავშირს უარყოფდა, ხოლო საკუთარი მოქალაქისთვის სამუდამო პატიმრობის მისჯას პოლიტიზებულ გადაწყვეტილებად აფასებდა.
ხანგოშვილის მკვლელობას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და მას „სისხლიანი მკვლელი“ უწოდა: „მხოლოდ ერთი ოპერაციის დროს, კავკასიაში მან 98 ადამიანი მოკლა“.